ომი ახლო აღმოსავლეთში

მედია: ტრამპმა და ნეთანიაჰუმ ირანთან დაკავშირებით ილაპარაკეს

მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, დღეს, 17 მაისს, ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრის გამართვამდე ირანთან დაკავშირებით ელაპარაკა.

ამის შესახებ ინფორმაციას Times of Israel და Axios ავრცელებს.

ისრაელური მედიის მიხედვით, ლიდერებმა ირანთან ომის განახლება და ასევე ჩინეთში ტრამპის ბოლოდროინდელი ვიზიტი განიხილეს.

მანამდე, ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ტრამპს დღეს დაელაპარაკებოდა.

"ირანთან დაკავშირებით თვალები ფართოდ გვაქვს გახელილი. დღეს, როგორც რამდენიმე დღეში ერთხელ, ჩვენს მეგობარს, პრეზიდენტ ტრამპს დაველაპარაკები. აუცილებლად მოვისმენ მის შთაბეჭდილებებს ჩინეთთან ვიზიტთან დაკავშირებით და, შესაძლოა, სხვა საკითხების შესახებაც. ნამდვილად მრავალი შესაძლებლობაა, ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ". - თქვა ნეთანიაჰუმ.

პარალელურად, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე დაწერა, რომ ირანს დრო ეწურება და თუ მალე არ იმოქმედებენ, "მათგან აღარაფერი დარჩება".

ამასთან, გამოცემა Axios-ს ანონიმურმა ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა უთხრეს, რომ ტრამპს ომის დასასრულებლად შეთანხმების დადება სურს, თუმცა ირანის მხრიდან მრავალი მოთხოვნის უარყოფისა და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დათმობებზე უარის თქმის გამო სამხედრო მოქმედების სცენარი კვლავ განიხილება. 

გამოცემას ანონიმური წყაროები ეუბნებიან, რომ ტრამპი სავარაუდოდ 19 მაისს სამხედრო მოქმედების ვარიანტების განსახილველად თავის ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდება. 

კომენტარები