გამოცემა Washington Post-მა საქართველოსთან დაკავშირებით სარედაქციო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ ქართული ოცნების "მზარდად ავტორიტარული მთავრობა საფრთხეს წარმოადგენს კავკასიაში ტრამპი სტრატეგიისთვის," ვინაიდან ქვეყანა, რომელიც "აშშ-ს ყოფილ მოკავშირედ" არის დახასიათებული, "ირანის ორბიტისკენ იხრება".
სტატიაში ხაზგასმულია, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ ერევანში გამართული ბოლო ვიზიტი, რის ფარგლებშიც მან სომხეთთან სტრატეგიულ მინერალებზე შეთანხმება გააფორმა და ქვეყნის დასავლურ კურსს მხარდაჭერა გამოუცხადა, მიანიშნებს, თუ რამდენად სერიოზულად უყურებენ თეთრ სახლში სამხრეთ კავკასიის რეგიონს.
თუმცა, გამოცემის სარედაქციო კოლეგიის მიხედვით, ტრამპის ადმინისტრაციის ყურადღების მიღმა რჩება ის ფაქტი, რომ რეგიონში ერთ დროს ვაშინგტონის "სანდო მოკავშირე" საქართველო სულ უფრო "ანტიამერიკულ" პოლიტიკას ატარებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში ქართული ოცნების მთავრობა, დასავლელ მოკავშირეებთან კავშირების ხარჯზე, ფეხს უწყობდა რუსეთს და, ამავდროულად, ირანის რეჟიმთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობდა.
ირანულ გავლენაზე საუბრის ნაწილში ავტორებს მოყვანილი ჰყავთ "ჰადსონის ინსტიტუტის" ბოლო ანგარიში, რაზე დაყრდნობითაც ისინი წერენ, რომ ქართული ოცნების მთავრობამ ირანს "საქართველოში რელიგიური სკოლების, ახალგაზრდული ორგანიზაციების, საქველმოქმედო ორგანიზაციების საფარქვეშ მოქმედი სტრუქტურებისა და გამოცემების ქსელის შექმნის საშუალება მისცა, რომლის სამიზნეც საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი, შიიტი უმცირესობაა".
ერთ დროს აშშ-ს მოკავშირე საქართველოში ირანის გავლენა გაიზარდა – ჰადსონის ინსტიტუტის კვლევა
სტატიის ავტორები წერენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაღრმავების ფონზე, "საქართველო მაგიდასთან ადგილის მოპოვებას ცდილობს".
"ქართული ოცნება უდავოდ შესთავაზებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტრანზაქციულ ურთიერთობას, მაგრამ ეს არის მთავრობა, რომელიც ღიად ცდილობს ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკ მტერთან დაახლოებას." – ვკითხულობთ Washington Post-ის სარედაქციო სტატიაში.
ავტორების თქმით, საქართველოს მხრიდან უფრო კონსტრუქციული მიდგომის გარეშე, რაც "პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, სამოქალაქო თავისუფლებების აღდგენასა და პროდასავლური სამოქალაქო საზოგადოების შევიწროების შეწყვეტას მოიცავს", არ არსებობს საფუძველი იმისთვის, რომ ტრამპის ადმინისტრაცამ საქართველო მომავალ მოკავშირედ განიხილოს.
"რატომ გააძლიერებს ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს მზარდად ავტორიტარულ მთავრობას, თუ მანამდე არ დაინახავს არსებით ცვლილებებს, რომლებიც აჩვენებს, რომ თბილისს შეუძლია, იმაზე უფრო კონსტრუქციული როლი ითამაშოს, ვიდრე ბოლო წლებში ასრულებდა?" – წერს გამოცემის სარედაქციო კოლეგია.




