21 მაისს ოკუპირებულ ცხინვალში რუსი პროპაგანდისტი რეჟისორი, ანა ტიცი მდინარე ლიახვში ჩავარდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ახლაც გრძელდება. ანა ტიცი ცხინვალში რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის მხარეს მებრძოლი ოსების შესახებ გადაღებული პროპაგანდისტული ფილმის ჩვენებისთვის ჩავიდა.
შემთხვევა ჯავის რაიონის სოფელ ზგუბირში მოხდა. როგორც რუსული მედია წერს, 52 წლის ანა ტიცი გადამღებ ჯგუფთან ერთად სასეირნოდ წავიდა და კოლეგასთან ერთად დაკიდებული ხიდიდან გადავარდა - კაცის გადარჩენა შეძლეს, ხოლო ანა სწრაფმა დინებამ წაიღო.
რაიონში მასშტაბური სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს, თუმცა პროცესს ართულებს ის, რომ რეგიონში ახლა წყალდიდობებია და მდინარის დონე მნიშვნელოვნადაა მომატებული. სამაშველო ოპერაციებში ოკუპირებული ცხინვალის 100 მაშველი და პოლიციელია ჩართული.
რუსული მედია ТАСС აღნიშნავს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთმა სამუშაოებში დახმარება ქართულ მხარესაც სთხოვა და სამაშველო ოპერაცია თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეც მიმდინარეობს.



