მართვის მოწმობა 17 წლის მოზარდებისთვის

შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროების ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივით, სკოლებში ახალი სავალდებულო საგნის სწავლება  „საგზაო ნიშენები და მოძრაობის უსაფრთხოება“ დაინერგება.  კანონპროექტის მიხედვით მართვის მოწმობის აღება   17 წლის მოზარდებს შეეძლებათ. ახალი ინიციატივის დეტალები  მინისტრებმა ჟურნალისტებს დღეს, მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკოფერენციაზე გააცნეს.

ახალი ინიციატივის შედეგად ცვლილებები  „ერთიან სასწავლო გეგმაშიც“ შედის. ვინიდან ამ გეგმით კერძო სკოლებიც ხელმძღვანელობენ ახალი საგანი  კერძო საგანმანათლებლო სკოლებისთვისაც სავალდებულო იქნება.

ამ ზაფხულს დაიბეჭდება სპეციალური სახელმძღვანელოები და დამხმარე ლიტერატურა, რომელიც მოსწავლეებს საგნის შესწავლას გაუადვილებს, ხოლო პედაგოგები პოლიციის აკადემიაში გადამზადდებიან. სავალდებულო სასწავლო კურსში მხოლოდ თეორიული სწავლება შედის,  პრაქტიკას მოსწავლეები  ავტოსკოლებში გაივლიან.

კანონპროექტის მიხედვით, მოსწავლეებისთვის, რომლებიც სკოლაში შესაბამისი კურსის  გავლის შემდეგ ჩათვლას მიიღებენ, მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდაზე გასვლა უფასო იქნება. გამოცდის  წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში 17 წლის მოსწავლე A და B კატეგორიების  მართვის მოწმობას უფასოდ მიიღებს. ამასთან, უფასო იქნება  მართვის მოწმობის ასღებად გამოცდაზე გასვლის მხოლოდ პირველი მცდელობა.

როგორც კი მოზარდი 18 წლის გახდება  მისი მართვის მოწმობა ავტომატურად, ყოველეგვარი გამოცდის გარეშე შეიცვლება საერთაშორისოდ აღიარებული მოწმობით.   თუმცა კანონპროექტში არის შეზღუდვებიც, 17 წლის მოზარდზე მართვის მოწმობის გაცემა მოხდება მშობლის მიერ შვილისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ, რომელიც წერილობით იქნება წარმოდგენილი და ხელმოწერით დადასტურებული.

კანონპროექტში არის სხვა შეზღუდვებიც:  მოსწავლეს მძღოლად მუშაობის   უფლება არ ექნება. ერთი და იგივე ჯარიმის გამეორების შემთხვევაში, მას მართვის მოწმობა ერთი წლის ვადით ჩამოერთმევა, სიმთვრალის, ან დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი 18 თვიანი აკრძალვით ისარგებლებს.

„ ეს არის სახელმწიფოს მიერ ახალგაზრდებისთვის გაკეთებული საჩუქარი. იმედი მაქვს, იგი წაახალისებს სკოლის მოსწავლეებში მოძრაობის წესების ცოდნას, საქართველოს ქალაქების გზებს კი დაამსგავსებს ევროპული ქალაქების გზებს. დარწმუნებული ვარ, ამ პრაქტიკის დანერგვის შემდეგ ბევრად უფრო უსაფრთხო იქნება მოძრაობა. იმედია, ეს ექსპერიმენტი გაამართლებს", - განაცხადა   შს მინიტრმა ივანე მერაბიშვილმა.

კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად ხვალ გადაეგზავნება. მსგავსი პრაქტიკა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-სა და გერმანიაში უკვე დაინერგა.  

კომენტარები