ნურსულთან ნაზარბაევს ერის ლიდერის სტატუსი მიენიჭა

ყაზახეთის პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის საპრეზიდენტო ვადის რეფერენდუმის გზით 2020 წლამდე გაგრძელების საკითხს. ამასთანავე, პარლამენტის გადაწყვეტილებით, კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება ”ერის ლიდერის” სტატუსის დამკვიდრების შესახებ.

70 წლის ნაზარბაევი, რომელიც ქვეყანას უკვე 20 წელზე მეტია მართავს, ამ იდეის წინააღმდეგი იყო. გასულ კვირას მან განაცხადა, რომ ურჩევნია მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს. თუმცა, პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტოს გადალახვა რეფერენდუმის მხარდამჭერი ხუთი მილიონი ხელმოწერის შეგროვების საშუალებით შეძლო.

ყაზახეთის ოპოზიციამ პარლამენტის გადაწყვეტილებას ასტანას პოლიტიკური თამაში უწოდა, აშშ-მ კი ეს ნაბიჯი ”დემოკრატიის უკუსვლად” შეაფასა.

კომენტარები