WikiLeaks არაღიარების პოლიტიკაზე

რუსეთი ყველანაირ ბერკეტს იყენებს იმისთვის, რათა სხვადასხვა ქვეყნების მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას მიაღწიოს. ამის შესახებ   საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებული მასალების კომენტირებისას. საიტზე გამოქვეყნებული   საიდუმლო გზავნილები აშშ-ს მიერ არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერას შეეხებოდა.  კალანდაძის განცხადებით, WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის დადასტურება ან უარყოფა ქართულ მხარეს არ შეუძლია. „თუმცა ის, რომ რუსეთი ამ მხრივ ყველანაირ ბერკეტს იყენებდა, მათ შორის ზეწოლას, არავისთვის ახალი არაა. მეტიც, რუსეთი ამგვარ კამპანიას ამჟამადაც აწარმოებს“,  - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

WikiLeaks-ის მასალების თანახმად, ყოველთვის, როდესაც  რომელიმე ქვეყანა    საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების განხილვას იწყებდა, ქართველი დიპლომატები აქტიურად უკავშირდებოდნენ ამერიკელ და ევროპელ კოლეგებს და ამ პროცესისთვის ხელის შეშლას ითხოვდნენ. ზოგიერთი ამერიკელი დიპლომატი ქართველი კოლეგების ამგვარ საქციელს „მანიაკალურსაც“ უწოდებდა.  სახელმწიფო დეპარტამენტში კი საქართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრისას იმასაც აცხადებდნენ, რომ ვაშინგტონი „ყოვლისშემძლე არ არის“. 

თუმცა, აშშ  სიტუაციაში აქტიურად ერეოდა- როგორც კი სახელმწიფო დეპარტამენტი მიიღებდა ცნობებს იმის შესახებ, რომ რომელიმე ქვეყანაში აღიარების პროცესია ინიცირებული,   ამერიკელი დიპლომატები ადგილობრივ ხელისუფლებას აფრთხილებდნენ არ დაეშვათ ამგვარი ნაბიჯი. განსაკუთრებით შედეგიანი გამოდგა აშშ-ს ძალისხმევა ლათინური ამერიკის ქვეყნებში. 2010 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარებისთვის ეკვადორი ემზადებოდა. აშშ-მ მიმართა ჩილეს, პერუსა და არგენტინას, რათა მათ ეკვადორზე ზეწოლა განეხორციელებინათ.  ამ ჩარევამ შედეგი გამოიღო - ერთ თვეში ქვეყნის ხელისუფლებამ აღიარების გეგმებზე უარი თქვა.

ამერიკელ დიპლომატები მიმოწერაში აღნიშნავენ, რომ ქვეყნებმა, რომლებმაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარეს, ეს ნაბიჯი მოსკოვისგან  მატერიალური ანაზღაურების საფასურად გადადგეს. ნიკარაგუამ, რომელმაც საქართველოს რეგიონები რუსეთის შემდეგ პირველმა აღიარა, მოსკოვისგან საჩუქრად 130 საქალაქო ავტობუსი და პრეზიდენტისთვის სამხედრო ვერტმფრენი მიიღო. საზღაური, რომელიც ვენესუელამ  მიიღო, უფრო სერიოზული იყო - ქვეყანამ რუსეთთან ენერგეტიკისა და იარაღის მიწოდების  სფეროში რამდენიმე მომგებიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ამით რამდენიმე ასეული მილიონო დოლარი მიიღო. ყველაზე კომიკური, დიპლომატების აზრით, ნაურუს მხრიდან აღიარება იყო - წყნარი ოკეანის ჯუჯა-სახელმწიფომ რუსეთისგან 50 მილიონი დოლარი მიიღო.

WikiLeaks-ის თანახმად   თბილისს  განსაკუთრებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ბელარუსის მიერ აღიარება აშინებდა, რომლისთვისაც, შესაძლოა, დსთ-ს რამდენიმე ქვეყანას მიებაძა. საქართველომ  მოუწოდებდა აშშ-სა და ევროპის ქვეყნებს მოსკოვის მოთხოვნის იგნორირებისთვის  ბელარუსისთვის ახალი პროექტები შეეთავაზებინათ, ასევე დამუქრებოდნენ მინსკს ევროპის აღმოსავლური პარტნიორობის პროგრამიდან გარიცხვით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცნობის შემთხვევაში.

მიმოწერიდან ირკვევა, რომ დასავლელ დიპლომატებს  ამ საკითზე ბელარუსის ხელისუფლებასთან არაერთხელ უმსჯელიათ. საბოლოდ, როგორც 2009  წლის ბოლოს მოსკოვში ბელარუსის საელჩოს მრჩეველმა ოლგა დოლგოპოლოვამ ამერიკელ დიპლომატებს განუცხადა, მინსკმა გადაწყვიტა ამ „დელიკატური პრობლემის“ გადაწყვეტა გადადოს, ვინაიდან აღიარება ბელარუსის მიერ დე-ფაქტო რესპუბლიკების მდგომარეობას ვერ შეცვლის. ბელარუსმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ იმ დროისთვის (2009 წლის ბოლოს) რუსეთისათვის აღიარების თემა იმდენად მნიშვნელოვანი არ იყო, როგორც წინა პერიოდში.

 

 

კომენტარები