გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის შიო III-ს აღსაყდრებას ულოცავს.
"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს - შიო III-ს ვულოცავთ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრებას.
ეს დღე უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენაა საქართველოს ეკლესიისა და სრულიად ქართველი ერისთვის. დღეს თქვენ იღებთ ილია II-ის უდიდეს სულიერ და ისტორიულ მემკვიდრეობას, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში გააერთიანა და გააძლიერა საქართველო.
უფალმა მშვიდობით, სიბრძნითა და სიყვარულით განგამტკიცოთ საქართველოს ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ". - წერია პარტიის განცხადებაში.
12 მაისს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს 142-ე კათოლიკოს პატრიარქის, შიო III-ის ინტრონიზაცია გაიმართა.
ამიერიდან საქართველოს მართლმადიდებელი, ავტოკეფალური და სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი შიო III [მუჯირი] იქნება.
11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულმა კრებამ 22 ხმით გამოირჩია შიო, მიტროპოლიტი სენაკისა და ჩხოროწყუსი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მთავარეპისკოპოსად მცხეთა-თბილისისა, მიტროპოლიტად ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.
შიო III 9 წლის განმავლობაში იყო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის მოსაყდრე.




