ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი

ოკუპირებულ ცხინვალში მარიონეტული რეჟიმის ახალი ე.წ. პრემიერმინისტრი დაინიშნა

ძამბოლატ ტადტაევი  
RES news agency  

ოკუპირებულ ცხინვალში მარიონეტული რეჟიმის ახალ ე.წ. პრემიერმინისტრად ძამბოლატ ტადტაევი დაინიშნა.

ოპოზიციურმა პარტიამ “ერთიანმა ოსეთმა” უარი თქვა ე.წ. პრეზიდენტ ალან გაგლოევის მიერ პრემიერმინისტრის პოსტზე წარდგენილი კანდიდატის, ძამბოლატ ტადტაევის მხარდაჭერაზე. პარტიის საპარლამენტო ფრაქციამ, თავმჯდომარე აცამაზ ბიბილოვის ხელმძღვანელობით, პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. ოპოზიცია ე.წ. "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის" სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისს პირდაპირ უკავშირებს ტადტაევს, რომელიც ბოლო დრომდე ე.წ. ვიცე-პრემიერისა და ე.წ. ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

21 იანვარს ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა წინა მთავრობა დაითხოვა.

ე.წ. მთავრობა დაითხოვეს 39 მილიონი დოლარის შესაძლო მითვისების ბრალდებების ფონზე. გაგლოევმა ეს გადაწყვეტილება “რუტინულ სიტუაციად” შეაფასა.

აცამაზ ბიბილოვმა ტადტაევიც და გაგლოევიც დაადანაშაულა 2025 წლამდე გათვლილი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის შეუსრულებლობაში. 

მიუხედავად 2022–2025 წლების პროგრამის ჩავარდნისა, გაგლოევმა და ტადტაევმა დაუყოვნებლივ გამოაცხადეს ახალი, 2026–2030 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმის დაწყება, რომელიც, როგორც წინა პროგრამა, რუსეთის მიერ დაფინანსდება.

ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, ე.წ. პარლამენტმა ტადტაევის კანდიდატურა მაინც დაამტკიცა. იმავე დღეს გაგლოევმა ძამბოლატ ტადტაევის ე.წ. პრემიერმინისტრად დანიშვნის ბრძანებას ხელი მოაწერა.

ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, ტადტაევის კანდიდატურაზე გავლენა შესაძლოა ჰქონოდა მის ოჯახურ კავშირებს ე.წ. პრეზიდენტის ერთ-ერთ ახლო მოკავშირესთან,  ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის კგბ-ის პირველი მოადგილესთან, ალექსანდრ ტუაევთან. ტადტაევი ტუაევის სიძეა. ის ასევე არის არსენ გაგლოევის ნათლული, რომელსაც, გავრცელებული მოსაზრებით, მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ალან გაგლოევის ე.წ. პრეზიდენტად მოსვლაში.

 

კომენტარები