ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი, 21 მაისს სიტყვით გამოვიდა ჰადსონის ინსტიტუტში საქართველოს შესახებ გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც ქვეყანაში "ქართული ოცნების" მთავრობის პირობებში ირანული გავლენის ზრდასა და ავტორიტარიზმის დამყარებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს ეხებოდა.
უილსონის გარდა ღონისძიების სპიკერებს შორის იყვნენ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი, და ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლუკ კოფი, რომელიც საქართველოში ირანის გავლენის შესახებ მომზადებული კვლევის თანაავტორები არიან.
უილსონის თქმით, "ომის დამნაშავე პუტინის მეგობარი ოლიგარქი ივანიშვილის მიერ საქართველოზე მაფიოზური კონტროლის დამყარებას დამანგრეველი შედეგები ჰქონდა ამერიკის სტრატეგიული ინტერესებისა და მამაცი ქართველი ხალხისთვის."
"ქართული ოცნება მხარს უჭერს თეირანის ტერორისტულ რეჟიმს. 2026 წლის თებერვალში ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი ირანის საელჩოში გამართულ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც 1979 წლის ირანული რევოლუციის წლისთავს ეძღვნებოდა. ამ რევოლუციით დამხობილი მთავრობა ჩაანაცვლა რეჟიმმა, რომელიც 47 წელია, რაც დასავლურ ცივილიზაციასთან ომშია.
ამასთან, თბილისის სატელევიზიო ანძა ირანის დროშის ფერებში იყო განათებული, რაოდენ გულისამრევია ეს – ტოტალიტარული დიქტატურისადმი ამგვარი პატივისცემა. მალევე ოპერაცია "ეპიკური რისხვა" დაიწყო – და ესეც დაუჯერებელია – ქართული ოცნების მთავრობის წარმომადგენელმა ირანის საელჩოში გროტესკულად და დასანახად მოაწერა ხელი სამძიმრის წიგნში, რომელშიც სამძიმარს გამოთქვამდა დიქტატორი ხამენეის მიმართ და გმობდა ირანზე ამერიკის თავდასხმებს, რომლებიც მიმართული იყო ირანის მიერ ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობის საწინააღმდეგოდ. ხამენეის დატირება იმავე წელს, როცა მან 50 000 ირანელი მოქალაქე მოკლა, უბრალოდ წარმოუდგენელია, მაგრამ ეს ძალიან ბევრს ამბობს ქართული ოცნების მთავრობის ორიენტაციაზე.
მიმდინარე ომში ქართულმა ოცნებამ ირანს დახმარება გაუწია, როდესაც ირანის მიმართულებით საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მისცა რუსულ საჰაერო გადამზიდ თვითმფრინავებს, რომლებსაც მარაგები მიჰქონდათ ირანული რეჟიმის დასახმარებლად და პრეზიდენტი ტრამპისთვის ძირის გამოსათხრელად, რომელიც ასე წარმატებით არიგებს სხვა ქვეყნებს – ვინ წარმოიდგენდა ოდესმე ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს, პრეზიდენტ ალიევსა და პრემიერმინისტრ ფაშინიანს, ერთად აშშ-ს ოვალურ კაბინეტში? ესეც გარკვეული მიღწევაა.
თუმცა, რასაც ისინი აკეთებენ, კავკასიაში მიღწეული წარმატებისთვის ძირის გამოთხრას ნიშნავს.ქართული ოცნების კოშმარმა ასევე ხელი შეუწყო ირანულ საქველმოქმედო ფონდებს, რაც ირანული პოლიტიკური თეოლოგიისადმი ერთგულების გაძლიერებასა და ირანის შიიტური საზოგადოების რადიკალიზაციას უწყობს ხელს. საქართველოს სახელმწიფო რელიგიურმა ინსტიტუტებმა ირანის რეჟიმის უმაღლესი რანგის აიათოლებსაც კი უმასპინძლეს, რომლებიც გაიძახდნენ "სიკვდილი ამერიკას".
ქართულმა კოშმარმა ირანთან ეკონომიკური კავშირებიც გააღრმავა, რამაც ქვეყნებს შორის ვაჭრობა 322 მილიონ დოლარამდე გაზარდა და ირანი თანდათან სანქციებისთვის გვერდის ავლის ცენტრად აქცია. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის პასუხისმგებლობაში გადავიდა და მათ კონტროლს დაექვემდებარა შავ ზღვაში მდებარე პორტი, რასაც, თავის მხრივ, შედეგები აქვს ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვისაც." – განაცხადა კონგრესმენმა უილსონმა.





