მიპატიჟება ჩაის წვეულებაზე: ჩაის ფავორიტები

ქრისტინ ო’დონელი
გამოცდილ მაიკ კასტელს რესპუბლიკური პარტიული ელიტა ციხესიმაგრესავით იცავდა. ყველა გამოკითხვა მიუთითებდა, რომ შუალედურ არჩევნებში ჯო ბაიდენის ადგილის მოგებას სენატში კასტელი მარტივად შეძლებდა. თუმცა 2 ნოემბრამდე რესპუბლიკურ პრაიმერებში მან ვერ შეძლო საკამათო ხარისხის განათლებისა და საეჭვო ინტელექტუალური რეპუტაციის მქონე, კონსერვატორი პოლიტიკური კომენტატორი ქალის, ქრისტინ ო’დონელის დამარცხება.
“ჩვენ, ხალხს, გვექნება ჩვენი ხმა და კიდევ ერთხელ გავაგონებთ ვაშინგტონს”, – უთხრა პრაიმერების ღამეს ო’დონელმა ჩაის წვეულების აქტივისტებს, რომელთა მონდომებამაც მას 53 პროცენტი და გამარჯვება მოუტანა. ო’დონელის ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ჩაის მოძრაობის მთავარი ფავორიტი, სარა პეილინი იყო.
„მე ვიცნობ სარა პეილინს; მე პატივს ვცემ სარა პეილინს, მაგრამ პატივისცემის მიუხედავად, ო’დონელი არ არის პეილინი”, – კონსერვატორების იმედგაცრუება გამოხატა კომენტატორმა ბილ კრისტოლმა.
“თუ ის ხალხი, ვინც პრაიმერების დროს ასე მონდომებით იბრძოდა ჩემ წინააღმდეგ, მე დამიდგება გვერდით, ჩვენ მოვიგებთ”, – უპასუხა ო’დონელმა სკეპტიკოსებს და 2 ნოემბრისთვის მზადება დაიწყო. მასტურბაციის წინააღმდეგ, ჯადოქარი მეგობრებისა და ევოლუციის შესახებ 90-იან წლებში გაკეთებული განცხადებების მასობრივი რეტირაჟირება ის მეთოდია, რითაც მას ლიბერალები დაუპირისპირდნენ. ო’დონელის დემოკრატებისთვის იმედის მომცემი და რესპუბლიკელებისთვის თავზარდამცემი გამარჯვება ჩაის ფავორიტების წარმატების მხოლოდ ერთი ფრაგმენტია.
შარონ ანგელი ნევადიდან, ფლორიდელი მარკო რუბიო, პატ ტუმი პენსილვანიიდან, ჯო მილერი ალიასკაზე, მაიკ ლიიუტაში, რანდ პოლი კენტუკიში, კარლ პალადინო ნიუ იორკში, – ეს ჩაის წვეულების იმ ფავორიტების არასრული სიაა, ვინც წინასწარ არჩევნებში რესპუბლიკური ისტებლიშმენტის კანდიდატები დაამარცხა. უმეტესობას ჩაის მთავარი ფავორიტის, სარა პეილინის მხარდაჭერა დაეხმარა. პეილინის ფავორიტებს აშშ-ის მედია ცალკე აკვირდება. სტატისტიკა ჯერჯერობით ასეთია: პრაიმერებში 26-მა გაიმარჯვა, 11-მა წააგო. პეილინს, ჩაის ფავორიტებს და ამომრჩევლებს ქვეყნის სიყვარული და დიდი მთავრობის სიძულვილი აერთიანებს. სიყვარულისა და სიძულვილის ეს ამალგამა ნაერთია, რომელსაც ცუნამის გამოწვევა და დემოკრატების კონგრესიდან წალეკვა შეუძლია. ამალგამა ჩაის მოძრაობას გასულ კვირას პრეზიდენტმა ობამამ როლინგ სტოუნსისთვის მიცემულ ინტერვიუში უწოდა, ცუნამის მეტაფორა კი კონსერვატორმა ინტელექტუალმა ჩარლზ კრაუტჰამერმა გამოიყენა: “რას აკეთებენ ადამიანები ცუნამის მოლოდინში?” – იკითხა მან და იქვე უპასუხა: “ლოცულობენ და ჰყვებიან გადარჩენის კეთილ ამბებს”.
კრაუტჰამერი წერს, რომ ღვთაებრივი სასწაულის მოლოდინში დემოკრატები დიდი კონსერვატიული განხეთქილების ამბებს თხზავენ. ისინი ჰყვებიან, თუ როგორ დაშლის ჩაის წვეულება კონსერვატიულ მოძრაობას, გამოაფხიზლებს დამოუკიდებლებს და გაამარჯვებინებს დემოკრატებს. ჩაისა და კონსერვატორების დაპირისპირება ცუნამის მოლოდინში შექმნილი მითია. ო’დონელის ისტორია კი – გამონაკლისი, რომელიც წესს ამტკიცებს.
სტრატეგებისგან განსხვავებით, დემოკრატების ლიდერებმა მოსალოდნელ წარუმატებლობაში საკუთარი ამომრჩევლების როლის განსაზღვრა დაიწყეს. ბაიდენმა გააფრთხილა – ნუ მოთქვამთო; ობამამ მოუწოდა – საკუთარი თავი ხელში აიყვანეთო; სენატორმა კერიმ კი განაცხადა: „ჩვენ გყავს ელექტორატი, რომელიც ყურადღებას არ აქცევს რა ხდება; ხალხზე უფრო მეტ გავლენას ახდენს უბრალოდ სლოგანები, ვიდრე ფაქტები ან ჭეშმარიტება”.
წინასაარჩევნო ფაქტები ერთ ჭეშმარიტებაზე მიუთითებს: ჩაის წვეულება თანდათან კონსერვატიული მოძრაობის გრავიტაციის ცენტრი ხდება. The Wall Street Journal-ის და NBC-ის ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპუბლიკელების დიდი რებრენდინგი დაწყებულია. გამოკითხულთა 71 პროცენტი საკუთარ თავს ჩაის წვეულების მხარდამჭერად აღიარებს.
2 ნოემბერს საარჩევნო მანქანასთან მისული ამომრჩევლების ერთი მესამედი ჩაის წვეულების მხარდამჭერი იქნება.
ჩაის ფავორიტი ლიდერები პეილინთან ერთად ჰაკაბი, გინგრიჩი და დე-მინტი არიან. გაცილებით მცირე, 10-დან მხოლოდ 4 ჩაის აქტივისტი უჭერს მხარს მიტ რომნის.
პრეზიდენტის საქმიანობას ზაფხულის შემდეგ ამერიკელების ნახევარზე მეტი უარყოფითად აფასებს, კონგრესს მხოლოდ 22-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს, ამომრჩევლების 60 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
ყველაზე მნიშვნელოვანი ციფრი 2 ნოემბრის წინ 9,6-ია.
ეს ის ციფრია, რომელმაც შეიძლება ზომიერი ამომრჩეველი კრეატივისტი ო’დონელის არგუმენტის სიმტკიცეშიც დაარწმუნოს, რომ თუკი დარვინის თეორია მართალია, მაიმუნების ევოლუცია დღეს რატომ შეჩერდა?
9.6 პროცენტი უმუშევრობის პირობებში არჩევნებისას ყველაფერი შეიძლება მოხდეს... გარდა ხელისუფლების პარტიის გამარჯვებისა.  

 

კომენტარები