ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული ოცნება მზად არის, დიუშენით დაავადებული ბავშვების საკითხზე "ისაუბროს ყველასთან, მათ შორის, საქართველოს პატრიარქთან. კობახიძის განცხადებით, "ჩვენ დღეს გვაქვს კონკრეტული პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით, თუ ვინმე სხვა რამეში დაგვარწმუნებს, ბუნებრივია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს".
"რაც შეეხება ამ საკითხს, ის თანხა, რომელზეც არის საუბარი, იქნება ეს 50 მილიონი თუ 60 მილიონი, ეს არ არის ის თანხა, რომელსაც ჩვენ პერსონალური ჯიბიდან ვიღებთ და გავცემთ, ეს არის ხალხის ფული, გადასახადის გადამხდელთა “თანხების ერთობლიობა, აქედან გამომდინარე, ერთადერთი, რამაც ჩვენ შეიძლება შეგვაკავოს, როდესაც საუბარია თანხების პრაგმატულ ხარჯვაზე, ეს არის პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ, გადასახადის გადამხდელების მიმართ.
ჩვენთვის ყველაზე მარტივი იქნებოდა, აგვეღო ეს 50 მილიონი და დაგვეხარჯა, ეს იქნებოდა ყველაზე მარტივი და პოლიტიკურად ყველაზე მომგებიანი გამოსავალი ჩვენთვის.
მაგრამ მეორე მხარეს დგას პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ იმაზე, რომ მთავრობამ რაციონალურად უნდა დახარჯოს ის თანხები, რომელიც მობილიზებულია ბიუჯეტში ხალხის შენატანების საფუძველზე, ეს ხალხის ფულია, ჩვენ ფულს არ ვიხდით... საუბარია საკმაოდ დიდ თანხაზე, დაახლოებით 50 მილიონზე, რომელიც ყოველწლიურად უნდა გაიხარჯოს.
აქ უნდა დაისვას მარტივი შეკითხვა: ეს თანხა შეიძლება დაიხარჯოს რაციონალურად და შეიძლება ამ თანხის დახარჯვა მოიტანოს სათანადო შედეგი თუ ამ თანხით ჩვენ შეიძლება უბრალოდ გავამდიდროთ ფარმაცევტული მაფია, ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი [...]
თუ ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ამ თანხით, საკმაოდ დიდი თანხით ხელშესახები შედეგის მიღწევა, ამ შემთხვევაში რაზეა საუბარი, მაგრამ თუ ჩვენ გვექნება იმის განცდა, რომ ეს თანხა შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ და მხოლოდ რეალურად ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას, ამ შემთხვევაში გაგვიჭირდება სწორედ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება" - ამბობს კობახიძე.
ივანიშვილის პრემიერის მტკიცებით, იყო საქართველოში შემთხვევები, როდესაც ხელისუფლებამ სცადა "იოლი გამოსავლის გზით წასვლა და წლების განმავლობაში ამაში დაიხარჯა ხალხის მრავალი მილიონი, რომელსაც რეალურად არ მოაქვს ხელშესახები შედეგი". მან არ დააკონკრეტა, რომელ შემთხვევებს გულისხმობდა.
"არ მინდა დავკონკრეტდე, რა მიმართულებაზეა საუბარი. ანუ თავის დროზე მთავრობამ მიიღო, მათ შორის საზოგადოების ნაწილის ზეწოლის საფუძველზე კონკრეტული გადაწყვეტილება და დაიხარჯა დღემდე ათეულობით მილიონი, იმაში, რასაც არ მოაქვს ხელშესახები შედეგები, ასეთი პრეცედენტები გვქონია.
იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ამ გზით განაგრძობს სიარულს, შეიძლება გაჩნდეს ფარმაცევტული მაფიის ახალ-ახალი ინიციატივები, რომლებსაც კიდევ ერთხელ შეიძლება არ მოჰქონდეს არანაირი შედეგი გარდა ერთისა - ფარმაცევტული მაფიის გამდიდრება.
საბოლოო ჯამში, ამ თანხების წლიური მოცულობა ძალიან მარტივად შეიძლება ავიდეს მილიარდ დოლარამდეც კი. თუ ფარმაცევტული მაფია დაინახავს სახელმწიფოს სისუსტეს, მთავრობის სისუსტეს, მილიონ ლარამდეც კი შეიძლება ავიდეს იმ თანხების საერთო მოცულობა, რომელიც ხმარდება არა კონკრეტულ შედეგს, არამედ ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას. ამიტომ ყველა მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს.
ეს არ არის ჩვენი თანხა, მე პირადად არაფერს ვკარგავ ამ თანხის გაცემით, პირიქით. ხვალ რომ გამოვიდე და განვაცხადო ამ თემასთან დაკავშირებით, სხვა თემებთან დაკავშირებით, რომ გავცემთ 50 მილიონს, 70 მილიონს, 100 მილიონს, ეს პოლიტიკურად მხოლოდ ქულების მომტანი იქნებოდა პერსონალურად მათ შორის ჩემთვის, მთლიანად მთავრობის გუნდისთვის, მაგრამ მეორე მხარეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა, რომ მთავრობამ უნდა იზრუნოს ხალხის მიერ ბიუჯეტში შეტანილი თითოეული თეთრის რაციონალურად გახარჯვაზე და არცერთი თეთრი არ უნდა მოხმარდეს ფარმაცევტულ მაფიას" - ამბობს კობახიძე.
ივანიშვილის პრემიერის მტკიცებით, "თავიდან ბოლომდე შევდივართ მშობლების მდგომარეობაში და მათი პოზიცია არის აბსოლუტურად გასაგები".
"ჩვენთვის როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს კონკრეტული ინიციატივები სწორედ ფარმაცევტულ მაფიასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში თავიდან ბოლომდე უნდა შევიდეთ მშობლების მდგომარეობაში. იყო კონსულტაციები ჯანდაცვის სამინისტროში, მშობლებთან, ყველა ფორმატში უნდა გაგრძელდეს კონსულტაციები, ჯანდაცვის სამინისტრო არის პასუხისმგებელი პრაგმატული გადაწყვეტილებების მომზადებაზე და კიდევ ერთხელ მზად ვართ კონსულტაციებისთვის, მათ შორის, ეკლესიის წარმომადგენლებთან" - ამბობს ის.
რაც შეეხება კითხვას, დათანხმდება თუ არა შეხვედრას დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებთან, კობახიძე ამბობს, რომ "ჯობია" კონსულტაციები ჯანდაცვის სამინისტროში გაგრძელდეს.
"სადაც არის შესაბამისი ექსპერტული ცოდნა, ეს არის ჯანდაცვის სამინისტრო. აქედან გამომდინარე, უმჯობესია, ეს კონსულტაციები გაგრძელდეს სწორედ ჯანდაცვის სამინისტროსთან, ეს კონსულტაციები წარმოებდა და მზაობა დღესაც არსებობს, სადაც არის ექსპერტული ცოდნა, ჯობია, იქ გაგრძელდეს კონსულტაციები და არა წმინდა პოლიტიკურ ჭრილში, შესაბამისად, ჩემი მოწოდება იქნებოდა, ჯანდაცვის სამინისტროს ფორმატში გაგრძელდეს კონსულტაციები ამ საკითხზე" - თქვა კობახიძემ.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია (DMD) იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც კუნთების ატროფიით (განლევით) და სისუსტით გამოიხატება. ორგანიზაციის "ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას" ცნობით, საქართველოში საქართველოში დიუშენით დაავადებული 100-მდე ბავშვია რეგისტრირებული. სათანადო მედიკამენტების და მკურნალობის არარსებობის გამო საქართველოში ყოველწლიურად ამ დაავადებით 1, 2 ან 3 ბავშვი იღუპება.
ორგანიზაცია ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას თავმჯდომარე, ზაქარია გვიშიანი ამბობს, რომ მედიკამენტებს უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მხარე გავლილი აქვს და არსებობს მაგალითები, ჩვენი მოქალაქეები, რომლებმაც ეს მედიკამენტები ევროპაში მიიღეს და თავს ძალიან კარგად გრძნობენ.
თითქმის ერთი თვეა, მშობლები წამლის მოთხოვნით ღამეებს ივანიშვილის მთავრობის კანცელარიასთან ათევენ.




