სომხეთი-ევროკავშირი

ვოლოდინი ირწმუნება, რომ ფაშინიანის პროევროპული ნაბიჯები სომხეთში "განხეთქილებას" იწვევს

ვიაჩესლავ ვოლოდინი
The State Duma

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინი, აცხადებს, რომ სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ქმედებები და გადაწყვეტილებები, რომლებიც ევროკავშირთან დაახლოებისკენ არის მიმართული, სომხეთში საზოგადოების განხეთქილებას იწვევს. 

საკუთარ სამთავრობო პლატფორმა Max-ზე დასმულ კითხვაზე, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ფაშინიანის განცხადებები და ქმედებები სომხეთისთვის, ვოლოდინმა პასუხად დაწერა, რომ "ყოველივე ეს საზოგადოებაში განხეთქილებას იწვევს და შესაძლოა, ყველაზე დიდი დანაკარგი, რის წინაშეც სომხეთი შეიძლება აღმოჩნდეს – ერთიანობის დაკარგვაა."

ვოლოდინის თქმით, სწორედ ასე დაიწყო "ბევრ ქვეყანაში დიდი პრობლემები".

"და ახლაც, გარდაუვალად გვახსენდება უკრაინისა და იქ 2014 წლის მოვლენების პარალელი. შეიძლება ასევე ბალტიის ქვეყნების გახსენებაც, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურდათ, მაგრამ, როგორც დრომ აჩვენა, ამან ისინი არ გააბედნიერა." – დაამატა ვოლოდინმა. 

მანამდე ევროკავშირში გაწევრიანების მხრივ სომხეთის გეგმები ვლადიმირ პუტინმაც განიხილა და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო კავშირებიდან გამომდინარე "სწორი იქნებოდა," თუ ამ საკითხზე სომხეთი რეფერენდუმს გამართავს, რის შემდეგაც რუსეთი "შესაბამის დასკვნებს" გამოიტანს.

პუტინმა ასევე მიანიშნა, რომ საჭიროა, რუსეთმა და სომხეთმა "ყველაფერი გათვალონ," რადგან მისი თქმით, "ყველაფერი, რაც ახლა უკრაინაში ხდება" ევროკავშირში "უკრაინის გაწევრიანების მცდელობით" დაიწყო.

კომენტარები