ნეთანიაჰუ: მზად ვართ მტკივნეულ კომპრომისებზე წავიდეთ

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/nah.png##fbimage#
 ისრაელი მზად არის პალესტინელებთან მშვიდობის მისაღწევად „მტკივნეულ კომპრომისებზე წავიდეს“ და პალესტინის სახელმწიფოს შექმნას დათანხმდეს. ამის შესახებ განცხადება ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ს კონგრესში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. თუმცა, ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ უარყო აშშ-ს პრეზიდენტის, ბარაკ ობამას შეთავაზება და განაცხადა, რომ ისრაელი არ დაუბრუნდება 1967 წლის ექვსდღიან ომამდე არსებულ საზღვრებს.

„ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებაში, რომელიც ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს დაასრულებს, უნდა ეწეროს, რომ ისრაელის დასახლებების ნაწილი ისრაელის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს გარეთ დარჩება,“ აღნიშნა ნეთანიაჰუმ „საზღვრების საკითხი დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს. რაც შეეხება პალესტინის სახელმწიფოს ზომებს, ეს დიდსულოვანი შეთანხმება იქნება, თუმცა, როგორც პრეზიდენტმა ობამამ თქვა, საზღვრები არ იქნება ისეთი, როგორიც 1967 წლის ომამდე იყო. ისრაელი ამ დაუცველ საზღვრებს არ დაუბრუნდება.“

გასულ კვირას ობამამ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებები მიმართული უნდა იყოს ”სიცოცხლისუნარიანი პალესტინისა” და ”უსაფრთხო ისრაელის” ჩამოყალიბებისთვის.

”აშშ მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების შედეგად ორი სახელმწიფო უნდა შეიქმნას და მუდმივი საზღვრები უნდა დადგინდეს,” აღნიშნა ობამამ ”საზღვარი ისრაელსა და პალესტინას შორის უნდა გადიოდეს იმ ტერიტორიებზე, რომელიც ორმხრივი შეთანხმების შედეგად დადგინდა 1967 წელს,” დასძინა მან. ეს შეთავაზება მაშინ ნეთანიაჰუმ კატეგორიულად უარყო. მოგვიანებით ნეთანიაჰუ და ობამა ვაშინგტონში შეხვდნენ ერთმანეთს და ოფიციალურად აღიარეს, რომ საზღვრებთან დაკავშირებით მათ შორის „აზრთა სხვადასხვაობაა.“

პალესტინელმა ოფიციალურმა პირებმა ისრაელის პრემიერ მინისტრის გამოსვლა გააკრიტიკეს. მათი თქმით, ნეთანიაჰუს შეთავაზებები ორ ქვეყანას „მშვიდობამდე ვერ მიიყვანს,“ პირიქით, „მეტ დაბრკოლებებს“ გამოიწვევს. „მის გამოსვლაში ახალი არაფერი იყო გარდა იმისა, რომ მან ახალი დაბრკოლებები შეუქმნა ჭეშმარიტი, სერიოზული, გრძელვადიანი და ყოველმხრივი მშვიდობის ჩამოყალიბებას,“ აღნიშნა პალესტინის ლიდერის, მაჰმუდ აბასის სპიკერმა, ნაბილ აბუ რუდეინამ. 

კომენტარები