ირანული გავლენა საქართველოში

კანდელაკი: "სამართლებრივ რეაგირებას" რეპორტი კი არა, საკუთრივ პრობლემა საჭიროებს

ირანის რეჟიმის გავლენა ჩვენს ქვეყანაში ასე გაჯეჯილებული რომაა, ნამდვილად რთულად დასაჯერებელია, თან ამხელა რეპორტის კითხვაც ყველას ეზარება. "არცერთი ფაქტი არ არის" ნარატივს პროპაგანდამ, ალბათ, ამიტომაც ჩააჭირა.

აქ, უბრალოდ, რამდენიმე ფაქტი ამოვკრიბე, რამდენიმე კი რეპორტის გამოქვეყნების შემდეგ გახდა ცნობილი. ყველაფერი, რაც ანგარიშშია, საჯაროდ ცნობილი ინფორმაციაა. ბევრი სხვა ფაქტის ნახვა საკუთრივ ანგარიშში შეიძლება, რომელიც ჰადსონის ინსტიტუტის საიტზე დევს და რომლის წაკითხვაც ყველას შეუძლია.

ფაქტი 1. საქართველოში ფუნქციონირებს ირანის მთავრობის მიერ დაფინანსებული ალ მუსტაფას უნივერსიტეტი სამი ფილიალით, გარდაბანში, მარნეულში და თბილისში (ფონიჭალაში), მაშინ როცა რეჟიმი ხურავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს.

ფაქტი 2. ალ მუსტაფას უნივერსიტეტი სანქცირებულია ამერიკის მთავრობის მიერ, 2020 წლის შემდეგ, ირანის უშიშროების მიერ მისი სტუდენტების ინდოქტრინაციის და რეკრუტირების გამოყენებისთვის, აშშ აღმასრულებელი ბრძანებით 13244 (გვ. 17) ამერიკის ხაზინის თანახმად, "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყუდსის ძალები უნივერსიტეტს იყენებს უცხოეთის უნივერსიტეტებთან სტუდენტთა გაცვლებისთვის უცხოელი სტუდენტების ინდოქტრინაციის და რეკრუტირების მიზნით.“ (იქვე).

ფაქტი 3. ამ უნივერსიტეტის ერთმა "აკადემიური“ თანამდებობის პირმა, მოშენ რაბანიმ, ებრაული სათემო ცენტრი ააფეთქა არგენტინაში და 88 კაცი მოკლა. მეორე, სეიდ მოჯთაბა ჰოსეინი ნეჯადი, მექსიკაში ისრაელის ელჩის მკვლელობას აორგანიზებდა (FDD, 2 დეკემბერი, 2025).

ფაქტი 4. ამ უნივერსიტეტში არც თუ ცოტა, ძირითადად, ჩვენი ეთნიკურად აზერბაიჯანელი თანამოქალაქე სწავლობს. უნივერსიტეტი კურსდამთავრებულთა კონფერენციებსაც ატარებს. ერთ-ერთ მათგანს 100-ზე მეტი კურსდამთავრებული და უნივერსიტეტის ცენტრალური მმართველი საბჭოს წევრი, ზემოთხსენებული მოშენ რაბანის კოლეგა და მოგვარე სეიდ ჰასან რაბანი დაესწრო (გვ. 19). თუ სხვაგან იყენებენ ამ უნივერსიტეტს ირანის სპეცსამსახურები რეკრუტირებისთვის - საქართველოში არ იყენებენ?! ის, რომ ალ მუსტაფას არ აქვს ავტორიზაცია და აკრედიტაცია, მართალია, თუმცა მერე რა?! ის ხომ არსებობს და ფუნქციონირებს.

ფაქტი 5. საქართველოში ფუნქციონირებენ ირანული ვითომ არასამთავრობო, სინამდვილეში კი სამთავრობო ორგანიზაციები და ფონდები, რომელთაც აშშ. და სხვა დასავლური ქვეყნები მიიჩნევენ ირანის სპეცსამსახურების საფარად (გვ 23). ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციაა აჰლ ალ ბეითის მფსოფლიო ასამბლეა (იგივე აჰლიბეითი), რომელიც საქართველოში ადრეც არსებობდა, მაგრამ ბოლო დროს განსაკუთრებით მოძლიერდა. ეს ორგანიზაცია პირდაპირაა დაკავშირებული ჰეზბოლასთან. ჰეზბოლას აწ გარდაცვლილი ლიდერი ჰასან ნასრალა პირდაპირ აჰლიბეითის ბორდის წევრი იყო. თუ ამერიკის მთავრობა გადაწყვეტს რომელიმე არასამთავრობოს გრანტი მისცეს, ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა ექვს წელ ციხეს ითვალისწინებს, ეს ირანული ორგანიზაციები კი უპრობლემოდ მუშაობენ.

ფაქტი 7. საქართველოში ხუთდღიანი ვიზიტით ჩამოსული იყო აჰლი ბეითის პრეზიდენტი აიათოლა ალი რამეზანი. მანამდე, ის 9 წელი ხელმძღვანელობდა და ჰამბურგის ისლამურ ცენტრს რომელიც 2023 წელს გერმანიის შსს-მ რეიდით დახურა. გერმანიის მაშინდელი შსს მინისტრის ნენსი ფაესერის თქმით, ეს ცენტრი ახდენდა "ისლამისტურ-ექსტრემისტული ტოტალიტარული იდეოლოგიის პოპულარიზაციას გერმანიაში. ეს ისლამისტური იდეოლოგია ეწინააღმდეგება ადამიანის ღირსებას“ (გვ. 25). მისივე თქმით, ცენტრი "პირდაპირ იყო დაკავშირებული ხეზბოლასთან და ახდენდა აგრესიული ანტისემიტიზმის გავრცელებას“ (იქვე).

აი, ამ ცენტრის შემქმნელი საქართველოში იყო ჩამოსული ხუთდღიანი ვიზიტით, ჩაატარა არაერთი საჯარო შეხვედრა, ჩაიბარა ირანთან დაკავშირებული ორგანიზაციების ანგარიშები და გასცა ინსტრუქციები. ყველაფერი საჯაროდ. მან, ასევე, საჯაროდ განაცხადა რომ საქართველო უნდა იქცეს აჰლიბეითის რეგიონულ ბაზად და ასევე აღნიშნა რომ შემუშავებულ უნდა იქნას 10-წლიანი სტრატეგია.

ფაქტი 8. ამ ორგანიზაციასთან პირდაპირაა დაკავშირებული თბილისის აჰლიბეითის მეჩეთი ფონიჭალაში, სადაც რეგულარულად იმართება პოლიტიკური შინაარსის პროირანული ღონისძიებები. ერთი მაგალითი - სწორედ ამ მეჩეთში წელს, 21 მარტს, ჩატარდა აიათოლა ხამენეისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც ბავშვები ესწრებოდნენ და რომელთაც ახუნდი რახიდ ქერიმოვი "ისლამის მტრების წინაშე ვალდებულებებზე ესაუბრა“ (ტაბულა, 21 მარტი, 2026).

ფაქტი 7. ჩვენს ქვეყანაში, აჰლი ბეითის გარდა კიდევ მრავალი ორგანიზაცია ფუნქციონირებს. მაგალითად, იმამ ალის ფონდი, ალულ ბეითი და აშ. ისინი რეგულარულად ატარებენ მსგავსი სახის ღონისძიებებს, მაგალითად ჰასან ნასრალასადმი მიძღვნილ კონფერენციებს (გვ 30-31).

ფაქტი 8. საქართველოს მოქალაქე, რომელიც სწავლობდა ამ ქსელში შემავალ ერთ-ერთ დაწესებულებაში და, შემდეგ, ორი წელი ირანში, დააკავეს საბერძნეთში აშშ საზღვაო ბაზაზე ჯაშუშობისთვის (რადიო თავისუფლება, 11 მარტი).

ფაქტი 9. ყველა ეს და მსგავსი ორგანიზაცია აკრძალულია აზერბაიჯანში.

ჩვენს რეპორტში ბევრად მეტი ფაქტია მოყვანილი, ვისაც აინტერესებს, მათ შორის ჟურნალისტებს, შეუძლია გაეცნოს - რეპორტი მარტის შემდეგ დევს ჰადსონის ინსტიტუტის საიტზე.

"სამართლებრივ რეაგირებას“ საჭიროებს არა ეს რეპორტი, რომელიც საჯაროდ ცნობილი ფაქტების აღნუსხვაა, არამედ საკუთრივ პრობლემა, რომელიც ხელის გულზეა.

P.S. ანგარიშის ფოკუსი საერთოდ არ არის სანქციების საკითხი.

წერს ჰადსონის ინსტიტუტის მიერ გამოცემული ანგარიშის ავტორი, გიორგი კანდელაკი.

ივანიშვილის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გიორგი კანდელაკს ანგარიშის გამო ორჯერ უწოდა მოღალატე და თქვა, რომ "შეიძლება, სამართლებრივი რეაგირებაც არ იყოს ურიგო".

"როდესაც ასეთ დროს ეს სამარცხვინო ადამიანი გამოდის და პირდაპირ ჩადის სამშობლოს ღალატს და ასეთ რაღაცებს ლაპარაკობს აშშ-ში, ეს არის ჩვეულებრივი ღალატი. პოლიტიკურ ენაზე ამას ჰქვია ღალატი, სამართლებრივ ენაზე რა ჰქვია, ამას შესაბამისი უწყებები დაადგენენ" - თქვა კობახიძემ

კომენტარები