
„1996 წელს, როცა ბარსელონაში ხუან მიროს ფონდს ვესტუმრე, მას შემდეგ ლადოს საგამოფენო დარბაზის შექმნის იდეა არ მასვენებდა. მართალია, იქ მასშტაბები გაცილებით დიდი იყო, მაგრამ შევეცადე ყველაფერი თანამედროვე სტანდარტებისათვის მიმეახლოებინა. იმ დროიდან მოყოლებული, წელი არ გასულა, რომ ამ მიმართულებით პატარა ნაბიჯი არ გადამედგა. სირთულე ბევრი იყო, მაგრამ მგონია, რომ შედეგს მივაღწიე. ახლა მთავარი ამ საგამოფენო სივრცის სწორად მართვაა”, – ამბობს ანანო.
საგამოფენო დარბაზი მაისში, ლადო გუდიაშვილის „სატირული გრაფიკის” გამოფენით გაიხსნა. ხელოვნებათმცოდნეები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ასეთი სრულყოფილი სახით მხატვრის ეს ცნობილი ციკლი (73 ნამუშევარი) აქამდე არ გამოფენილა. ტონირებულ ქაღალდზე ტუშით შესრულებული ნამუშევრები მხატვრისთვის რთულ პერიოდში – 1940-50 წწ-შია შექმნილი.

ფოტო: ჩუქურთმა გუდიაშვილი
ექსპოზიცია სავარაუდოდ შემოდგომისთვის შეიცვლება და გრაფიკას გუდიაშვილის ფერწერა ჩაანაცვლებს. რაც შეეხება თავად საგამოფენო სივრცეს, მისი ინტერიერი ერთდროულად მარტივი, კომფორტული და ინოვაციურია. ორი საგამოფენო დარბაზი ორ სართულზეა განთავსებული, რომელთაც ნაწილობრივ ღია სივრცე აერთიანებთ. „ეს საგამოფენო დარბაზი, განათებიდან და საკიდებიდან დაწყებული, მთლიანად მორგებული და გათვლილია ლადოს ნამუშევრებზე. როცა ამ ნაწილობრივ გახსნილ სივრცეს ვაგეგმარებდით, მხედველობაში ლადო გუდიაშვილის მასშტაბური ტილოები გვქონდა. თუმცა არის მე-3 თავისუფალი საგამოფენო სივრცეც, სადაც პერიოდულად სხვა მხატვრები გამოიფინებიან. მაგ: შემოდგომისთვის დაგეგმილია ინგლისელ მხატვართა გამოფენა. გვინდა, რომ ეს საგამოფენო სივრცე ცოცხალი და ქმედითი იყოს”, – აგრძელებს ანანო.

ფოტო: ჩუქურთმა გუდიაშვილი
ანანო მელივა: „მე ყოველთვის თვალყურს ვადევნებ ამ პროცესებს ინტერნეტის მეშვეობით. ლადოს ნამუშევრები Sotheby's-ზე ან Christie's-ზე ძალიან ხშირად არის წარმოდგენილი. ეს ბუნებრივიცაა: პარიზული პერიოდის დროს მისი ბევრი ნამუშევარი დასავლეთში დარჩა. 20-იან წლებში ლადოს პერსონალური გამოფენები ჰქონდა პარიზში, ბელგიაში, აშშ-ში. მისი უამრავი ტილო დასავლურ კერძო კოლექციებში მოხვდა. პრადოს მუზეუმშიც კი ინახება ნამუშევარი. თანაც ცნობილია, რომ ლადო საკმაოდ პროდუქტიული მხატვარი იყო და ნამუშევრებითაც ირგვლივ ბევრს ასაჩუქრებდა. მე შეძლებისდაგვარად ვცდილობ, აღმოვაჩინო მისი ახალი ტილოები და დავადგინო ყოველი ნამუშევრის ადგილ-სამყოფელი. შესაბამისად, გამოფენებთან ერთად იმავე ფუნქციას ითავსებს ეს პროექტიც, ანუ „ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი”.

ფოტო: ჩუქურთმა გუდიაშვილი
ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი, იქვე 9 აპრილის სკვერში მხატვრის სკულპტურით, სამუზეუმო ქუჩის ინტერიერში საკმაოდ ბუნებრივად ჩაეწერება.





