რესპუბლიკელები: ხელისუფლებამ ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო

რესპუბლიკურმა პარტიამ პარლამენტის მიერ რელიგიური გაერთიანებებისთვის საჯარო სამართლის იურიდიულ პიარდ დარეგისტრირების შესაძლებლობის შესახებ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საკუთარი პოზიცია გამოხატა. პარტიის ლიდერების, დავით უსუფაშვილისა და დავით ბერძენიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ ”დაუშვებელია რელიგიური გაერთიანებების სტატუსის ერთგვარი საკრალიზაცია და მისთვის იმაზე მეტი მნიშვნელობის მინიჭება, ვიდრე ამ სტატუსს აქვს. სტატუსი არაფერს სძენს ეკლესიის არსს და ვერც ვერაფერს აკლებს ეკლესიის ბუნებას. ეკლესიისთვის  მინიჭებული სამართლებრივი სტატუსი რეალურად არის იმის გამოხატულება, თუ როგორ ხედავს სახელმწიფო თავის თავს ეკლესიასთან მიმართებით.”

 რესპუბლიკური პარტიის აზრით,  საკითხის გადაწყვეტა მოითხოვს ”საგულდაგულო განსჯას და არა ნაჩქარევად და ხისტად მიღებულ გადაწყვეტილებებს, რადგან ერთხელ უკვე მცდარად დადგენილის შემდგომი კორექტირების მცდელობა ძალიან ძვირად შეიძლება დაგვიჯდეს.” უსუფაშვილის და ბერძენიშვილის თქმით, ამ საკითხზე ”ფართო კონსენსუსის არარსებობა კი გამორიცხავს სტაბილურ სახელმწიფოებრიობას.” წერილში ნათქვამია, რომ ეკლესიას ყველაზე მეტად სახელმწიფოსგან თავისუფლება ესაჭიროება.  

”საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი არის განსაკუთრებული სტატუსი და ეს განსაკუთრებულობა – და არა პრივილეგირებულობა – განპირობებულია ქართველი ერის ისტორიასა და დღევანდელობაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის  ფაქტობრივი როლით. ამგვარი როლი საქართველოს ისტორიაში არ ჰქონია და არა აქვს დღეს არცერთ სხვა რელიგიურ გაერთიანებას,” ვკითხულობთ წერილში. აქვე მითითებულია, რომ ”აუცილებლად საჭიროებს მოწესრიგებას სხვა რელიგიური გაერთიანებების საქმიანობა. დაუშვებელია რაიმე ფორმის დისკრიმინაცია იმ რელიგიური გაერთიანებებისა, რომელთა საქმიანობა არ უქმნის ხიფათს კონსტიტუციურ მართლწესრიგს.”

რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია საქართველოს ხელისუფლების ”ზერელე და აგდებული” დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. ”რელიგიური გაერთიანებებისადმი დამოკიდებულების საკითხი არის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი საკითხი და მისი გადაწყვეტა საჭიროებს ფართო კონსესუსს. ხელისუფლებამ კი მიიღო უაღრესად ნაჩქარევი და სამართლებრივად მიუღებელი გადაწყვეტილება.”

უსუფაშვილის და ბერძენიშვილის თქმით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საგანი არ არის საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება. რელიგიური გაერთიანებების, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირების სტატუსი კი სწორედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განისაზღვრა. რესპუბლიკელების განცხადებით, კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად ”სამართლებრივი აბსურდი მივიღეთ”: ფორმით საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შინაარსობრივად არაკომერციული იურიდიული პირია. ”აშკარაა, რომ საკითხი საჭიროებდა უფრო საფუძვლიან და სწორ სამართლებრივ მოწესრიგებას,” ვკითხულობთ წერილში.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერების თქმით, მათთვის მიუღებელია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისადმი ხელისუფლების ”არაკორექტული” და ”სიცრუეზე დაფუძნებული” ურთიერთობა. ”მხედველობაში გვაქვს ის გარემოება, რომ კონსულტაციებისას ხელისუფლებამ საპატრიარქოს კანონპროექტისადმი დადებითი პოზიციის გამოხატვის სანაცვლოდ შესთავაზა, რომ აიღებდა ვალდებულებას, ეზრუნა უცხოეთსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებზე, ხოლო შემდეგ მწუხარებით გვაუწყა, რომ საპატრიარქომ არ მიიღო ეს შეთავაზება,” აცხადებენ რესპუბლიკელები.

კომენტარები