რუსეთ-საქართველოს საზღვარი

"ტყუილია, თითქოს საქართველო-რუსეთის საზღვარზე მებაჟეები კონტროლს ვეღარ აუდიან" – RS

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ინფორმაცია, თითქოს საქართველო-რუსეთის საზღვარზე ხდება "ტვირთებისა და მგზავრების უკონტროლო შემოსვლა" და "მებაჟეები კონტროლს ვეღარ აუდიან" - არის მიზანმიმართული სიცრუე და დეზინფორმაცია" - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მტკიცებით, "მთლიანად რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის პირობებში, ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვები პუნქტი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე". შემოსავლების სამსახური ირწმუნება, რომ დამატებით შექმნილია ახალი საბაჟო რისკების მართვის პროფილები ყველა იმ პროდუქციაზე, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში და "მათი მონიტორინგი ექვემდებარება მკაცრ კონტროლს". ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მედიას მოუწოდებს, "მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ქვეყნის უსაფრთხოებისა და რეპუტაციის საკითხებს და არ გაავრცელონ დეზინფორმაცია, რომლის მიზანიც არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა".

"საბაჟო ფორმალობების უსაფრთხო და ეფექტური განხორციელების მიზნით, გარკვეული დროით შესაძლებელია მოხდეს ტვირთნაკადების შეფერხებით გატარება. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მხარეს არსებულ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მიმდინარე განახლებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და ახალი ელექტრონული რეგისტრაციის სისტემების დანერგვის გამო, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების გადაადგილება ხორციელდება განსაზღვრული რიგითობის დაცვით და საქართველოდან გასული ავტომობილების მიმართ კონტროლის პროცესების ნაწილობრივი შეფერხება აღინიშნება.

აქვე განვმარტავთ, რომ ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, საგრძნობლად გაზრდილია მგზავრთა და მსუბუქი ავტომობილების ნაკადი. აქედან გამომდინარე, სგპ. ყაზბეგი გადასულია მუშაობის 24-საათიან, განსაკუთრებულ რეჟიმზე, ხოლო საქართველო-რუსეთის ფედერაციის საზღვარზე გადაადგილებული ტვირთების/მსუბუქი ავტომობილების მგზავრების საბაჟო კონტროლის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით, გაზრდილია მებაჟე-ოფიცერთა რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კონტროლის ღონისძიებებზე ინფორმირებულია ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი" - აცხადებს შემოსავლების სამსახური.

კომენტარები