სტროს-კანი სასამართლოს წინაშე დღეს წარსდგება

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/strs.png##fbimage#
გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით დაკავებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი, დიმინიკ სტროს-კანი სასამართლოს წინაშე დღეს წარსდგება. 62 წლის სტროს-კანმა ღამე ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის სპეციალურ კამერაში გატარა. სასამართლო პროცესის დაწყება იმის გამო გადაიდო, რომ გამომძიებლებმა ეჭვმიტანილის სამედიცინო გამოკვლევა მოითხოვეს. ადვოკატების თქმით, სტროს-კანი კრიმინალისტური ექსპერტიზის ჩატარებას საკუთარი ნებით დათანხმდა.

 სტროს-კანი, რომელიც საფრანგეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში სოციალისტური პარტიის კანდიდატად და პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მთავარ კონკურენტად მოიაზრებოდა,  ნიუ იორკის პოლიციამ შაბათს დააკავა. მას ბრალად ედება ერთ-ერთი სასტუმროს თანამშრომელი ქალის გაუპატიურების მცდელობა, სექსუალური ხასიათის ძალადობა და ადამიანის თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვა.

სასტუმროს 32 წლის დამლაგებელმა ქალმა პოლიციელებს განუცხადა, რომ სტროს-კანი სააბაზანოდან შიშველი გამოვიდა და ის საძინებელში შეათრია. დაზარალებულის ჩვენების მიხედვით, მამაკაცი ცდილობდა ის სასტუმროს ნომერში ჩაეკეტა. დამლაგებელმა გაქცევა მოახერხა და ინციდენტის შესახებ ადმინისტრაციას აცნობა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა კი სასტუმრო ნაჩქარევად დატოვა და აეროპორტისკენ გაემართა, თუმცა ის თვითმფრინავში ასვლისთანავე დააკავეს.

სტროს-კანი ყველა ბრალდებას უარყოფს. მისმა მეუღლემ, ანა სინკლერმაც განაცხადა, რომ მეუღლის უდანაშაულობაში დარწმუნებულია. „მე ოდნავაც არ მჯერა იმ ბრალდებების, რომლებიც ჩემს ქმარს წაუყენეს,“ აღნიშნა მან. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები კი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. ორგანიზაციის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. სტროს-კანის არყოფნის პერიოდში კი მის მოვალეობებს მისი მოადგილე, ჯონ ლიპსკი შეასრულებს.

 

ფრანგი ჟურნალისტებისა და პოლიტოლოგების აზრით, სქესობრივ ძალადობასთან დაკავშირებული ინციდენტი სტროს-კანის პოლიტიკურ კარიერას წერტილს დაუსვამს, იმის მიუხედავად, თუ როგორ დასრულდება სასამართლო პროცესი. 

კომენტარები