გუგლი ავტოინდუსტრიის რევოლუციას ამზადებს

გასულ კვირას კალიფორნიის შტატის ქალაქ მაუნტ-ვიუდან სანტა მონიკასაკენ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ავტომობილი დაიძრა. გზად ჰოლივუდის სან-სეტ ბულვარი გაიარა და დანიშნულების ადგილამდე უსაფრთხოდ მივიდა. ავტომობილში კომპანია Google-ის ავტორიზირებული ინსტრუქტორი და გაზეთ ნიუ-იორკ ტაიმსის ჟურნალისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც გულისფანცქალით შეჰყურებდნენ გზას და შემხვედრ მანქანებს. ეს ავტომობილი სხვა ოთხთვალებისაგან ერთი უმნიშვნელო დეტალით განსხვავდებოდა, მას არ ჰყავდა მძღოლი, მის ფუნქციას კი ავტომობილის ძარაზე მიმაგრებული ვიდეოკამერები, სენსორული რადარული მიმღებები და Google-ის სერვერები ასრულებდნენ. ავტომობილის ბორტ-კომპიუტერი რეალურ დროში იღებდა ინფორმაციას საგზაო მდგომარეობის შესახებ და თავად საზღვრავდა რა სიჩქარით ევლო, როდის შეჩერებულიყო და როდის გაეგრძელებინა მოძრაობა.
კომპანია Google-ის საშტაბო ქალაქიდან, მაუნტ-ვიუდან სანტა მონიკამდე მგზავრობა ერთი დიდი ტესტის ნაწილი იყო, რომელიც Google-ის ინოვაციური უმძღოლო ავტომობილის სანავიგაციო სისტემის ტესტირებას ისახავდა მიზნად. ტესტის ჯამური შედეგი ასეთი იყო: მანქანამ 1500 კილომეტრი თავად, ყოველგვარი დახმარების გარეშე განვლო, 200 ათასი კილომეტრი კი Google-ის ინსტრუქტორის მცირე დახმარების საშუალებით დაფარა. ერთადერთი ავტოსაგზაო შემთხვევა ავტომობილს შუქნიშანთან შეემთხვა, როდესაც ის საჭირო დროს გაჩერდა და მას უკან მომავალი მანქანა, ქართველი მძღოლების ჟარგონი რომ გამოვიყენოთ, „უკნიდან შეაჯდა”.
Google-ის თავკაცების, სერგეი ბრინისა და ლარი პეიჯის განცხადებით, მათი კომპანია ავითარებდა და კვლავაც აგრძელებს იმ ტექნოლოგიების განვითარებას, რომლებიც კაცობრიობას სიკეთეს მოუტანს. ისინი ამ პროექტზე უკვე რამდენიმე წელია მუშაობენ და თუკი მათი ოცნება ახდება და Google-ის უმძღოლო ავტომობილები მთელ დედამიწას მოედებიან, მათი ღრმა რწმენით, ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი მინიმუმამდე დავა, რაც წელიწადში დაახლოებით ერთ მილიონ ადამიანს შეუნარჩუნებს სიცოცხლეს.

კომენტარები