უცხოელი დიპლომატები „ჰერკულესის“ საქმით დაინტერესდნენ

საქართველოში აკრედიტებული დილპომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს საქართველოს პროფკავშირების, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომელიც ქარხანა „ჰერკლულესის“ გარშემო შექმნილ სიტუაციას შეეხებოდა. შეხვედრას, რომელიც პრესისათვის დახურული იყო, ესწრებოდნენ: აშშ–ს, გერმანიის, ნიდერლანდების, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, უნგრეთის, ესტონეთის, ლიტვის, შვედეთის, შვეიცარიისა და ისრაელის საელჩოების წარმომადგენლები. ასევე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

დიპლომატებს  შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ  გაუკეთბიათ.

 საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირების პრეზიდენტმა ირაკლი პეტრიაშვილმა  ამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა: „ შეხვედრას ჩვენ გამოვიყენებთ , რათა დიპლომატიურ კორპუსს ამ მაგალითით  შევახსენოთ, რომ მსგავსი შინაარსის ფაქტებიც არსებობს”.

ქუთაისში, ქარხანა „ჰერკულესის“ გაფიცულ  თანამშრომელთა საპროტესტო აქცია სამართალდამცავებმა 15 სექტემბერს დაშალეს. აქციის რამდენიმე ათეული მონაწილე პოლიციაში გადაიყვანეს და ახსნა-განმარტებების დაწერის შემდეგ გაათავისუფლეს. შსს-ს მტკიცებით, გაფიცულები ხელს უშლიდნენ საწარმოს მუშაობას და მის პერსონალს შეურაცხყოფას აყენებდნენ.

18 სექტემბერს პოლიციამ აქციის სამი მონაწილე ისევ დააკავა. ქუთაისის სასამართლომ მათ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. პროფკავშირების წარმომადგენელთა განცხადებით კი  დაკავების მიზეზი  გახდა ის, რომ  სამი პიროვნება 15 სექტემბრის ინციდენტი გამო პროკურატურაში საჩივრის შეტანას გეგმავდა.  გავრცელებული ცნობებით, 18 სექტემბერს დაკავებულებმა  აღიარეს  დანაშაული.

საქართველოს სახალხო დამცველმა ”ჰერკულესის”  ირგვლივ  განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პოლიციის ქმედებებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები იკვეთება და ამ საქმის  გამოძიება მთავარ პროკურორს მოსთხოვა.

საწარმოს თანამშრომლები შრომითი პირობების გაუმჯობესებისა და საწარმოდან დათხოვნილი 17 თანამშრომლის სამუშაოზე აღდგენას მოთხოვდნენ.13 სექტემბრიდან  100-მდე მუშამ გაფიცვა გამოაცხადა, ოთხი თანამშრომელი რამდენიმე დღის განმავლობაში შიმშილობდა.

მეტალურგიული ქარხანა "ჰერკულესი" ქართულ-ინდურ შპს "ევრაზიანსთილსის" საკუთრებაა, ქარხანაში 350 საქართველოს და 150 ინდოეთის მოქალაქე არის დასაქმებული.

კომენტარები