„ერთ წამში ჯოჯოხეთში აღმოვჩნდი. მაცოცდებოდნენ საშინელი ცეცხლოვანი გველები, გრძელი ენები ჰქონდათ, და ამ ენებიდან ცეცხლი იფრქვეოდა. სხვა ყველანაირი ქვემძრომნიც იყვნენ. ენით გამოუთქმელი სიმყრალე იდგა. თითის სიმსხო პატარა გველები შემიძვრნენ ნესტოებში, თვალებში, ყურებში, პირში, ყველგან...“ - ასე აღწერა ჯოჯოხეთის სცენა კლავდია უსტუჟიანინამ, რომელიც, თუ მეოცე საუკუნის მართლმადიდებლური სასწაულების კრებულს ვენდობით, 1964 წლის 19 თებერვალს, რუსეთში, ქალაქ ბარნაულში გარდაიცვალა და ოთხი დღის შემდეგ, მორგში გაცოცხლდა.
საშუალო სტატისტიკური მორწმუნის წარმოდგენებში ჯოჯოხეთი კლავდიას მიერ აღწერილ კოშმარს ჰგავს. ის სადღაც იმქვეყნიურ სივრცეში ღმერთმა ურჩი ადამიანების დასასჯელად შექმნა. უნდა ითქვას, რომ ამგვარი აღქმა ქრისტიანული თეოლოგიის პრინციპებს ეწინააღმდეგება. იმქვეყნიურის მატერიალური, ჩვენთვის ნაცნობი კატეგორიებით აღწერა მხოლოდ სიმბოლურად თუ შეიძლება. სიკვდილისშემდგომი ცხოვრების საშინელებათა ფილმის სცენარის მიხედვით წარმოსახვა კი ქრისტიანულ რწმენას საბავშვო ზღაპრად აქცევს.
ჯოჯოხეთის შესახებ სწავლებამ საუკუნეების განმავლობაში უამრავი კითხვა გააჩინა: სად არის ჯოჯოხეთი? მოხვდება თუ არა იქ ყველა არაქრისტიანი? არის თუ არა მარადიული სასჯელი პროპორციული ამქვეყნიური დანაშაულისთვის? შუა საუკუნეებში ეკლესია ჯოჯოხეთს ძირითადად წარმოიდგენდა, როგორც ადგილს მიწაზე, მიწის ქვეშ ან მზეზე - სადაც ღმერთი ადამიანებს მიყენებული შეურაცხყოფის გამო სჯიდა და სხვადასხვა ტკივილს სამარადისოდ განუსაზღვრავდა. დროთა განმავლობაში, წარმოდგენები იხვეწებოდა, თუმცა ჯოჯოხეთის მატერიალიზების პრაქტიკა დღესაც პოპულარულია.
თეოლოგიის ერთი მიმართულების მიხედვით, ვინც ქრისტიანი არ არის, საუკუნო სატანჯველს ვერ ასცდება. თუ ამ აზრს გავყვებით, ღმერთი შეუგნებელ სადისტად გადაიქცევა, რადგან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ქრისტიანობის შესახებ ადამიანებს საერთოდ არ სმენიათ და ამაში დანაშაული არ მიუძღვით. ამ ექსკლუზივისტური თეოლოგიის მიხედვით, თვით უნათლავი ჩვილებიც კი ვერ ასცდებიან საუკუნო ტანჯვას, რადგან მხოლოდ მონათლულებს შეუძლიათ სამოთხეში მოხვედრა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც ასე ასწავლის: „მეორედ შობის, ანუ ცოდვათაგან განწმენდის გარეშე სასუფევლის დამკვიდრება, ანუ სულის ცხოვნება შეუძლებელია“ - ქრისტიანული სწავლების ამგვარი გაგება, ხშირად უწყობს ხელს სხვა რელიგიებისა თუ კონფესიების მიმართ არატოლერანტულ დამოკიდებულებას. არის შემთხვევები, როცა მორწმუნეები ცდილობენ არამართლმადიდებლები ჯოჯოხეთის ცეცხლს ამქვეყნადვე გამოსტაცონ და ცოდვის ჩადენის საშუალება თუნდაც ძალადობის გზით მოუსპონ. ეს, სხვა ენაზე, უბრალოდ დისკრიმინაციას ნიშნავს.
ჯოჯოხეთი იმ ბოროტმოქმედი ადამიანის შინაგანი მდგომარეობაა, რომელმაც თავისუფალი ნებით უარი უთხრა ღმერთს, როგორც სიხარულისა და ბედნიერების ერთადერთ წყაროს. მეორე მხრივ, არსებობს ე.წ პოლიტკორექტული თეოლოგია. ის ცდილობს, ჯოჯოხეთის სწავლება უარყოს და ამით ქრისტიანობა მითოლოგიზებისგან დაიცვას. ღვთისმეტყველების პოლიტკორექტული მიმდევრები ფუნდამენტალისტების მისამართით ხშირად სვამენ რიტორიკულ შეკითხვას: „ნუთუ განდი ჯოჯოხეთშია?“ - და ცდილობენ დადებითი პასუხის აბსურდულობაზე მიგვანიშნონ. მათი სწავლებით, ღმერთი საბოლოოდ ყველას აცხოვნებს.
საქმე ის არის, რომ ქრისტიანული სწავლება, მთელი მისი დოგმატური სისტემით, თანამედროვე სამყაროსთვის მეტისმეტად ველურად და არაჰუმანურად გამოიყურება. ჯოჯოხეთის შესახებ ქადაგება კი ქრისტიანობის უფრო მეტად გაკიცხვის საგანი ხდება. ღვთისთვის ბოროტი და ჭირვეული მოხუცის იარლიყის ჩამოხსნის სურვილი იმდენად დიდია, რომ ქრისტიანთა ნაწილი ვერ უძლებს ცდუნებას, გადავიდეს იუდეო-ქრისტიანული ტრადიციიდან და ჯოჯოხეთის უარყოფით დაკავდეს. როგორც ერთმა კათოლიკე მღვდელმა აღნიშნა, ამგვარი ქრისტიანების ლოცვა ასეთია: „უფალო, იჯექი წყნარად და მშვიდად, გვაცადე შენი გაფუჭებულის გამოსწორება“. მას შემდეგ, რაც ისინი ქრისტიანობას სახარებისეული სწავლების შელამაზებით „გააჰუმანურებენ“, ღმერთი უკვე აღარ გამოიყურება შემზარავად. თანამედროვე ადამიანებისთვის ის ბევრად ეთიკური და მისაღები ხდება, ვიდრე ის, რომელიც მათ საუკუნო სატანჯველისთვის გაიმეტებდა.
არსებობს თეოლოგიის მესამე მიმართულება, რომელიც სახარების სიუჟეტის საკუთარი ინტერესების შესაბამისად ინტერპრეტირებას მის სიღრმისეულ განმარტებას არჩევს. ბოროტების წარმომავლობას ის თავისუფალი ნების შესახებ სწავლებით ხსნის. ამ ღვთისმეტყველებისთვის ამოსავალი წერტილი ისაა, რომ ღმერთმა ადამიანს თავისუფალი ნება მისცა. მას შეუძლია გააკეთოს არჩევანი, შესაბამისად, თავისუფალია იყოს კეთილი ან ბოროტი, სამართლიანი ან უსამართლო. სამყაროში არსებული ყველა ბოროტება, ადამიანების არჩევანია და არა იმ ღმერთის, რომელმაც ის თავისუფლებით დააჯილდოვა. საინტერესოა, რომ ეს თეოლოგია ჯოჯოხეთს არ წარმოგვიდგენს ადგილად, გამოყოფილ სივრცედ, სადაც ჭიებსა და გველებს სატანჯველად გვთავაზობენ - ბოლოს და ბოლოს ისინი აღმოსავლურ სამზარეულოში სულაც არ გამოიყურებიან საზარლად. მართალია, ყველა ადამიანი იქ ხვდება, სადაც ღმერთი სუფევს, მაგრამ ყველა ერთნაირად არ განიცდის ღვთიურ ნეტარებას.
ჯოჯოხეთი იმ ბოროტმოქმედი ადამიანის შინაგანი მდგომარეობაა, რომელმაც თავისუფალი ნებით უარი უთხრა ღმერთს, როგორც სიხარულისა და ბედნიერების ერთადერთ წყაროს. ამ უარყოფას ლოგიკური შედეგი მოჰყვა - რადგან მხოლოდ ღმერთია სიხარულისა და ბედნიერების ერთადერთი წყარო, ის, ვინც ამ ერთადერთ წყაროსთან ურთიერთობაზე ამბობს უარს, ავტომატურად ამბობს უარს, იყოს გახარებული და ბედნიერი. ჯოჯოხეთად განიხილება ის ტანჯვა, რომელსაც ბოროტმოქმედი ადამიანი ღვთიურ ნათელში გრძნობს. ერთი მხრივ, ის ხვდება საკუთარი არჩევანის აბსურდულობას, მეორე მხრივ - მას კიდევ უფრო მეტად სძულდება სიკეთე. ცოდვებით დამძიმებული სული ისევე ვერ უძლებს ღვთიურ სიკეთეს, როგორც ზღაპრული ვამპირები მზეს. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს სურს ადამიანთა სიხარული, მას არ შეუძლია ადამიანს თავი შეაყვაროს და ამ გზით მისი თავისუფალი ნება მოსპოს.
შესაბამისად, „სასჯელი“ განიხილება „თვითსასჯელად“, ცოდვის შედეგად, რომელმაც იმდენად დააზიანა ადამიანის ბუნება, რომ მის სულს აღარ შეუძლია ნამდვილი სიხარულით დატკბეს.
როგორც „ნარნიას ქრონიკების“ ავტორი, კლაივ ლიუსი თავის წიგნში „დიდი გაყრა“ წერდა - საბოლოოდ არსებობენ ორი ტიპის ადამიანები, ისინი, ვინც ღმერთს ეუბნებიან: „დაე იყოს ნება შენი“ და ისინი, ვისაც ღმერთი ეუბნება: „დაე იყოს ნება თქვენი“. თუ ღმერთი საბოლოოდ ყველას აცხოვნებს, მას მოუწევს ადამიანის თავისუფალი ნება სიყვარულის ტირანიის ქვეშ მოაქციოს. ამასთან, გწამდეს ღმერთის, მაგრამ არა ჯოჯოხეთის, საბოლოო ჯამში ნიშნავს - არ გწამდეს ადამიანური არჩევანის რეალურობის. თუ არ არის საშუალება თქვა „არა“ სიკეთეზე, მაშინ არც ერთ ჩვენს „დიახ“-ს სიკეთისადმი რეალური მნიშვნელობა არ აქვს.
„განდი ჯოჯოხეთშია?“ ამ კითხვაზე ხსენებული თეოლოგიის მიმდევრები პასუხობენ, რომ ის, ვისაც არ ჰქონდა საშუალება, ამ ქვეყნად გეოგრაფიული, კულტურული ან სხვა ობიექტური გარემოებების გამო დადებითად ეპასუხა ღვთის სიყვარულზე, ბუნებითი სინდისით განისჯებიან. ხოლო თუ განდის ფუნდამენტალისტთა ჯოჯოხეთიდან გათავისუფლებას, მარტივად, ჯოჯოხეთის უარყოფით შეეცდებიან, საპირისპირო კითხვა შეიძლება დაისვას: „სტალინი სამოთხეშია?“




