თავისუფალი ჭიდაობა: დებიუტი ბრინჯაოს მედლით

 გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ერთი მედალი აქვს. თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით ხუციშვილმა (74 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ახალგაზრდა ქართველისათვის ეს პირველი დიდი შეჯიბრება იყო მთავარ ნაკრებში. ხუციშვილი შარშანდელი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია ახალგაზრდებში. წელს კი მისთვის სადებიუტო ტურნირი უკვე წარმატებული გამოვიდა.

მან ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა სამი მოწინააღმდეგე და მხოლოდ ნახევარფინალში დამარცხდა სომეხ მუსა მურთაზალიევთან. ამის შემდეგ ქართველმა კიდევ ერთი შეხვედრა გამართა, გაიმარჯვა და ბრინჯაოს მედალსაც დაეუფლა.

ტურნირის პირველ დღეს ხუციშვილის გარდა კიდევ ორი ქართველი სპორტსმენი გავიდა საჭიდაოდ. ევროპის ჩემპიონატის შარშანდელი ფინალისტი მალხაზ ზარქუა (60 კგ) და ბელდუხ გავაშელიშვილი (96 კგ). თუმცა ვერცერთმა მათგანმა ვერ მოახერხა საპრიზო სამეულში შესვლა.

დღეს დორტმუნდის საჭიდაო ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე კიდევ ოთხი ქართველი გავა - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ), კობა კაკალაძე (66 კგ), დავით მარსაგიშვილი (84 კგ) და დავით მოძმანაშვილი (120 კგ).

ამის შემდეგ ტურნირზე ქალებისათვის განკუთვნილი ორი დღე იქნება. შემდეგ კი უკვე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა დროც დადგება. საქმეში საქართველოს ნაკრები ჩაებმება და მედლების მოპოვებას შეეცდება.

კომენტარები