WikiLeaks: მერაბიშვილი აფხაზეთის შესახებ

საქართველოს სეპარატისტულ  რეგიონებთან დაკავშირებით აშშ-ს პოლიტიკის შესამუშავებლად ამერიკელი დიპლომატები რჩევისათვის საქართველოს შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს მიმართავდნენ. ცნობებს ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩის საიდუმლო დეპეშები შეიცავს, რომელიც  WikiLeaks-მა გამოაქვეყნა. 2007 წლის 11 მაისით დათარიღებულ დოკუმენტში ჯონ ტეფტს მოჰყავს ვანო მერაბიშვილის საუბრები ამერიკელ დიპლომატებთან აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. კერძოდ, ვანო მერაბიშვილმა ფუჭი უწოდა აშშ-ს ელჩის იმედებს , რომ სერგეი ბაღაფშს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში გარდატეხის შეტანა შეუძლია.

„მერაბიშვილმა ბაღაფში დაახასიათა როგორც ბრეჟნევის ეპოქის  ტიპიური ადმინისტრატორი, რომელიც ენერგეტიკულ სფეროში მრავალ კორუფციულ გარიგებაში არის გარეული, რაც რუსებს გავლენის დამატებითი ბერკეტების გამოყენების შესაძლებლობას აძლევს“,  - აღნიშნავს ტეფტი დეპეშაში.

შს მინისტრი არწმუნებდა ამერიკელ დიპლომატებს, რომ ბაღაფში არასდროს წავა არაპოპულარულ ნაბიჯებზე, არ დაარღვევს აფხაზეთში ჩამოყალიბებულ ტრადიციებს და ღიად არ დაუპირისპირდება აფხაზეთში   ეფესბეს-ს მიერ დანიშნულ კადრებს. მერაბიშვილი ასევე ამტკიცებდა, რომ ბაღაფშს სერიოზული პრობლემები აქვს ალკოჰოლიზმთან დაკავშირებით, რაც მის ჯანმრთელობაზე აისახება. ბაღაფში, მისი თქმით,  მმართველობას ფაქტობრივად ჩამოშორდა და საკუთარი მოვალეობები ვიცე-პრეზიდენტ ანქვაბს გადააბარა.  

მერაბიშვილმა ამერიკელებს გაუზიარა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ბაგაფშის სიტყვები, თითქოს აფხაზეთი თავს „ევროპის ნაწილად“ მიიჩნევს ( რაშიც აფხაზთა ლიდერი დასავლელ დიპლომატებს პრივატული საუბრებისას არწმუნებდა) სერიოზულად არ უნდა იყოს აღქმული და დასავლეთის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. 

მერაბიშვილი ასევე სკეპტიკურად იყო განწყობილი აფხაზეთისთვის ეკონომიკური დახმარების მიმართ. მის აზრით, ასეთი გეგმის განხორციელება 10-15 წლის შემდეგ შეიძლება, ახლა კი ის სასურველ ეფექტს ვერ გამოიღებს. შს მინისტრის აზრით,  აფხაზებზე ზეგავლენას მოახდენს იმის გაცნობიერება, რო სერიოზულად ჩამორჩებიან  საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში. თუკი ისინი საერთაშორისო დახმარებას მიიღებენ, შესაძლოა ეს ჩამორჩენა ვერც იგრძნონ - მიიჩნევდა მერაბიშვილი.

 

კომენტარები