სასჯელი არასრულწლოვანის თანდასწრებით მასტურბაციისთვის

წინა კვირას საზოგადოების ყურადღება სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილმა დანაშაულმა მიიპყრო, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა მედიასა და საქართველოს კანონმდებლობაში არსებული პრობლემები. პრესამ ტრადიციად აქცია გადაუმოწმებელი ინფორმაციის მკითხველისთვის მტკიცებითი ფორმით შეთავაზება. ხოლო საქართველოს კანონმდებლობაში კიდევ ერთი დაუხვეწავი ზონა გამოჩნდა.

მედიასტანდარტების უგულებელყოფა, ამჯერადაც განსაკუთრებული ყურადღების მიღმა დარჩებოდა, გაზეთი ბათუმელები, ნორვეგიის გამოხატვის თავისუფლებისა (Institusjonen Fritt Ord) და ცაიტის (ZEIT Foundation) ფონდებს,  2009 წლის მაისში რომ არ დაეჯილდოებინათ. პრიზი – 30 ათასი ევრო, ყოველწლიურად, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის თავისუფალ პრესას გადაეცემა, რომლებიც ზეწოლისა და ფინანსური პრობლემების მიუხედავად, დამოუკიდებლობას ინარჩუნებენ და მოვლენებს ობიექტურად აშუქებენ.

წინა კვირას, გაზეთ ბათუმელებში და მის ინტერნეტგამოცემა ნეტგაზეთში გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: ”სასჯელი მასტურბაციისთვის”. ჟურნალისტი, წყაროს მითითების გარეშე აცხადებს: ”ბრალდებული გ.თ. საკუთარ სახლში მასტურბირებდა. ამ დროს მის ბინაში შემთხვევით შევიდა მეზობლის არასრულწლოვანი გოგონა, რომლის ოჯახმაც შემდეგ გარყვნილი ქმედების გამო მეზობელს უჩივლა. დაუდასტურებელი ინფორმაციით გოგონას გ.თ.-ს სპერმა გადაესხა, რაც გახდა ბრალდებულის დანაშაულის მამტკიცებელი ფაქტი”.

ავტორი ცდილობს წარმოგვიდგინოს, რომ კონკრეტული პიროვნებისთვის სასჯელის დაკისრების მიზეზი ის გახდა, რომ მას მასტურბაციის პროცესში, არასრულწლოვანმა შემთხვევით შეუსწრო. ამავე მიზანს ემსახურება როგორც სათაური, ასევე ადვოკატ რამინ პიპინაძის დასკვნითი კომენტარი, სადაც იურისტი აცხადებს: ”მართალია, საქმის მასალებს არ ვიცნობ, მაგრამ რამდენადაც ვიცი, გ.თ-მ ქმედება საკუთარ სახლში ჩაიდინა, როცა ის მარტო იყო. მან არ იცოდა, თუ ვინმე შევიდოდა სახლში, გოგონამ მას ერექციის მომენტში შეუსწრო".

გამოქვეყნების შემდეგ სტატია არაერთ საინფორმაციო სააგენტოში გავრცელდა, სოციალურ ქსელებში კი მართლმსაჯულების დაცინვისა და უხერხული ალუზიების კიდევ ერთ საბაბად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ სტატია არაერთ კითხვას აჩენდა, ცინიზმის სანაცვლოდ ფაქტების გადამოწმება ცოტამ ისურვა. გარდა იმისა, რომ პროკურატურისა და დაზარალებული მხარის კომენტარები არ ჩანს, ყურმოკრული ინფორმაციის ანალიზითაც კი რთულად სარწმუნოა, რომ დამნაშავის სპერმა არასრულწლოვანს უნებლიეთ გადასხმოდა.

ტირაჟირებული ამბის შესახებ პროკურატურამ განსხვავებული განცხადება გააკეთა: ”21 წლის გ.თ-მ, მისი მცირეწლოვანი მეზობელი, ათი წლის გოგონა, კანფეტების დაპირებით შეიტყუა თავისი საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, წელსქვევით გააშიშვლა და მის მიმართ განახორციელა გარყვნილი ქმედება. დანაშაული დასტურდება დაზარალებულის ჩვენებით, ექსპერტიზამ კი დაადასტურა არასრულწოვნის სამოსზე გ.თ-ს სპერმის არსებობა. რამდენადაც ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დაზარალებულს გაუპატიურების კვალი არ აღენიშნებოდა, საქმე აღიძრა სსკ-ის 141-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის – მცირეწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენისათვის”.

2009 წლის 13 ნოემბრის განაჩენით, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სსკ-ის 141 მუხლით გათვალისწინებული ”გარყვნილი ქმედებისთვის” ბრალდებულს სასჯელის მაქსიმალური ზომა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაცვის მხარემ ხელიდან გაუშვა სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა. მის აღდგენაზე კი ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ, საპატიო მიზეზის არარსებობის გამო, დაცვის მხარეს უარი უთხრა. ნეტგაზეთისა და ბათუმელების ინფორმაცია, რომ ”გ.თ-ს საქმე გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში” – აქაც არ დადასტურდა.

საქართველოს კანონმდებლობით,  ”გარყვნილი ქმედებისთვის” გათვალისწინებული ვადა –  2 წელი, რომელიც ამ მუხლის მაქსიმალურ სასჯელს წარმოადგენს, როგორც ადგილობრივი კანონმდებლობის ფარგლებში, ისე საერთაშორისო გამოცდილების ფონზე მცირედ გამოიყურება. ამავე მუხლით, თუ დანაშაულში შემამსუბუქებელი გარემოებები არსებობს, დამნაშავეს შესაძლოა სასჯელის მინიმალური ზომები – ჯარიმა და ერთი წლით გამოსასწორებელი სამუშაო დაეკისროს. ეს მაშინ, როცა ზოგადად,  სსკ-ის 274-ე მუხლით, ”ნარკომანის მიერ სპეციალურ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებაში იძულებითი მკურნალობისათვის ჯიუტად თავის არიდება – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე”. ბუნებრივია, ბავშვის თვალწინ მასტურბაცია და სპერმის მისხმა უფრო მძიმე დანაშაულია, ვიდრე ნარკომანის მიერ საკუთარი ჯანმრთელობის უგულებელყოფა, თუმცა სასჯელებს შორის დიდ განსხვავებას ვერ ვხედავთ. განვითარებული სამყაროც ბევრად მკაცრად რეაგირებს მსგავსი ტიპის დანაშაულზე.

მაგალითად აშშ-ის თითქმის ყველა შტატს აქვს კანონი, რომლითაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მასტურბაციას სჯის. ეს იმ შემთხვევაში, თუ კანონდამრღვევმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა არასრულწლოვნის იქ ყოფნის შესახებ. შტატების უმრავლესობა ასეთ დანაშაულს ”სექსუალურ შერყვნად” ან ”სექსუალურ ძალადობად” განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დანაშაულის დროს ფიზიკური კონტაქტი არ არის. იურისდიქციების მიხედვით, არასრულწლოვნის წინაშე მასტურბაციაში დამნაშავეს ერთიდან ხუთ წლამდე სასჯელი შეეფარდება. სასჯელი მძიმდება, თუ დამნაშავე არასრულწლოვნისთვის სანდო პირი იყო, მაგალითად მშობელი, ნათესავი, სასულიერო პირი ან სხვა. ასეთ დროს მოძალადეს 5-დან 10 წლამდე სასჯელი, ან გარემოებებიდან გამომდინარე, უფრო მეტიც კი შეიძლება შეეფარდოს.

უნდა აღინიშნოს, რომ ინფორმაცია ნებისმიერი ამერიკელის შესახებ, ვინც სექსუალური დანაშაულისთვის გასამართლდა – იქნება ეს მასტურბაცია არასრულწლოვნის თანდასწრებით თუ სრულწლოვანზე ძალადობა – მის პირად მონაცემებთან ერთად სპეციალურ საჯარო ჩანაწერში ხვდება. იქ, სადაც ბავშვები იკრიბებიან, მათ ცხოვრება აქვთ აკრძალული. ეს სია ამერიკის ყველა მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი.

კომენტარები