რუსეთ-საქართველოს საზღვარი

ზემო ლარსში დააკავეს რუსი კაცი, რომელსაც საქართველოდან ანტიკვარული იარაღი გაჰქონდა

Коммерсантъ / Telegram

რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც საქართველოს საზღვრის გავლით რუსეთში 2 მილიონი რუბლის ღირებულების (დაახლოებით ₾73 300) ანტიკვარული იარაღის შეტანას ცდილობდა. 

განცხადების მიხედვით, რუსმა მებაჟე ოფიცრებმა დაკავებული კაცის სპორტული უნივერსალის ტიპის მანქანაში XIX-XX საუკუნეებით დათარიღებული 47 ანტიკვარული ბასრი საგანი იპოვეს, მათ შორის, ბაიონეტები, ხმლები, ხანჯლები, რაპირები და რიტუალური დანები. 

რუსული სამსახურის ცნობით, ამოღებული იარაღი ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში, ევროპაში, აფრიკაში, ინდოეთსა და იაპონიაში იყო დამზადებული. რუსმა მძღოლმა განაცხადა, რომ იარაღს პირადი მოხმარებისთვის აგროვებდა, თუმცა, მას იარაღის გადასატანად საჭირო ნებართვები არ გააჩნდა. 

ექსპერტიზამ კი აჩვენა, რომ დაკავებული პირის მანქანაში არსებული ნივთები კულტურულ ღირებულებას წარმოადგენდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებაა დაწყებული – მას ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

კომენტარები