ქართული „ჯანი”

საქართველო არის ქვეყანა წამლის სერიოზული პრობლემით. არ ვსაუბრობ ჰეროინზე, სუბოტექსზე ან სხვა არალეგალურ საშუალებაზე. ვგულისხმობ წამალს. თითოეული ქართველის სახლში იმდენი აბია, რომ პატარა ფარმაცევტულ ლაბორატორიას გახსნიდა კაცი. ყველა ქუჩაზე, სულ ცოტა, სამი აფთიაქი იწონებს თავს.

თუმცა, ქართველები არ არიან „იპოქონდრიკები”, რომლებიც თავს შთააგონებენ, თითქოს ავად იყვნენ. საქმე სხვაგვარადაა: ისინი მუდამ ავადმყოფობის შიშის ქვეშ ცხოვრობენ და წამლები სახლში არის ერთგვარი თილისმა, რომელიც ავ სულებს აფრთხობს. საქართველო არის ადგილი, სადაც სველი თმით სიარულს ჩუტყვავილასავით გაურბიან და უმნიშვნელო გაციება საავადმყოფოში გასეირნების გარანტიაა, თანაც, სასწრაფოთი.

თვეები გავიდა მას შემდეგ, რაც დანარჩენი სამყარო მიხვდა, რომ ღორის გრიპის ეპიდემია საინფორმაციო გამოშვებების გაბუქული ამბავი უფრო იყო, ვიდრე ნამდვილი საფრთხე. თბილისის ქუჩებში კი დღესაც გადააწყდებით (ალბათ, ბაქტერიებით სავსე) ქირურგიული ნიღბებით მოსიარულე ადამიანებს. რა თქმა უნდა, თავის დაზღვევაში ცუდი არაფერია, მაგრამ ეს ნიღბიანი ადამიანები, რომელთაც ავადმყოფობის შიში უბიძგებთ, მექსიკელი ბანდიტებივით აღკაზმულებმა იარონ, სულაც არ დაგიდევენ გზებზე ელვისებური სიჩქარით მანქანის ქროლვას ღვედის გარეშე, მოწევის ლამის სპორტის ოლიმპიურ სახეობად ქცევას, გიჟური მოძრაობის დროს ქუჩის გადაკვეთას... აბა, თავს ხომ არ შეიწუხებენ მიწისქვეშა გადასასვლელამდე ზედმეტი ოცი მეტრის გავლით.

ფაქტია, ერი, რომელსაც თან სდევს დაავადების შიში, სრულიად უგულებელყოფს პირად უსაფრთხოებას. შეხედეთ რუსთაველს: ქალაქის მერიამ წამოჭიმა მასიური რკინის მესერი, უზარმაზარი კლუმბი ყვავილებისთვის, მაგრამ მაინც - ადამიანები უბრალოდ აცოცდებიან ამ დაბრკოლებებს და ასე, პირდაპირ გადაჭრიან ხოლმე სწრაფი, ქაოსური მოძრაობის ოთხზოლიან მონაკვეთს. მავთულხლართები, ტყვიამფრქვევები და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები რომ დაამონტაჟონ, დარწმუნებული ვარ, თბილისელები ოთხიდან ერთი მიწისქვეშა გადასასვლელით (დავითვალე!) სარგებლობას მაინც სიცოცხლის სასწორზე შეგდებას ამჯობინებენ.

მერიაზე გამახსენდა. ახლა ჩემს სახურავს აკეთებენ. ზუსტად ამ წუთას ათამდე ადამიანი ბალანსირებს საუკუნოვან დირეზე მეოთხე სართულის სიმაღლეზე. არც ერთი მათგანი არ არის აღჭურვილი სათანადოდ, არანაირი საშუალება არ აქვთ, რაც ჩამოვარდნას წინ აღუდგებოდა. ყოველ ცისმარე დღეს, წვიმაა თუ დარია, ისინი სიცოცხლეს რისკავენ - მაგრამ ნაძლევს დავდებ, არც ერთი მათგანი არ გამოვიდოდა გარეთ სველი თმით.

კომენტარები