ფოტოჟურნალისტების დაკავებაზე შსს-მ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა

ფოტოჟურნალისტების დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაშინ ნათქვამია, რომ ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში ზურაბ ქურციკიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე ნათია გედენიძე და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დააკავა.

დაკავებულებს ბრალად ედებათ ”ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება.” შსს-ს განცხადებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

სამართალდამცველებმა დღეს საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ის ფოტოჟურნალისტი, შახ აივაზოვიც დააკავეს, თუმცა ის რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს. აივაზოვის თქმით, ის მოწმის სტატუსით დაკითხეს. მან თქვა, რომ სამართალდამცველები ”კორექტულად ექცეოდნენ”.

კომენტარები