ალბათ ყველაზე უფრო დამახასიათებელი ფუნქცია ჯგუფისა, რომელსაც ქართულ საბჭოთა ინტელიგენციას უწოდებენ, კოლექტიური მეხსიერების შენახვა და გადაცემაა. მეხსიერების ეს ფორმა იმ მთავარ ისტორიულ ეპიზოდებს მოიცავს, რომლის დროსაც ეს ჯგუფი აქტიურად გამოდიოდა ასპარეზზე. მეხსიერების შენახვის ფუნქციამ მთელი სისტემა წარმოქმნა, რომელიც ინტელიგენციის ქცევის ნორმებს აწესებს. მისი მეშვეობით ინტელიგენცია თავის როლსა და ადგილს ადგენს სოციუმში. ამ სისტემის გააზრებით შეგვიძლია ავხსნათ ხელისუფლებასთან ინტელიგენციის თანამშრომლობის ან პირიქით, მის წინააღმდეგ ჯანყის მიზეზებიც. კოლექტიური მეხსიერების ხსენებულ სისტემას თავისი კერპები ჰყავს და არქეტიპები განსაზღვრავს, რომლებიც ჯგუფის წარმომადგენლის იდენტობას წარმოქმნის და მას საკუთარი ვინაობისა და მისიის დავიწყების საფრთხისგან იცავს.
2. მეხსიერების მეორე ხატი სტალინი და მისი რეპრესიებია. ინტელიგენციის მეხსიერება ინახავს იმ ფაქტს, რომ იგი, ნაწილობრივ, თვითონვე აღმოჩნდა მსხვერპლიცა და საკუთარი თავის ჯალათიც. ვთქვათ, თუ ერთი მწერალი, მეორეზე წერდა „დანოსს”, ამასობაში მეორე მესამეს, მესამე მეოთხეს, ხოლო მეოთხე ისევ პირველს დაასმენდა ხოლმე. სიკვდილისა და წამების ამ წრიდან ამოვარდნა მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივი ან საკავშირო ბელადის პირადი სიმპათიის გამოვლენის შედეგად იყო შესაძლებელი. თუმცა იყვნენ ადამიანები, რომლებიც იმთავითვე ამ წრის მიღმა იდგნენ, მაგრამ მათ, როგორც წესი, არანაირი თანამდებობა, საზოგადოებრივი აზრის პყრობა, კომუნიზმის რუპორობა და პრივილეგიები არ სჭირდებოდათ. ისინი არ იყვნენ გაწევრიანებულები პროფესიულ კავშირებსა და პარტიაში, არ იღებდნენ ორდენებს, პრემიებსა და ჰონორარებს, ისინი შეგუებულნი იყვნენ იმას, რომ მათ არავინ სცნობდა და აფასებდა. ჩვეულებრივები, სხვებისგან არაფრით გამორჩეულები იყვნენ. ერთი ამათგანი, მაგალითად, პოეტი ნიკო სამადაშვილი იყო.
საბოლოო ჯამში, სტალინმა და რეპრესიებმა ქართული ინტელიგენციის ცნობიერებას, ხელისუფლებისადმი მონური შიში და მისგან აღმოცენებული უკიდეგანო სიყვარული, ბელადისადმი მამაშვილური სიახლოვისკენ ლტოლვა უსახსოვრა. კომუნიზმმა ღმერთი, როგორც ინტელიგენტის ლეგიტიმაციის წყარო, მოხსნა, მაგრამ იგი ამის გამო არ გაორებულა, რადგან ღმერთის ადგილი სტალინმა დაიკავა – ინტელიგენციის წარმომადგენლები ახლა უკვე მასთან მუსაიფით მიუძღოდნენ ერს ნათელი მომავლისკენ. ამავდროულად, სტალინის ხატება, ტირან მამასთან ერთად, საყოველთაო სოსოსაც მოიცავდა – ხალას ქართველ პოეტ ჭაბუკს, რომელსაც ქინძმარაული და „გაფრინდი შავო მერცხალო” ძლიერ უყვარდა. ამიტომ მსოფლიო ბელადის ქართველობამ ინტელიგენციაში ლოკალური (რესპუბლიკური) მასშტაბის საბჭოთა პატრიოტიზმი წარმოშვა, რომელიც, ერთი მხრივ, გასაგები მიზეზის გამო, რუსოფილური იყო, ხოლო, მეორე მხრივ, არმენოფობური – ქვათა ღაღადის კვალობაზე. ინტელიგენციამ სტალინის ეპოქაში შექმნა რესპუბლიკა – ბაღნარის, სოლნეჩნაია გრუზიას, კომუნისტური სამოთხის შესახებ წარმოდგენა – ფილმები, რომანები, პოემები, ისტორიული და ლინგვისტური კვლევებიც კი სწორედ ასეთი კალკის მიხედვით აღწერენ ქართულ სამყაროს. სტალინური ინტელიგენციის იდეალურ სახედ კოწია-კონსტანტინე გამსახურდია შეიძლება მივიჩნიოთ, რომელიც დაშვებული და მხარდაჭერილი პატრიოტიზმით, მისი არქაიზებული ენით, პროზისა და პრივილეგიების იგავმიუწვდომელ მწვერვალებს ლაშქრავდა.
საინტერესოა, რომ ამ პერიოდში ხელისუფლებისგან დაუკითხავად ფაქტობრივად არ შექმნილა პიესა, სცენარი, პოეტური თუ პროზაული ტექსტი – ხომ შეეძლო, ვთქვათ, ერისთვის დამაშვრალ რომელიმე მურმანს ღიად და დაუნდობლად ანტისაბჭოური, ანტიკომუნისტური და შემდეგ თუნდაც შიშით უჯრაში გადამალული ლექსი დაეწერა? პირიქით, ამ დროის საბჭოთა ინტელიგენციამ ირწმუნა, რომ მან შეუძლებელი შეძლო – ღმერთთანაც და წითელ ეშმაკთანაც ერთდროულად გამონახა სალაპარაკო ენა, უფრო მეტიც, ერთმანეთთან დააკავშირა ისინი საერთო ეროვნული საქმის საკეთებლად. ხელისუფლება დაძმაკაცდა ინტელიგენტთან, პლენუმებსა და პარტიულ ყრილობებზე, რესტორნებსა და საუნებში ისმენდა მის ღრმა განაზრებებს, კითხულობდა მის წიგნებს, ესწრებოდა მის პრემიერებს, მისთვის უშურველად იძენდა ბინებსა და აგარაკებს, აგზავნიდა მას კაპიტალისტურ ქვეყნებში, აკურთხებდა მის შემოქმედებით გმირობებს. იდეოლოგიური მოტივაციის გამო, თუ არ ვცდები, ერთადერთი, რეალურად აკრძალული ფილმი, ერთადერთი ნამდვილი კულტურული შოკი, რომელიც შევარდნაძის თანხმობით ჯერ გადაიღეს, ხოლო შემდეგ, პერესტროიკის დაწყებამდე, თაროზე შემოდეს, „მონანიება” იყო. ეს კინოსურათი საბჭოთა ინტელიგენციის მთავარი ტრავმის, მთავარი კომპლექსის – რეპრესიებისა და ტირანი მამისადმი შიშის დაძლევის მცდელობა იყო. მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ, საბოლოო ჯამში, „მონანიება” კოლექტიურ მეხსიერებაში ჩაბუდებული კოშმარისა და სირცხვილის გადალახვას მოდერნიზებული ჩინოვნიკისა (აბელის) და ინტელიგენციის მესიანისტური როლის წინა პლანზე წამოწევის მეშვეობით ცდილობდა – ფილმის ბოლოს ვერიკო ანჯაფარიძის პერსონაჟი ისევ ტაძრისკენ სავალ გზაზე მიუთითებდა ერს.
ამ ფონზე სულაც არ არის უცნაური, რომ ტაძრის მაძიებელი ეროვნულ-ნომენკლატურული ინტელიგენციის მთავარი „მტერი”, მისი მუდმივი წუხილის წყარო, მისი სინდისის მქენჯნავი მოვლენა საბჭოთა ტოტალიტარული იმპერია კი არა, ამ იმპერიასთან მებრძოლი ათიოდე დისიდენტი გახდა. რეჟიმსა და ინტელიგენციას შორის გარიგების ერთ-ერთი მთავარი „ეროვნული” (უთუოდ პოზიტიური) შედეგი შევარდნაძის ინიციატივით წამოწყებული ქართული ენის დაცვის პროცესი იყო. ინტელიგენციისა და დისიდენტების დაპირისპირების საილუსტრაციოდ კი იმ დღეებში მომხდარი ერთი ამბავი უნდა გამოვიყენო: მანიფესტანტებს შორის ორმა გაბედულმა ადამიანმა წამოიძახა: „თავისუფლება ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას (რომლებიც მაშინ სულ ახალი დაკავებულები იყვნენ)”, მაგრამ მათი ხმა უმალვე ჩაახშო კოლექტიურმა შეძახილმა: „რა დროს ეგენია”. მთავარი, რაც დისიდენტებსა და ინტელიგენციას განასხვავებდა, თავისუფლების ხარისხი იყო. მაგალითად, მწერალთა კავშირიდან ზვიად გამსახურდიას გარიცხვის საქმე თავისუფლების იმ მინიმალური მოცულობის შესახებ გვაუწყებს, რომლითაც სარგებლობდა, როგორც მას დისიდენტები უწოდებდნენ, „წითელი” ინტელიგენცია. მწერალთა კავშირის რიგებიდან გამსახურდიას გარიცხვის წინააღმდეგ არავინ მისცა ხმა. ამის გაკეთება ისეთმა „მიღმა გასულმა” პოეტმაც კი ვერ მოახერხა, როგორიც ანა კალანდაძე იყო.
ალბათ ზედმეტია იმის თქმა, რომ საბჭოთა ინტელიგენციის სხეული ერთგვაროვანი არ ყოფილა: მისი წარმომადგენლები იყვნენ ნიჭიერები და უნიჭონი, ყალბები და ალალები, გამბედავნი და ლაჩრები, განდეგილები და კაი პურის მჭამელები, ჭკვიანები და უჭკუოები, ფაქიზები და მოუხეშავნი. ცხადია, ყველას ერთი საზომით ვერ შეაფასებ, მაგრამ იმის აღიარება მაინც მოგვიწევს, რომ ნებისმიერი მათგანი, ვთქვათ, იოსიფ ბროდსკისგან განსხვავებით, იმპერიის ტოტალიტარული ზრუნვის პროდუქტი და მსხვერპლი იყო. მათ საბჭოთა სისტემის შიგნით ჰქონდათ მიჩენილი ადგილი და განსაზღვრული ჰქონდათ ფუნქცია. სხვა თუ არაფერი, ინტელიგენციის წარმომადგენლებმა ზუსტად იცოდნენ ამ ადგილის დაკარგვის პირობის შესახებ – იცოდნენ, რისი თქმა იყო ნებადართული და რისი – არა. ამიტომ ისინი იმასაც კარგად ხვდებოდნენ, რომ მათ მიერ შექმნილი საუკეთესო პროდუქციაც კი, ერთბაშად კარგავდა ყოველგვარ ხიბლს დისიდენტური სიტყვის ფონზე. ინტელიგენციის მიერ შემუშავებული ანტისაბჭოური სახისმეტყველების მთელი კომპლექსი მხოლოდ კარის მასხარაობა იყო ღია პროტესტისა და შეულამაზებელი სიმართლის წინაშე.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ წამოწყებულმა მოდერნიზაციამ, ქართული საბჭოური რეალობის შეცვლის მცდელობამ საბოლოოდ გააშიშვლა ნომენკლატურული ინტელიგენციის ნამდვილი შესაძლებლობები, შიდა თუ გლობალურ კულტურულ ბაზარზე დაადგინა მისი რეალური წონა, რომელიც ხშირ შემთხვევაში უკვე ერთ თეთრადაც კი აღარ ფასობს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების მიერ კონსტრუირებული ახალი საქართველოს სურათში არც ინტელიგენციასთან გარიგება, არც მასზე მამობრივი მზრუნველობის და არც ერის გასანათლებლად მისი მიშვების გეგმები აღარ იყო გამოკვეთილი. პირიქით, იგი საბჭოური მეხსიერებისგან გათავისუფლებას, მისგან მაქსიმალურ, ზოგჯერ საკმაოდ აგრესიულად გამოხატულ დისტანცირებას შეეცადა, თუმცა ხანგამოშვებით ინტელიგენციის მოსყიდვის ცდუნებები აწვალებდა და დღემდე აწვალებს ხოლმე.
აქ და ახლა საბჭოთა ყაიდის ინტელიგენციის განწყობის გამოსახატავად პუტინის ცნობილი ნათქვამის მოხმობა შეგვიძლია იმის შესახებ, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევა დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო. გვინდა თუ არ გვინდა ამის აღიარება, ფაქტია, რომ რუსული საბჭოთა იმპერია ინტელიგენციის შემოქმედებითი აქტივობისა და მატერიალური კეთილდღეობის წყაროს წარმოადგენდა. ისიც ფაქტია, რომ დასავლეთში ჩვენი ინტელიგენციის პროდუქცია უმეტეს შემთხვევაში არ საღდება. ამიტომაც ენატრება მას საბჭოეთი, რუსული ფული, პრემიები და მოსკოვური პრემიერები. ქართული ინტელიგენციისთვის შეუდარებლად საინტერესო და მშვენიერი იყო ცხოვრება უზარმაზარი ქვეყნის ტერიტორიაზე, რომლის დედაქალაქებში მის წინაშე ხანგრძლივი აპლოდისმენტებით გამოხატავდნენ აღფრთოვანებას. ფაქტია, რომ დღეს ეს ოვაცია მას იშვიათად ან საერთოდ აღარ ესმის. ამან განაპირობა, რომ მის ახალ „მტრად” იქცა ყველაფერი ის, რაც პრინციპულად ანტისაბჭოურია: კაპიტალიზმი, ლიბერალიზმი, რელიგიის თავისუფლება, პიროვნების თავისუფლების კულტურა, გლობალიზაცია, ამერიკა, თავისუფალი ჩაცმა-დახურვა თუ სექსი – ზოგადად დასავლეთი.
ამიტომაა, რომ ოდესღაც თითქოს პროგრესული საბჭოთა ინტელიგენცია, დღეს უმეტეს შემთხვევაში კულტურულ და რელიგიურ ფუნდამენტალიზმს, იზოლაციონიზმს, ქსენოფობიას, რასიზმს არის ამოფარებული და ვაჟკაცობისა და ქალიშვილობის ინსტიტუტების სადარაჯოზე დგება. მისი ფარისევლური მორალი ყველაზე უფრო დაცულად და კომფორტულად ამ სიბინძურეში გრძნობს თავს. რადგან ინსტინქტურად აქ ხედავს საკუთარი სიცარიელის, უნიათობის დამალვისა და თვითგადარჩენის ერთადერთ შანსს.
მაგრამ იგი იმასაც ხვდება, რომ თავის გადასარჩენად საკმარისი აღარ არის მხოლოდ ღმერთთან (პატრიარქთან) ლაპარაკი. „სოლნიჩნაია გრუზიას”, მისი მეხსიერების სისტემის რესტავრაციას კიდევ ორი კომპონენტი აკლია – ხელისუფლებასთან გარიგება და რუსული გავლენის ზონაში დაბრუნება. ერთიცა და მეორეც სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში მას უკვე წარმოუდგენლად ეჩვენება. ამიტომ მას ისევ თავისი ბოლო არქეტიპის გაცოცხლება სურს და მისთვის გამოუსადეგარი ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყებას ცდილობს: რობერტ სტურუა სააკაშვილს სომხობას აბრალებს, ხოლო სახალხო კრების ლიდერები ხელჯოხებსა და ფარებს იმარჯვებენ და მთავრობის დასამხობად ირაზმებიან. წესით, ამ კასტას დიდი ხნის სიცოცხლე აღარ უნდა ეწეროს.