Hello, I’m from Georgia and I have a problem

რას შვები? როგორ ხარ? ჩემი ამბები არ იკითხო, არც ვიცი საიდან დავიწყო.

გაყინული ვარ. ფეხებს და ხელებს ვეღარ ვგრძნობ. ცხვირს ხომ საერთოდ... სადაცაა ჯიბეში ჩავიდებ, გასათბობად. არადა ხომ იცი ჩემი ამბავი, როგორ ვიჯღანები ხოლმე “გერმანია” “ზამთარის” ერთად გაგონებისას. გარეთ ვზივარ, გაჩერებაზე. რაღაც უცნაური ფორმის სკამი ვიპოვე და თან დარიჩინიან ფუნთუშას ვციცქნი.

ფესტივალის აკრედიტაცია დავკარგე. არ ვიცი რა მჭირს, რა ფეხზე წამოვედი ამ გერმანიაში, მაგრამ სულ რაღაც შარში ვეხვევი. ჰოდა სანამ ახალს არ დამიმზადებენ, ვიჯდები გაჩერებაზე, დარიჩინიანით ხელში. თან ესეც ქიშმიშიანი ამიღია... მიხვდი ხო? სულ კურკლებივით მიმოვყარე გარშემო. ჩიტებს ვახარებ.

არადა მეგონა დავისვენებ, თვალს წყალს დავალევინებ, ტვინი ცოტა ხანი მაინც სხვა რამეებზე იფიქრებს-მეთქი და ჰა, რად გინდა. გამოვფრინდი თუ არა, იმის მერე, მებრძოლი ხარივით მიწევს ყოფნა – “ჰაა, რას ქვია არ მომცემ თუ მეკუთვნის” და რამე. იცი, რა მიქნეს ვარშავაში? ეე, ეს ცალკე ისტორიაა. მას მერე სადმე ტაკ-ტაკ თუ მომესმა, ისე მაჟრიალებს როგორც საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოქცეულს. ხო იცი, მაგათ ენაზე ტაკ – ხო-ს ნიშნავს.

ვარშავის გავლით მივფრინავდი, პოლონეთის ავიახაზებით. გადასაჯდომ ბილეთს ვარშავაში მოგცემენო – აქ მითხრეს. მოკლედ, ჩავედი პოლონეთში. ბილეთის ასაღებად მივედი და – თქვენს ონლაინ ბილეთს პრობლემა აქვს და სულ ზემოთ აბრძანდით, იმ ოფისში დაგეხმარებიანო. მეც რა მენაღვლებოდა, 5 საათი მქონდა წინ. ავბრძანდი ზემოთ. იქ მითხრეს – ქვემოთ და მარჯვნივ ჩაბრძანდით, განსაკუთრებული შემთხვევაა და ჩვენ არ ვიცით, რა უნდა ვქნათო. ვახ, ცოტა არ მომეწონა ეს “განსაკუთრებული შემთხვევა”. მაგრამ ჯერ არ ვიმჩნევდი. არადა ხომ გახსოვს რაებს ვიძახდი “4 დღე... კინოფესტივალი... აი, დავისვენებ-მეთქი”.

ბოლოს გარეთ გამიშვეს, აეროპორტის შემოსასვლელში პოლონეთის ავიახაზების ოფისია და მხოლოდ მაგათ ძალუძთ შენი დახმარებაო. 4 ყვითელთმიანი ქალი იჯდა. მეორესთან მივედი, რაღაც სანდომიანი სახე ჰქონდა, ბებიაჩემი გამახსენა 20 წლის წინ. უკვე კარგა გვარიანად დაზაფრულზე ცოტა სევდიანი თვალებით შევხედე და დავიწყე Hello, I’m from Georgia and I have a problem... ქალმა რაღაცები აწკაპუნა კომპიუტერში, გამომხედა და აუღელვებლად მკითხა – აქ როგორ ჩამოხვედიო?; – ჰმ, – ჩამეცინა ჩემთვის, – როგორ და თვითმფრინავით-მეთქი და თან ტუჩებიც ცოტა მოვპრუწე (რა არის მაინც ეს შეძენილი სიდერზკე!); – თქვენი ბილეთი ანულირებულია, თბილისი როგორ დაგატოვებინეს... უბილეთოთ ხართ ჩამოსულიო!.. დამცხა. არა, უბილეთოთ კი მიმგზავრია, მაგრამ დიდი ხნის წინ და თან ტროლეიბუსით. მოკლედ, ჯერ ცოტა გავიქაჩე “რა სისულელეა... წამო, დარეკეთ ფესტივალის დირექტორთან, მე იცით... გერმანიიდან მიმიწვიეს (მანჰაიმი არ ვახსენე, ჩავთვალე რომ გერმანია უკეთ ჟღერდა)”... შენც არ მომიკვდე. ქალმა თავისი ფენით დაყენებული შეშასავით თმა გაისწორა და მითხრა – მე, არსად არ დავრეკავ. არც სადმე გამოგყვები. მე, ეგ არ მეხება. გაარკვიე და თავად მოაგვარე. უბილეთო რომ ხარ არ დაგავიწყდეს, აქ რომ ჩამოხვედი, ეგეც გადასახდელი გაქვსო. ისევ ისე, წყნარად მითხრა ეს ყველაფერი და ჩემ უკან ჩამდგარ გრძელ რიგს გახედა – შემდეგიო. მოკლედ... მერე აღარც მახსოვს რამდენჯერ გავედი გარეთ, პოლონეთის ცივი ჰაერის ჩასასუნთქად. წვიმდა და 100 მეტრში არაფერი მოჩანდა. თვალებსაც კი ვხუჭავდი, აი მაგრად მაგრად და მერე უცებ ვახელდი – იქნებ მეჩვენება-მეთქი. ცოტა ხელიც კი დავიჩქმიტე. ნუ, რა მექნა?.. ყოფილხარ ასე? თავი ტომ ჰენქსი მეგონა, სპილბერგის “ტერმინალში”. არადა რამდენი ვიცინეთ მაგ ფილმზე, გახსოვს? აეროპორტში გაჭედილი, იქ რომ სწავლობს ცხოვრებას, საჭმელს რომ აგროვებს...  მგონი აღარასდროს გამეცინება მაგ კაცზე. 5 საათი წინ და უკან დავრბოდი. ხან ამ შეშა-ქალს ვევედრებოდი ეშველა და ხან მანჰაიმის კინოფესტივალის ქალს ვურეკავდი – მიშველე, აეროპორტში მტოვებენ-მეთქი. ბოლოს სარკეში ჩავიხედე  და... ვერაფერი დავინახე, მხოლოდ შიშისგან დაყვლეპილი ორი ცალი თვალი ხამხამებდა თავისით, ცოტა ისტერიულად.

მოკლედ რა... გაფრენამდე 20 წუთი იყო დარჩენილი – წადი, ჩაჯექი, კომპიუტერული შეცდომა იყო და გამოსწორდაო. გავვარდი, მაგრამ რას გავვარდი... უსაფრთხოების შესამოწმებლად ორ-ორად, მწკრივში ჩამდგარი ჩინელების მთელი ქალაქი დამხვდა, მაგრამ ეგეც გადავლახე – დავდექი რიგის თავში, ხელები მაგრად გავშალე და – ხალხნო, ხალხნო, ჩემი თვითმფრინავი 20 წუთში მიფრინავს, ბევრი უბედურება გამოვიარე და... გამატარეთ! გამატარეთ! როგორც ამერიკულ კინოებშია, ზუსტად ისე გამოვედი სიტყვით. უბრალოდ, არავის უკოცნია, თორემ...  ერთი დაგანახა რას ვგავდი, მედუზა გორგონა მონაგონი იყო.

ჩემი გასასვლელი კი ვიპოვე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თვითმფრინავს რაღაც პრობლემა ჰქონდა და შეკეთებაზე ერთი საათი მაინც წავიდოდა. აი, აქ რომ გაეხსნა ვიღაც არაბს – “მაგით ვინ გაფრინდება, ეგ გაფუჭებულია! გამოგვიცვალეთ! ხალხნო, არ ჩავსხდეთ, არაო” – ხაოდა ბოლო ხმაზე. ვაა, იქნებ არ უნდა გავფრენილიყავი – მორბენალი სტრიქონივით გამიჩნდა თავში... არა, არა, ხომ იცი არ ვარ მშიშარა. ყოველ შემთხვევაში თვითმფრინავის არ მეშინია, იცი.  

მანჰაიმში ბარგი დამტვრეული მომცეს, გაუხსნიათ თურმე. ტაკ ტაკ... ეგრე იყო, ეგრე.

ბოლო  ამბავი არ იცი შენ. ხომ ჩამოვედი ასე: უბილეთო, დამტვრეული ბარგით და მოვედი სასტუმროში, რომელიც აღარ არსებობს. როგორ? აი ეგრე, აღარ არსებობს რა. მე და კიდევ 5 კაცი ბოლო კლიენტები ვართ, მერე სასტუმროს ანგრევენ. ჰოდა, დავდივარ ხოლმე დერეფნებში მოკაკული თითით და ჯეკ ნიკოლსონს ვეძებ “Redrum”, “Redrum”...

ისე დედაჩემს ველაპარაკე იმ დღეს და ასე მითხრა – ეტყობა შენთვის ნეგატიურ დღეებში გაემგზავრეო. შენა და... ცაგარელის ნომერი ხომ არ გაქვს?

კომენტარები