ივანიშვილის წარმომადგენლის, მამუკა მდინარაძის თქმით, შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის მთავარი ფუნქციაც "საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება".
მდინარაძის ინფორმაციით, აღნიშნულში იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და "სხვა მსგავს ქმედებებს".
"რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წამოაყენა უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რომელიც დებატების სივრცის გახსნის აუცილებლობას უკავშირდებოდა.
მან მაშინ მკაფიოდ აღნიშნა, რომ გარკვეული გარეაქტორების მხრიდან, წლების განმავლობაში, მიზანმიმართულად ხდებოდა საჯარო დისკუსიის სივრცის ხელოვნურად ჩაკეტვა, რათა საზოგადოებაში არ ყოფილიყო აზრთა მრავალფეროვნება, არგუმენტირებული დებატები და კონსტრუქციული პოლემიკა.
ამის ნაცვლად, გარეძალების მიერ წახალისებული იყო დაპირისპირება, შუღლი და პოლარიზაცია. სამწუხაროდ, ამ პროცესს თან დაერთო როგორც პოლიტიკურ, ისე სოციალურ ცხოვრებაში შეურაცხმყოფელი და აგრესიული რიტორიკის დამკვიდრება, როგორც პოლიტიკური, ისე საზოგადოებრივი ურთიერთობის ერთგვარი სტანდარტი.
ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიან ხელისუფლებას, მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს იმგვარი გარემოს შექმნა, სადაც განსხვავებული აზრი დაცული იქნება, ამავდროულად კი, მიუღებელი იქნება სიძულვილის, მტრობისა და შეურაცხყოფის წახალისება.
დებატების სივრცის გახსნა იყო პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, დღეიდან კი გადავდივართ მორიგ მნიშვნელოვან ეტაპზე ამ მიმართულებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მინისტრთან გამართული საკმაოდ დეტალური, საგნობრივი კონსულტაციების შედეგად, შევთანხმდით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, უმოკლეს ვადაში, შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება. რა თქმა უნდა, იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და სხვა მსგავს ქმედებებს.
პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სამმართველო იმოქმედებს პროაქტიულ რეჟიმში და რეაგირება არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ მოქალაქის საჩივარზე. უწყება თავად განახორციელებს მონიტორინგის მომზადებას, შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში, თავად გადააგზავნის მასალებს სასამართლოში". - თქვა მდინარაძე.
მდინარაძის თქმით, თუკი "საყოველთაოდ, მთელ მსოფლიოში პრეცედენტულად გავრცელებული მოსაზრებით, ითვლება კონკრეტული ფრაზა, წინადადება შეურაცხყოფად, შუღლის გამაღვივებლ წინადადებად თუ ფრაზად", შესაძლოა, გამოყენებული იყოს ადმინისტრაციული პატიმრობა.
"პირველი შემფასებელი ამისი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამმართველო, თუმცა საბოლოო კრიტიკული შემფასებელი ამისი იქნება სასამართლო… თუ, მაგალითად, ბრიტანეთში საჯარო პოსტი ითვლება შეურაცხყოფად თუ ის შეურაცხყოფის ელემენტებს შეიცავს და არა კრიტიკას…
კრიტიკის გამო არავინ არავის დაადებს ადმინისტრაციულ სახდელს, ამის გარანტიას გაძლევთ. მაგრამ თუ საყოველთაოდ მთელ მსოფლიოში გავრცელებული მოსაზრებით, არა მხოლოდ საქართველოში, საყოველთაოდ, მთელ მსოფლიოში პრეცედენტულად გავრცელებული მოსაზრებით, ითვლება კონკრეტული ფრაზა, წინადადება შეურაცხყოფად, შუღლის გამაღვივებლ წინადადებად თუ ფრაზად, ამ შემთხვევაში, დიახ, მათ შორის, შეიძლება ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენოს სასამართლომ იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ასეთ შუღლის გამაღვივებელ მიმართვას გამოიყენებს კონკრეტული ადამიანის თუ პირთა ჯგუფის მიმართ და ეს პრეცედენტები უკვე გვაქვს. საბედნიეროდ, ჩვენი დიდი პლუსი აი, აქ არის ის, რომ ჩვენ არ გვჭირდება, რომ გამოვიგონოთ ახალი მიდგომა". - განაცხადა მდინარაძემ.




