ე.წ. ისლამური სახელმწიფო

აშშ-მ სირიაში ვერტმფრენის იერიშით ISIS-ის ორი მაღალჩინოსანი მოკლა

11 დეკემბრის დილით აშშ-ს ძალებმა აღმოსავლეთ სირიაში ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს (ISIS) ორი გავლენიანი წევრი ვერტმფრენის იერიშის შედეგად მოკლა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა.

ცენტრალური სარდლობის თქმით, ოპერაცია მხოლოდ აშშ-ს მიერ იყო დაგეგმილი და ჩატარებული. მათი წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმას მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ორ მოკლულს შორის ერთ-ერთი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სირიის პროვინციის მაღალჩინოსანი, იყო, რომელიც აღმოსავლეთ სირიაში ჯგუფის მომაკვდინებელ საქმიანობებში იყო ჩართული. ის ანასის სახელით იყო ცნობილი. 

აშშ-ს ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ ISIS-ის ორი მაღალჩინოსნის სიკვდილი ჯგუფს ახლო აღმოსავლეთში მორიგი თავდასხმების განხორციელებაში ხელს შეუშლის.

ორი კვირის წინ აშშ მიესალმა ინფორმაციას, რომელსაც თავად ISIS-ი ავრცელებდა, რომ ჯგუფის ლიდერი, აბუ ალ-ჰასან ალ-ჰაშიმი ალ-კურაიში მოკლეს. ის აშშ-ს ოპერაციის შედეგად არ მოუკლავთ, წინა ლიდერის, ჰაჯი აბდულასგან განსხვავებით, რომელიც თებერვალში მოკლეს.  აბუ ალ-ჰასან ალ-ჰაშიმი ალ-კურაიში ოქტომბრის შუა რიცხვებში თავისუფალი სირიის არმიის მებრძოლებმა მოკლეს. 

ბოლო ლიდერის სიკვდილის შემდეგ, ISIS-მა ახალ მეთაურად აბუ ალ-ჰუსაინ ალ-ჰუსაინი ალ-კურაიში გამოაცხადა, რომლის შესახებაც ცოტა რამ არის ცნობილი, მაგრამ დაჯგუფება მას ახასიათებს, როგორც "ძველ მებრძოლს".

კომენტარები