ჰექსოგენი

"ჰექსოგენის საქმეზე" დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებს 7 და 10 წლით პატიმრობა მიესაჯათ

სუს/ვიდეოკადრი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ ჰექსოგენის საქმეზე ბრალდებული უკრაინის მოქალაქეები დამნაშავედ ცნო. ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება-გასაღების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს 7 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის 10 სექტემბერს, სატვირთო ავტომანქანამ, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით, რუმინეთის და ბულგარეთის გავლით, თურქეთიდან სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა და საბაჟო გამშვები პუნქტის სარფის გავლით ქვეყანაში შემოვიდა.

ავტომანქანის მძღოლმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე შენიღბული გზით შემოიტანა ჰექსოგენის შემცველი ფეთქებადი ნივთიერება, რომელიც წარმოადგენს ძლიერმოქმედ ნივთიერებას და ვარგისია გამოსაყენებლად. ხსენებული ფეთქებადი ნივთიერება ავტომანქანის მძღოლმა საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეს გადასცა, რა დროსაც ორივე პირი დააკავეს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მის დროებით საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება "კოკაინს“. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ერთ პირს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით, ხოლო მეორეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა" - აცხადებს პროკურატურა.

2025 წლის 11 სექტემბერს სუს-მა განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქეს სატვირთო მანქანით საქართველოში 2.4 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი შემოჰქონდა - საქმეზე უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს.

12 სექტემბერს სუს-მა დაიწყო გამოძიება, არსებობდა თუ არა კავშირი ასაფეთქებლის შემოტანასა და 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების პარალელურად დაანონსებულ საპროტესტო აქციას შორის. სუს-ისვე ინფორმაციით, ერთ-ერთმა დაკავებულმა ჩვენებაში აღნიშნა, რომ ნივთიერების საბოლოო დანიშნულება იყო რუსეთი, სადაც სპეცოპერაცია უნდა ჩატარებულიყო.

სუს-ის ნარატივს იმეორებს რუსი სენატორიც. როგორც ТАСС-ი წერდა, მან საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანა, სუს-ზე დაყრდნობით, არჩევნებსა და საპროტესტო აქციებს დაუკავშირა. მისი მტკიცებით, "უკრაინელი აგენტები ცდილობენ ქვეყანაში ისედაც დაძაბული სიტუაციის დესტაბილიზებას", წერს ТАСС-ი. 

სავარაუდოდ, რუსეთის ობიექტებზე იერიშების მისატანად ასაფეთქებლები უკრაინის სპეცსამსახურებს საქართველოს გავლით წარსულშიც შეუტანიათ. 2022 წელს ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანის აფეთქების შედეგად სავალი გზის ნაწილი ჩაინგრა. მაშინ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (ФСБ) ირწმუნებოდა, რომ მათ ტერიტორიაზე ასაფეთქებლით დატვირთული სატვირთო ბულგარეთის, სომხეთისა და საქართველოს გავლით შევიდა. ბრალდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო.

2025 წლის ივლისში ФСБ, რამდენიმე პირის დაკავების შემდეგ ირწმუნებოდა, რომ უკრაინა ყირიმის ხიდზე მორიგ თავდასხმას გეგმავდა და ასაფეთქებელი ნივთიერება რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოს გავლით მოხვდა. მაშინ მამუკა მდინარაძემ ეს ბრალდება არც უარყო და არც დაადასტურა. "შეიძლება ასეც იყოს, ან არ იყოს, ყოველ შემთხვევაში, ამ ვერსიის გამორიცხვა არ შეიძლება." - თქვა მდინარაძემ.

კომენტარები