სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, პანკისში, ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამურ სახელმწიფოში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს.
"გასულ ღამეს, პანკისის ხეობის სოფლებში: ომალოში, ბირკიანსა და ჯოყოლოში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს 3 მოქალაქე დავაკავეთ.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს რიგებში გაერთიანდნენ და ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით, უცხო ქვეყნიდან გარკვეულ მითითებებს იღებდნენ. ისინი პანკისის ხეობაში ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ე.წ. ჯამაათის ჩამოყალიბებასა და ტერორისტულ საქმიანობაში სხვა პირების ჩართვას ცდილობდნენ, რისთვისაც სხვადასხვა ლოკაციაზე ფარულ, კონსპირაციულ შეხვედრებს აწყობდნენ და ტერორისტული იდეოლოგიის პროპაგანდას ეწეოდნენ [...]
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია რამდენიმე ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერება, საბრძოლო მასალა, მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და სხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები. ასევე, ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს დროშა, მათი სიმბოლიკის ამსახველი ნივთები და პირადი დოკუმენტები". - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაშიგაერთიანება ან ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) მუხლებით მიმდინარეობს, რაც 10-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სუს-ის ცნობით, დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენის მიზნით, გამოძიება გრძელდება.




