...ბოლო 12 წელი ერთად ვიყავით. ჩემი რომ გახდა, არაფერი აკლდა – ლაზათი ჰქონდა, ძალაც მოსდევდა, ბევრის უფლებას მაძლევდა, უხმოდ დადიოდა კი არა – მოცეკვავესავით დანარნარებდა. სიამოვნებით ვხმარობდი. მაგრამ დრომ და ასაკმა თავისი უყო. რაღაცნაირად, გაიქუცა და მოირყა. ახლა გაცილებით მეტს ვახარჯავდი, ვიდრე უწინ. ჩვენ შორის იმატა სტრესმა და დაძაბულობამ. ამიტომაც გადავწყვიტე, ახალი გამეჩინა და სრულიად დაუნანებლად მივატოვე. მეტიც – თხასავით გავყიდე.
დღეს ახალთან ურთიერთობის ცხელი ფაზა მაქვს: თაფლობის თვე. წინას ბევრად ჯობია. პრობლემებს არ ქმნის საერთოდ. ჯანმრთელია და ლამაზი. მაგრამ ჩვენი ურთიერთობის მოწამვლა უკვე მოასწრეს. სახელმწიფომ შემოიღო კანონი, რომელიც კრძალავს მანქანაში დაბურულ მინებს. ჩემი კი დაბადებიდან ნაწილობრივ მუქ ფერებში უყურებს სამყაროს.
სახელმწიფო ადგენს, რომ მანქანის წინა საქარე მინა (მინებში ყველაზე ძვირი) 100%-ით გამჭვირვალე უნდა იყოს. შედარებით დაბალია მოთხოვნები წინა და უკანა გვერდითა მინებზე. საქართველოს მძღოლებმა უნდა მიაკითხონ იმათ, ვინც მინები დაუბურა და ფული ახლა – როგორ ვთქვა: განბურვაში? – მოკლედ, დასაბური ფირის აძრობაში გადაუხადონ. ეს იქნება დამბურავთა ბედის ირონია და გედის სიმღერა – მათი ბიზნესი საქართველოში დასრულდება იმით, რის პირიქითსაც აქამდე აკეთებდნენ.
ოფიციალური მოტივაცია გასაგებია: უსაფრთხოება და უკეთესი ხილვადობა. კუსტარულად დამუქებული მინების გაღიავებას არ ვეწინააღმდეგები. მაგრამ არის რამდენიმე საკითხი.
საქართველოში შემოდის ისეთ ქვეყნებში წარმოებული მანქანები, სადაც უსაფრთხოების სტანდარტები ჩვენსაზე დეტალურად არის დამუშავებული. თუ იაპონიაში, გერმანიაში, სამხრეთ კორეაში ან საფრანგეთში სახელმწიფოს მიაჩნია, რომ ქარხნული წესით დაბურული მინები მანქანაში მოქალაქეებს საფრთხეს არ უქმნის, ჩვენ რა გამჭვირვალობა აგვიტყდა?
საქართველო, ასე თუ ისე, მზიანი ქვეყანაა და წინა საქარე მინის ოდნავი – თან ქარხნული! – დაბურვა საფრთხეს არ უნდა ქმნიდეს. წინა საქარე მინის წიაღ სინათლის 100%-იანი გამტარობა ახირებას უფრო ჰგავს, ვიდრე რაციონალურ წესს. ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, შეიძლება საჭესთან მზის სათვალის აკრძალვამდე მივიდეთ. რაც შეეხება ღამით მგზავრობას, ქარხნული წესით ოდნავ დაბურულმინიან მანქანებს საკმარისად მძლავრი მაშუქები აქვთ, რათა ხილვადობისას არ დაბრკოლდნენ.
ასევე საინტერესოა სტატისტიკა, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას: დანამდვილებით არის ცნობილი რიცხვი ავტოსაგზაო შემთხვევებისა, სწორედ დაბურული მინების მიზეზით რომ მოხდა? ადრე ხელისუფლებამ უკან დაიხია მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვისას. მოჰყვა ამას დრამატული შედეგები ასეთი მანქანების ან მათი შემხვედრი ავტომობილების მძღოლთათვის? არ იკრძალება არც საჭის გადატანა მარჯვნიდან მარცხნივ, რისი რისკიც ასევე უცნობია.
მაღალი გამავლობის მანქანებს (ხალხურად: ჯიპებს) არ გააჩნიათ სედანის ტიპის საბარგული და აქვთ ე.წ. უკანა გვერდითა ყრუ მინები. ეს მინები ეკუთვნის საბარგულის სივრცეს, უძრავია და ძალიან ხშირად სწორედ ქარხნული წესით არის დამუქებული (ანუ მინას ვერაფერს ააფხრეწ, სიმუქე კი არ აკრავს, შენივთულია მასთან). უკანა ყრუ მინები თითქმის არ მონაწილეობენ ხილვადობის უზრუნველყოფაში. მძღოლი მხოლოდ უკანსვლისას იყენებს მათ, სარკეებს და უკანა, ანუ მეხუთე ან მესამე კარის მინას. ავტომობილის მგზავრები უკანა ყრუ მინებიდან არ უყურებენ გარემოს, თუნდაც იმიტომ, რომ ისინი სალონში სხედან და არა საბარგულში. უკანა გვერდითი ყრუ დამუქებული მინები გარეშე პირებს უძნელებენ საბარგულში ჩაჭვრეტას ანუ ცხვირის ჩაყოფას იქ, სადაც არაფერი ესაქმებათ. რატომ უნდა ვაქციოთ ისინი გამჭვირვალედ? მით უმეტეს, თუ უკანა – არაგვერდითი – მინის დაბურვა არ იკრძალება?
ჩემი HONDA CR-V დამზადებულია აშშ-სთვის, რომელიც უსაფრთხოებისადმი უაღრესად მგრძნობიარე სახელმწიფოა. მას ქარხნული წესით ოდნავ დამუქებული აქვს წინა საქარე და გვერდითა მინა, ხოლო შედარებით მეტად – უკანა მინები. მძღოლის ლამის სამასგვერდიანი გზამკვლევი დეტალურად აღწერს უსაფრთხოების წესებს, რომლებიც უნდა დაიცვა მართვის დროს – როგორ იარო მოლიპულ გზაზე, როგორ ამგზავრო ბავშვი, როგორ და სად უნდა დაამაგრო საბავშვო სავარძელი და ა.შ. არსად, არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი ქარხნული წესით დაბურული ანუ მანქანისთვის „რადნოი” მინების, როგორც რისკ-ფაქტორის შესახებ.
რატომ უნდა დავახარჯოთ რამდენიმე ასეული დოლარი იმას, რისი აუცილებლობაც არავის დაუსაბუთებია? რატომ გვაიძულებს სახელმწიფო, ვუყუროთ მას, როგორც ზედმეტად ხელის მოფათურეს ჩვენს ჯიბეში ჯარიმებით ხაზინის შესავსებად? იმიტომ, რომ ქორწილამდე (წაიკითხე: არჩევნებამდე) დაგვავიწყდება? თუ სახელმწიფო გაჯიქდება და არ გადახედავს ამ კანონს, რატომ არ იძლევა ის გონივრულ ვადას – არამედ მხოლოდ ორ კვირას – ქარხნულად დაბურული მინების შესაცვლელად? ვნახავთ კი ამიერიდან სახელმწიფო კაცებს სრულიად გამჭვირვალე მანქანებში?