რუსეთ-საქართველოს საზღვარი

2022 წელს საქართველოს საზღვარი რუსეთის 1 459 546-მა მოქალაქემ გადმოკვეთა – შსს-ს სტატისტიკა

ზემო ლარსი
RFR/RL

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი რუსეთის 1 459 546-მა მოქალაქემ გადმოკვეთა. შსს-ს მონაცემებით, აქედან 1 405 552 პირი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მარტი-დეკემბრის პერიოდში შემოვიდა. შსს-ს სტატისტიკა არ მოიცავს მონაცემებს, რუსეთის რამდენი მოქალაქე დარჩა ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველოს საზღვარი რუსეთის 292 512-მა მოქალაქემ გადმოლახა, გასულ წელთან შედარებით თითქმის ხუთჯერ ნაკლებმა.

რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის სტატისტიკა:

  • იანვარი - რუსეთის 27 292 მოქალაქე; წინა წელს - 2 564. მატება + 964%;
  • თებერვალი - 26 702; წინა წელს - 3 594, მატება + 643%;
  • მარტი - 45 068; წინა წელს - 8 508, მატება +430%;
  • აპრილი - 48 797; წინა წელს - 12 558, მატება + 289%;
  • მაისი - 69 772; წინა წელს - 13 913, მატება + 401%;
  • ივნისი - 135 457; წინა წელს - 30 783, მატება + 340%;
  • ივლისი - 236 734; წინა წელს - 44 280, მატება + 435%;
  • აგვისტო - 260 810; წინა წელს - 46 355, მატება +475%;
  • სექტემბერი - 222 274; წინა წელს - 36 407, მატება +511%;
  • ოქტომბერი - 133 640; წინა წელს - 33 958, მატება + 294%;
  • ნოემბერი - 121 454, წინა წელს - 27 186, მატება + 347%;
  • დეკემბერი - 131 546, წინა წელს - 32 406, მატება +306%;

რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში სახმელეთო საზღვრით შემოსვლის უფლება 2022 წლის მაისიდან აღუდგათ, იქამდე, 2020 წლის 26 მარტის განკარგულება მათ კორონავირუსის გამო, დროებით უზღუდავდა რუსეთის საზღვრის საავტომობილო, სარკინიგზო, საცალფეხო გზებით კვეთას, მათ შორის საქართველოშიც. შეზღუდვები არ ვრცელდებოდა მონღოლეთზე, ყაზახეთზე,  ჩინეთზე, და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთზე. 

მას შემდეგ, რაც რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის მასობრივი დატოვება დაიწყეს, მათ შორის საქართველოს მიმართულებით. გავრცელდა კადრებიც, რომლებშიც, სავარაუდოდ, საქართველოში გადმომსვლელ რუსეთის მოქალაქეთა რიგები ჩანდა. BBC ადგილობრივ კორესპონდენტზე დაყრდნობით წერდა, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე მანქანების 10 კილომეტრის სიგრძის რიგი იყო და გამშვები პუნქტის გავლას 2 000-ზე მეტი მანქანა ელოდებოდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაური მაშინ ამბობდა, რომ რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელ ადამიანთა რაოდენობა 40-45%-ით გაიზარდა. მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ყოველთვის შემოდიოდნენ და ასეც გაგრძელდება.

კომენტარები