ფონდმა ”ათასწლეულის გამოწვევა - საქართველომ” პირველ ხუთ წლიან პროგრამაზე მუშაობა დაასრულა. პროგრამის ფარგლებში აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორთა საბჭომ საქართველოს ხუთწლიანი 295,3 აშშ დოლარის ღირებულების პროგრამა 2005 წლის აგვისტოში დაუმტკიცა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პროგრამას კიდევ 100 მილიონი აშშ დოლარი დაემატა, რის შედეგადაც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება 395,3 აშშ მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ”ათასწლეულის გამოწვევა - საქართველოს” ყოფილი გენერალური დირექტორის გიორგი აბდუშელიშვილის განმარტებით, საქართველოს მთავრობასა და ამერიკის მხარეს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება საქართველოში მეორე პროგრამის განხორციელებაზე, თუმცა ახალი პროგრამის დაწყების კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
„ათასწლეულის ფონდი” აშშ-ის მთავრობის სპეციალური პროგრამაა, რომელსაც აშშ-ის სამთავრობო ორგანიზაცია "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია" ახორციელებს. პროგრამის მიზანია განვითარებად ქვეყნებს სიღარიბის დაძლევასა და ეკონომიკურ განვითარებაში დაეხმაროს. ფონდმა საქართველოში ენერგეტიკული, ინფრასტრუქტურული და სოფლის მეურნეობის პროექტები განახორციელა.




