"საერთოდ არ მაინტერესებს და არც ვიცი ვინაა ეგ ადამიანი" - ასე უპასუხა ივანიშვილის თბილისის მერმა, კახა კალაძემ მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე დასმულ შეკითხვას, რომელიც ოპოზიციისა და საზოგადოების კონსოლიდაციას შეეხებოდა.
ზურაბიშვილმა Facebook ლაივში თქვა, რომ რეჟიმის დასამარცხებლად საჭიროა ოპოზიციისა და საზოგადოების კონსოლიდაციაა. კალაძის განცხადებით, ოპოზიციას "რესურსი არ გააჩნია".
"მგონი ყველა ვხედავთ, რომ ოპოზიციას არანაირი რესურსი არ გააჩნია. ყველანაირად განულებულები არიან, რასაც აქვს თავისი ახსნა: როდესაც შენ ხარ პოლიტიკაში და ემსახურები უცხო ქვეყანას, წარმოადგენ აგენტურას, რა თქმა უნდა, არანაირი პოლიტიკური შესაძლებლობები და შანსები არ გაქვს. ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, აფასებს არსებულ სიტუაციას, აფასებს იმას, ვინ რითია დაკავებული, ვის რა დამოკიდებულება აქვს საქართველოსთან მიმართებით, ვის რა ინტერესი აქვს.
შესაბამისად, ყველამ კარგად ვიცით, ეს ადამიანები საიდან იმართებიან, ვინ არიან მათი პატრონები, რა მითითებებს აძლევენ. მათ პოლიტიკურად არანაირი რესურსი და შანსი არ გააჩნიათ, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ. დიდად არ ვინტერესდები მათი აქტივობებით, თუმცა იმ ადამიანებს, რომლებიც შემჩნეულები არიან ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში, წარმოადგენენ აგენტურას, დაკავებულები არიან მოღალატეობრივი ქმედებებით, არანაირი შანსი არ აქვთ - სადაც უნდა იქ იარონ". - განაცხადა კალაძემ პრესსამსახურის ცნობით.





