საქართველოს ბესტსელერები

დღეს საქართველოს ბესტსელერებზე მოგიყვებით.

ახლა 2010 წელია. ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ და ქართულ ენაზე ვკითხულობთ ქართულად დაწერილ (ან ქართულ ენაზე ნათარგმნ) წიგნებს. თუმცა, მთლად ასე რიხიანადაც არ არის საქმე.

საქმე ისაა, რომ საქართველოში 1500 წიგნზე მეტი არ იყიდება... და ესეც წარმატების შემთხვევაში. საქართველოში მხოლოდ ის წიგნი ითვლება ბესტსელერად, რომელსაც 1500 (ჰა-ჰა, 2000) მყიდველი ჰყავს.

ო, რა სიამოვნებით დავიკიდებდი სახლში ამ 2000 კაცის (თუ ქალის) ფოტოს... ჩემთვის (და ჩემი კოლეგებისთვის) ეს ხალხი ყველაფერია, რადგან ეს 2000 რომ არ იყოს, ნათესავებში და მეგობრებში მოგვიწევდა ჩვენ-ჩვენი წიგნების ჩამორიგება, ან საწოლის ქვეშ შეტენვა მთელი ტირაჟის, როგორც XX საუკუნის ბნელ ოთხმოცდაათიანებში იყო. მაშინ ხომ 50 ცალსაც ვერ გაყიდდა საწყალი, წესიერი მწერალი (თორემ უწესოები რაღაცნაირად მაინც ახერხებდნენ თავიანთი წიგნების გაყიდვას - სახელმწიფო ყიდულობდა მთელ ტირაჟს)!

ჩვენ გვიყვარს ქართველ წმინდანთა და გმირთა რიცხვობრივი აღნუსხვა: 1000 თავმოკვეთილი... 100 000 მოწამე... 9 ძმა ხერხეულიძე... 1 ძაღლი და 4 ტანკისტი... ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ჩემთვის ის 2000 იწოდებოდეს გმირად! 2000, რომელიც რეგულარულად შედის წიგნის მაღაზიაში... 2000, რომელიც რეგულარულად ყიდულობს თანამემამულე-მწერალთა (ან მთარგმნელთა მიერ გადმოქართულებულ) წიგნებს... რედაქტორი არ მომცემს ამის ნებას, თორემ მათ სახელ-გვარებსაც გამოვაქვეყნებდი. ტელეფონის ნომრების მსგავს წიგნად ვაქცევდი ამ ჟურნალს!

თუმცა, არის გამონაკლისებიც - ანუ, ზოგჯერ, მაგიური ციფრი 2000 სხვა, უფრო შთამბეჭდავ რიცხვად გარდაისახება და მწერლებსაც სასიამოვნოდ ეხვევათ თავბრუ - ნუთუ ამდენი გმირია ჩემს ქვეყანაში?

„ჰარი პოტერის” ქართული თარგმანი (I წიგნი), არც მეტი, არც ნაკლები, 25 000 ცალი გაიყიდა! წიგნის მაღაზია „პარნასში” ისეთი კაციც კი შევარდნილა, რომელიც მხოლოდ „ჰარი პოტერს” თვლიდა წიგნად.
- წიგნი სად არის, წიგნი! - დარბოდა, თურმე, თაროებს შორის.

თუმცა, სასულიერო პირთა და ქართულის მასწავლებელთა ერთმა ნაწილმა ისეთი ენერგიით შეუტია ამ ზღაპარს, რომ გამომცემელ ბაკურ სულაკაურს საწოლის ქვეშ მოუხდა „ჰარი პოტერის” II წიგნის მთელი ტირაჟის შემალვა... ძლივს გაიყიდა 1000 ცალი.

მასწავლებლებმა თქვეს: ბავშვებს „ელგუჯა” არა აქვთ წაკითხული და „ჰარი პოტერის” კითხვა სრულიად დაუშვებელიაო, ზოგ საეკლესიო გამოცემაში კი ისეთი სტატიები დაიბეჭდა, რომ ამ გაზეთ-ჟურნალთა მკითხველები საგონებელში ჩაცვივდნენ - თუკი „ჰარი პოტერს” წავიკითხავთ, ჯოჯოხეთში მოვხვდებით, ეს წიგნი სატანისტი ქალის დაწერილიაო.

ასე რომ, ჰარი პოტერი ჩვენთან სამარცხვინოდ დამარცხდა, იზეიმა გონიერებამ!

ქართული ბესტსელერია გოჩა მანველიძის „მგლები”. სადღაც 7-8 ათასამდე ეგზემპლარი გაყიდულა. ხალხს აინტერესებს კანონიერ ქურდთა ამბები და დიდი სითბოთი ეტანება ამათთა ყოველ წამოტირ-წამოკვნესებას...

ბესტსელერია ვახუშტი კოტეტიშვილის „მოუკრეფავნი” - უხამსობათა გენიალური ლექსიკონი, რომელიც თითქმის ყველა ქართულ ოჯახში მოხვდა, მაგრამ ეს ფაქტი ცოტამ თუ აღიარა.

ბესტსელერია პაულო კოელიოს „ალქიმიკოსი”, რომელიც ასევე რამდენიმე ათასი ცალი გაყიდულა...
- უმეტესად ქალები ყიდულობენ, - მითხრეს წიგნის მაღაზიაში, მე კი ერთი ჭკვიანი მწერლის სიტყვები გამახსენდა: პაულო კოელიო ზედაპირული ქალბატონებისთვის წერს, რომელთაც პაულო კოელიო სერიოზული მწერალი ჰგონიათ და თან უხარიათ, რომ ამ სერიოზულობის დაძლევას ახერხებენო.

ბოლო დროს არც ერთი წიგნი არ გაყიდულა ისე კარგად, როგორც დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა”. საუბარია, არც მეტი, არც ნაკლები, 10 000 გმირ-მყიდველზე!

- ქართველ ხალხს, მოგეხსენება, ყველაფერი იზიდავს, რაც სიკვდილთან არის დაკავშირებული, - ასე ამიხსნა ავტორმა ამ წიგნის წარმატების მიზეზი.

ბესტსელერთა ავტორია აკა მორჩილაძეც, რომლის გარეშეც, ვფიქრობ, არც ის სტაბილური 2000 კაცი იქნებოდა და არც ის არასტაბილური (ჰარი პოტერთან ერთად გამქრალი) 25 000. ჩემი აზრით, საქართველოში ხალხს სწორედ აკა მორჩილაძემ გაახსენა კითხვა.

მასზე ცალკე დავწერ.

კომენტარები