მესი მეორედ, მარტა მეხუთედ

ფიფამ 2010 წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა: ბარსელონას არგენტინელმა ლიდერმა ლეო მესიმ შარშან მოგებული ტიტული შეინარჩუნა, ქალთა შორის კი მთავარი ჯილდო ბრაზილიელმა მარტამ ზედიზედ მეხუთედ მოიგო.

წლეულს ფიფამ და პოპულარულმა ფრანგულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა ფრანს ფუტბოლმა წლის საუკეთესო მოთამაშე ერთად პირველად დააჯილდოვეს ოქროს ბურთით. ბოლო წლებში ფიფას და ფრანგული გამოცემის ლაურეატები ერთი და იგივე ფეხბურთელები იყვნენ, რამაც ამ ორი რეფერენდუმის გაერთიანება გამოიწვია.

ფიფას ოქროს ბურთზე სამი მოთამაშე იყო წარდგენილი: მესის თანაკლუბელები ხავი და ანდრეს ინიესტა, რომლებმაც ბრწყინვალე საკლუბო სეზონის გარდა წლის მთავარ ტურნირზე, მსოფლიო ჩემპიონატზეც გაიბრწყინეს – ხავი ტურნირის გამარჯვებული ესპანეთის ნაკრების უდავოდ საუკეთესო მოთამაშე იყო, ინიესტამ კი ფინალში ოქროს გოლი გაიტანა.

მწვრთნელებმა, ეროვნული ნაკრების კაპიტნებმა და ჟურნალისტებმა უპირატესობა ლეო მესის მიანიჭეს: არგენტინელმა ხმათა 22,65 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზე ანდრეს ინიესტა გავიდა (17,36), მესამეზე კი ხავი (16,48).

„სიმართლე გითხრათ, არ ველოდი თუ დღეს გავიმარჯვებდი. აქ ყოფნითაც ბედნიერი ვიყავი – სამ საუკეთესოს შორის მოხვედრა ჩემთვის დიდი მოულოდნელობა იყო, ოქროს ბურთს კი მართლა არ ველოდი. რა გითხრათ? ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ!” – პრესკონფერენციაზე არგენტინელს ემოციების დაფარვა არც უცდია.

მიუხედავად იმისა, რომ ლეომ სამხრეთ აფრიკაში, მსოფლიო ჩემპიონატზე სუსტად იასპარეზა, ბარსელონასთან ერთად ორი გუნდური და უამრავი ინდივიდუალური ტიტული მოიგო: გაზაფხულზე ესპანეთის ჩემპიონატი, ზაფხულში – ქვეყნის სუპერთასი. ამას გარდა, გახდა პრიმერადივიზიონის და ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი, მოიგო ევროპის ოქროს ბუცი, დასახელდა ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად, ლეგიონერად და სამხრეთამერიკელ მოთამაშედ და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სამშობლოში მეხუთედ მიანიჭეს არგენტინის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული. საინტერესოა ისიც, რომ 2010 წელს ლეო მესიმ კლუბსა და ნაკრებში 58 გოლი გაიტანა! გარდა ამისა, მესი პირველი ფეხბურთელია კევინ კიგანის შემდეგ, ვინც მსოფლიო ჩემპიონატი ჩააგდო (კიგანს 1978 წელს საერთოდ არ უთამაშია არგენტინაში) და ოქროს ბურთი მაინც გადასცეს.

ფიფას ჯილდოს ოცწლიან ისტორიაში მესი პირველი არგენტინელი და ბარსელონას მეხუთე წევრია, მთავარი პრიზი რომ მოიგო: 1994 წელს რომარიომ გაიმარჯვა, 1996 წელს რონალდომ, 1999 წელს რივალდომ, 2004 და 2005 წლებში კი რონალდინიომ.

ლეომ ფიფას მთავარი ჯილდო მეორედ 23 წლისამ მოიგო, მასზე ერთი წლით უფროსმა მარტამ კი მეხუთედ – 2006 წლიდან დაწყებული, ბრაზილიელი გოლეადორი პირველობას არავის უთმობს. შარშან მარტამ ბრაზილიის ნაკრებთან ერთად სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატში იმარჯვა – ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა, ამერიკულ გოლდ პრაიდთან ერთად კი ყველა საკლუბო ტიტული მოიპოვა.

ფიფამ წლის საუკეთესო მწვრთნელებიც გამოარჩია: მილანის ინტერთან ერთად ყველაფრის მომგებმა პორტუგალიელმა ჟოზე მოურინიომ მსოფლიოს ჩემპიონ ესპანელ ვისენტე დელ ბოსკეს და ბარსელონას თავკაცს ხოსეპ გვარდიოლას აჯობა, ქალთა შორის კი ასეთი პრიზი პირველად გაიცა და მას მსოფლიოს ჩემპიონი გერმანიის ნაკრების მწვრთნელი სილვია ნეიდი დაეუფლა.

ჰოლანდიური ფეხბურთის ლეგენდამ, ფიფას 1992 წლის რეფერენდუმის გამარჯვებულმა მარკო ვან ბასტენმა 2010 წლის სიმბოლური ნაკრები წარუდგინა სტუმრებს: მეკარე – იკერ კასილასი (ესპანეთი, რეალი); მცველები – კარლეს პუიოლი, ხერარდ პიკე (ესპანეთი, ბარსელონა), მაიკონი, ლუსიო (ბრაზილია, ინტერი); ნახევარმცველები – უესლი სნეიდერი (ჰოლანდია, ინტერი), ხავი, ანდრეს ინიესტა (ესპანეთი, ბარსელონა); თავდამსხმელები – ლეო მესი (არგენტინა, ბარსელონა), დავიდ ვილია (ესპანეთი, ბარსელონა), კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია, რეალი).

ფიფას პრეზიდენტის სპეციალური პრიზი სამხრეთაფრიკელ არქიეპისკოპოსს დესმონდ ტუტუს გადაეცა სამშობლოში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის მხარდაჭერისთვის, სამართლიანი თამაშის პრიზით კი ჰაიტის 17-წლამდელ გოგონათა ნაკრები დაჯილდოვდა: მიუხედავად სამშობლოში დატრიალებული ტრაგედიისა – მიწისძვრამ თითქმის მთლიანად გაანადგურა ქვეყანა – გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატზე მაინც იასპარეზა.

ლეგენდარული უნგრელი გოლეადორის ფერენც პუშკაშის სახელობის ჯილდო წლის ულამაზესი გოლისთვის  მიუნხენის ბაიერნის და თურქეთის ნაკრების ნახევარმცველ ჰამიტ ალტინტოპს გადაეცა – ევრო 2012-ის შესარჩევ ტურნირში მან ყაზახეთის ნაკრებს მართლაც ულამაზესი გოლი გაუტანა.

ბოლოსთვის კი ერთი საინტერესო ფაქტიც: ფრანს ფუტბოლს კვლავ დამოუკიდებლად რომ ჩაეტარებინა გამოკითხვა, ოქროს ბურთს ლეო მესი ვერ მოიგებდა – ჟურნალისტებმა არგენტინელი მხოლოდ 18-ჯერ დაასახელეს პირველ ადგილზე, ხავი 36-ჯერ, ინიესტა და სნეიდერი კი 35-35-ჯერ...

საქართველოს ნაკრების მწვრთნელის თემურ ქეცბაიას სამეული

1. ხავი,
2. არიენ რობენი,
3. დიეგო ფორლანი

საქართველოს ნაკრების კაპიტნის კახა კალაძის სამეული

1. ლეო მესი,
2. ანდრეს ინიესტა,
3 .ჟულიო სეზარი

ქართული მედიის სამეული

1. დავიდ ვილია,
2. დიეგო ფორლანი,
3. მიროსლავ კლოზე

ფიფას რეფერენდუმის გამარჯვებულები

1991 – ლოთარ მათეუსი (გერმანია; ინტერი),
1992 – მარკო ვან ბასტენი (ჰოლანდია; მილანი),
1993 – რობერტო ბაჯო (იტალია; იუვენტუსი)
1994 – რომარიო (ბრაზილია; ბარსელონა),
1995 – ჟორჟ ვეა (ლიბერია; პარი სენ-ჟერმენი & მილანი),
1996 – რონალდო (ბრაზილია; პსვ ეინდჰოვენი & ბარსელონა),
1997 – რონალდო (ბრაზილია; ბარსელონა & ინტერი),
1998 – ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი; იუვენტუსი),
1999 – რივალდო (ბრაზილია; ბარსელონა),
2000 – ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი; იუვენტუსი),
2001 – ლუიშ ფიგუ (პორტუგალია; რეალი),
2002 – რონალდო (ბრაზილია; ინტერი & რეალი),
2003 – ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი; რეალი),
2004 – რონალდინიო (ბრაზილია; ბარსელონა),
2005 – რონალდინიო (ბრაზილია; ბარსელონა),
2006 – ფაბიო კანავარო (იტალია; იუვენტუსი & რეალი),
2007 – კაკა (ბრაზილია; მილანი),
2008 – კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია; მანჩესტერ იუნაიტედი),
2009 – ლეო მესი (არგენტინა; ბარსელონა),
2010 – ლეო მესი (არგენტინა; ბარსელონა).

კომენტარები