ინდონეზიელ სასულიერო პირს ტერორიზმში სდებენ ბრალს

ინდონეზიაში რადიკალი მუსულმანი სასულიერო პირის, აბუ ბაქარ ბაშირის სასამართლო პროცესი განახლდა. 72 წლის ბაშირს ტერორიზმში, კერძოდ კი, ისლამისტური სამხედრო დაჯგუფების შექმნასა და დაფინანსებაში ედება ბრალი. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ  ბაშირი ინდონეზიის მასშტაბით მოქმედი ექსტერმისტების სულიერი ლიდერია. 

მუსულმანი სასულიერო პირი 2002 წელს ინდონეზიის კუნძულ ბალიზე მომხდარ აფეთქებებთანაც არის დაკავშირებული. 2002 წლის 12 ოქტომბერს კუნძულ ბალიზე მომხდარ  სამ აფეთქებას 202 ადამიანი ემსხვერპლა. ბაშირს აფეთქებებთან ”არაპირდაპირ კავშირში” დასდეს ბრალი და 2.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა მან ციხეში მხოლოდ 18 თვე გაატარა.

ბაშირი გამოძიების მიერ წაყენებულ ახალ ბრალდებებს კატეგორიაულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას ექსტრემისტულ მოძრაობებთან არანაირი კავშირი არა აქვს. ”მსგავსი ბრალდებები მხოლოდ სიტყვებია და მეტი არაფერი. მე მხოლოდ ისლამს ვიცავდი,” განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ბაშირმა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მუსულმან სასულიერო პირს სიკვდილით დასჯა ემუქრება. 

კომენტარები