M

ცოტა ხნის წინ გორში სტალინის ძეგლის აღებასთან დაკავშირებით თბილისის მეტროს ამბავი გამახსენდა. იცოდით თუ არა, რომ თბილისის მეტრო უნიკალურია მსოფლიოში? საქმე ისაა, რომ 1953 წლის 5 მარტს, სტალინის სიკვდილიდან რამდენიმე წუთში, თბილისის ქვეშ მფრინავმა სხეულმა გაიარა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთისკენ. სხეულს სფეროს ან ცილინდრის ფორმა ჰქონდა და თან ახლდა ხმოვანი ეფექტები: ტკრციალი, წრიპინი, გუგუნი. ჰქონდა თუ არა მფრინავ სხეულს სტალინთან რამე კავშირი ან რა მიზანი ამოძრავებდა მას - კეთილი თუ ბოროტი, დღემდე უცნობია. მხოლოდ ცნობილია, რომ ასეთი მოვლენა ნამდვილად მოხდა, რაც, თავის მხრივ, საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს სსრ უშიშროების სამსახურის არქივების გახსნის შემდეგ გაირკვა.

ამასთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე ვერსია. ზოგიერთის მიხედვით, მანათობელი ბურთის მსგავსი მფრინავი სხეული მეხისებურ ხმებს გამოსცემდა და დაახლოებით 10000 ვატის ძალით ერთდროულად ანათებდა წითლად, ყვითლად და თეთრად, უკან კი მიბმული ჰქონდა ცისარტყელა მეტეორის კუდივით.

მეცნიერებისთვის დღემდე აუხსნელია, მაშინ რა როგორ მოხდა. ამ ამბავთან დაკავშირებით მეორე დღეს „პრავდა” წერდა: „გუშინ, ადგილობრივი დროით 06 საათსა და 11 წუთზე, ქ. თბილისში, ავლაბრის ტერიტორიაზე, რამდენიმე მოქალაქემ დაინახა სფერული ელვა. თბილისის ავლაბრის რაიონის მილიციის განყოფილების მაიორის ვ. შეროზიას ჩვენებით: „დილის შემოვლაზე ვიყავი. შვიდი იყო დაწყებული, ცაში რომ დაიგრუხუნა და გაიელვა. #1 კლინიკურ საავადმყოფოსთან (ყოფილ „არამიანცთან”) ციდან მანათობელი სხეული დაეშვა და ავლაბრის მოედნისკენ ნელა გაფრინდა. ჰორიზონტალურად და ქაოტურად მოძრაობდა მიწიდან დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლეზე. ცეცხლოვან ბურთს ჰგავდა. თან მდუღარე რკინასავით სითბოს ასხივებდა. ბოლოს „ბურთი” შუა მოედანზე დავარდა და აფეთქდა”.

მეტი არაფერი. სიტყვაც არ იყო ნათქვამი „ბურთის” მიერ გამოცემულ ხმებზე, მის საბოლოო ტრაექტორიაზე და ა.შ. მთელი ეს ამბავი სსრკ ხელისუფლებამ მაშინ რატომღაც ისე გაასაიდუმლოა, ერთხანს ამერიკის ცენტრალურ დაზვერვაში ეგონათ, რომ იმ ღამით თბილისში საბჭოთა მეცნიერებმა დისტანციურად მართვადი ელექტრული ბომბი გამოცადეს.

გაზეთის ცნობაში „ბურთის” დავარდნის მხოლოდ დრო იყო ზუსტად მითითებული. სინამდვილეში იგი არ აფეთქებულა - მიწაში ჩავარდა. ადვილად, როგორც ქვა წყალში. ამ დროს მიწიდან შავი ჭვარტლი ამოიფრქვა, თან დამწვრის სუნიც ამოაყოლა. „ბურთი” თითქოს ქალაქს ძირს უთხრიდა, რამდენიმე წამში თბილისს მიწის ქვეშ მთელ სიგრძეზე გაუარა. კერძოდ, ავლაბრიდან მაშინდელ ლენინის მოედნამდე გაუყვა, სადაც დაახლოებით სამოცგრადუსიანი კუთხე გააკეთა, იქიდან რუსთაველის ძეგლამდე გააგრძელა გზა, იქ კიდევ ერთხელ მოუხვია, შემდეგ სულ პირდაპირ იარა დღევანდელ სანზონამდე, სადაც უკვე მიწიდან ამოვიდა და ისევ ცაში აფრინდა.

ამის შემდეგ დაიწყო მაგნიტური ქარიშხალი, რომელიც ორ დღეს გაგრძელდა. თვითმხილველთა ცნობით, ამ დროს თბილისის თავზე მომრგვალებული და სარკესავით პრიალა ღრუბლები კი არ ეკიდა, თითქოს ტივტივებდა უწონადობაში დაღვრილი ვერცხლისწყალივით.

რამდენიმე წამით, სანამ „ბურთი” მიწაში „მოძრაობდა”, თბილისი შეყანყალდა. სეისმური ტალღები ბაქოს და სტამბულის სეისმოგრაფულმა სადგურებმაც ჩაიწერეს, თუმცა, მიწისქვეშა ბიძგები ეპიცენტრში მაშინ რიხტერის შკალით სულ 5-6 ბალი იყო. თბილისი გადარჩა. მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსების ფანჯრებს მინები ჩაემსხვრა, იპოდრომთან მთა გაიპო (დღეს აქ ვაკე-საბურთალოს გზა გადის) და ლენინის მოედანზე მდგარი ლენინი შუაში ჩაიხა. ძეგლი არ დამსხვრეულა, მხოლოდ გაიბზარა, როგორც საზამთრო.

ზუსტადაა ცნობილი „ბურთის” მიწაში „მოძრაობის” ტრაექტორიაც. რამდენადაც სწორედ ამ „მოძრაობისას” გაიჭრა თბილისის ქვეშ ხვრელი, რომელიც შემდეგ მეტროდ გადაკეთდა. ძნელი სათქმელია, რა ამოძრავებდა „ბურთს - თბილისის სიყვარული თუ სიძულვილი. იქნებ უნდოდა, რომ თბილისის მიწაში ჩამარხულიყო, მაგრამ მიწამ არ მიიღო და უკან ამოაფურთხა? მხოლოდ ცნობილია, რომ 10 წლის განმავლობაში გასაიდუმლოებულ გვირაბში საბჭოთა მეცნიერებმა უცხო ცივილიზაციის კვალი ვერსად ნახეს. პარანორმალური და არამიწიერი წარმომავლობის მიწაში არაფერი აღმოჩნდა. თვითონ 20 კილომეტრი სიგრძის და ათმეტრიანი დიამეტრის ხვრელის გარდა, რომელიც მიწაში სულ რამდენიმე წამში გაიჭრა. თბილისის მეტრო 1966 წლის 11 იანვარს შევიდა ექსპლუატაციაში. გვირაბი მხოლოდ გაიტიხრა, ლიანდაგები და ესკალატორები დაემატა, სადგურებიც ქვითა და პლაფონებით მოპირკეთდა. 1985 წელს მთავარ ღერძს საბურთალოს ხაზი მიება.

კომენტარები