საპატრიარქო არჩევნები

ანდრიას სამოციქულო საყდარი ელის ახალ კათოლიკოს-პატრიარქს

ხვალ, 11 მაისს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, შიო მუჯირის მოწვევით, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება შეიკრიბება. 

2000-მდე დელეგატიდან ხმის მიცემას მხოლოდ 39 მღვდელმთავარი შეძლებს. 

კენჭისყრა სამ კანდიდატს შორის გაიმართება, რომელიც სინოდმა გამოირჩია:

სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო, რომელიც სამ კანდიდატს შორის მოხვდა 20 ხმით;

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი, რომელიც კანდიდატებს შორისაა 7 ხმით;

ფაზისელი მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი, რომელიც სამ კანდიდატს შორის ასევე 7 ხმით მოხვდა. 

(3 ხმა სხვა კანდიდატებმა მიიღეს, 1 ბიულეტენი ცარიელი ამოვიდა, ხოლო მიტროპოლიტი ზოსიმე წილკნელი სინოდის კრებას არ ესწრებოდა).

გაფართოებული კრება სამ კანდიდატს კენჭს მას მერე უყრის, რაც კანდიდატების ეპარქიებიდან წარმოდგენილი თითო დელეგატი კრებას მიმართავს. დებულების მიხედვით კრებაზე აზრის გამოთქმის უფლება ყველა დელეგატს აქვს, თუმცა სინოდურმა კომისიამ ობიექტური მიზეზებით სათათბირო ხმის უფლების ლიმიტირება გადაწყვიტა.

პირველივე კენჭისყრაზე გამარჯვებისთვის საჭიროა სამი კანდიდატიდან რომელიმემ მოაგროვოს ხმათა (39) ნახევარზე მეტი - 20 ხმა. 

თუ პირველი კენჭისყრის შემდეგ აღმოჩნდება, რომ 20 ხმა ვერცერთმა კანდიდატმა მიიღო, იმართება ახალი კენჭისყრა იმ ორ კანდიდატს შორის, რომელმაც პირველ კენჭისყრაზე ყველაზე მეტი ხმა მიიღო. მესამე კანდიდატი კენჭისყრას ეთიშება. 

მართვა-გამგეობის დებულება არ ითვალისწინებს შემდეგ პროცედურას, იმ ჰიპოთეტური შემთხვევისთვის, თუ მღვდელმთავრების ნაწილი მეორე ტურში გადაწყვეტს ურნაში ცარიელი ბიულეტენები ჩაყაროს და, შესაბამისად, 20 ხმა ამჯერადაც ვერცერთმა კანდიდატმა მოაგროვოს.

დებულების მიხედვით უმრავლესობა უნდა გამოითვალოს მონაწილე მღვდელმთავრების ხმათა საერთო რაოდენობიდან და არა კანდიდატებისთვის მიცემული ხმათა რაოდენობიდან, შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში გაფართოებული კრება გაიჭედება იქამდე, სანამ საკმარისი მღვდელმთავარი აზრს არ შეიცვლის, ან გაფართოებული კრება იქვე არ შეცვლის მართვა-გამგეობის დებულებას.

გაფართოებული კრება არის დახურული. მონაწილეებს არ ექნებათ მობილური ტელეფონი და კომუნიკაციის სხვა საშუალებები. კენჭისყრა არ გადაიცემა პირდაპირ ეთერში. საპატრიარქოს ცნობით, კადრები მოგვიანებით გავრცელდება.

ასევე, უცნობია, ვინ გააგებინებს საქართველოსა და მსოფლიოს ახალი პატრიარქის ვინაობას: საპატრიარქოს სპიკერი, სინოდის მდივანი თუ თავად ახალი პატრიარქის გამოჩენა. 

საქართველოს ეკლესიის 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი საპატრიარქო ინსიგნიებს აღსაყდრების შემდეგ მიიღებს, შესაბამისად, საზოგადოება 11 მაისს ახალ მწყემსთავარს კვლავ სამიტროპოლიტო შესამოსლით ნახავს. 

ახალმა კათოლიკოს-პატრიარქმა აღსაყდრების თარიღი თავად უნდა დათქვას, თუმცა, მიმომხილველთა შეფასებით, 11 მაისი შეირჩა სწორედ იმ მიზეზით, რომ აღსაყდრება მეორე დღეს, 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს გაიმართოს. 

საქართველოს ეკლესია ანდრია მოციქულის დაარსებულად ითვლება, სწორედ ამიტომ იწოდება და აღიარებულია ის სამოციქულო ეკლესიად. შესაბამისად, ტახტი რომელზეც კათოლიკოს-პატრიარქი უნდა აღსაყდრდეს, ანდრია მოციქულისად იწოდება. 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პატივის ნიშნებიაა ძოწისფერი მანტია, შავი საპატრიარქო კუნკულ-ბარტყული ჯვრითა და ფრთებზე გამოსახული სერაფიმებით, ორი პანაღია და ჯვარი, დიდი პარამანი და ჯვრის წინგაძღოლის უფლება. 

რადგან კათედრაs 49 წლის განმავლობაში ერთი პატრიარქი იკავებდა, მრავალს გაუჩნდა კითხვა, ხომ არ იყო სრული ტიტული პერსონალურად ილია მეორის. არა, ახალი საჭეთმპყრობელიც ამავე ტიტულს ატარებს:

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი. 

აღსანიშნავია, რომ არჩეული პირი პატრიარქია იმ მომენტიდან, რა მომენტიდანაც ის დათანხმდება კრების გამორჩევას. ამავე წამიდან საქართველოს ეკლესიის დაქვრივებული კათედრა ითვლება შევსებულად და ახალი კათოლიკოს-პატრიარქის კანონიკური მორჩილება ევალება საქართველოს ეკლესიის ყველა შვილს.

კომენტარები