პეტრიაშვილის ოქროთი დასრულებული ევროპა

ვარშავაში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა ორი დღის განმავლობაში ოთხი მედალი მოიპოვა. ყველაზე წარმატებული მძიმეწონოსანის, გენო პეტრიაშვილის გამოსვლა გამოდგა. მან სამი შეხვედრა გამართა, სამივეში დამაჯერებლად გაიმარჯვა და საბოლოოდ ოქროს მედალს დაეუფლა. მძიმეწონოსანმა ქართველმა მართლა საოცარი შედეგი აჩვენა. სამ დაპირისპირებაში საერთო ჯამში მოწინააღმდეგეებს 29 ქულა აართვა, თვითონ კი არც ერთი დაუკარგავს, ისე გახდა ევროპის ჩემპიონი.

კიდევ ორ ქართველს ჰქონდა ოქროს მედლის მოპოვების შანსი - შოთა ფანცულაიასა (50 კგ.) და ომარ გურჯიძეს (63 კგ.). ორივე მათგანმა ფინალში იჭიდავა, მაგრამ გამარჯვება ვერც ერთმა შეძლო. აქედან გამომდინარე, ჭაბუკებმა ორი ვერცხლი შემატეს ჩვენს ყულაბას. მესამე ადგილზე დაასრულა ჩემპიონატი ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა - შოთა ფარტენაძემ (54 კგ.).

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან უმედლოდ მხოლოდ ორი სპორტსმენი დარჩა. რამაზ დარჩიძემ (46 კგ.) და გიორგი ჩხარტიშვილმა (76 კგ.) ასპარეზობა ისე დაასრულეს, რომ მედლისათვის ბრძოლის საშუალებაც არ მისცემიათ.

ახლა ტურნირზე ორი დღე გოგონებს დაეთმობა, შემდეგ კი საქმეში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან. 13-14 აგვისტოს პოლონეთის დედაქალაქში საქართველოს სახელს ეს მოჭიდავეები დაიცავენ: რამაზ ზოიძე (42 კგ.), ბაკურ გოგოლი (46 კგ.), ედნარ შავაძე (50 კგ.), გიორგი ტოტიკაშვილი (54 კგ.), შმაგი ბოლქვაძე (58 კგ.), გიორგი თოიძე (63 კგ.), შალვა ხაჩიძე (69 კგ.), ლაშა გობაძე (76 კგ.), კუკური კურცხალია (85 კგ.), ბაკურ კანდელაკი (მძიმე).

 

კომენტარები