"ეს იყო ძალიან მძიმე, ძალიან რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება" - ასე ეხმაურება გელა ხასაიას ადვოკატი, ომარ ფურცელაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას.
"ამ სისხლის სამართლის საქმეზე გელასთან ერთად ბრალდებული იყო სხვა პირი. ეს პირი გამოძიებაში გამოცხადების მომენტიდან ითხოვდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, რაც გულისხმობდა ბრალის აღიარებას და მათ შორის გელაზე მითითებას და გელას დასახელებას.
გარდა ამ პირისა, ამავე სისხლის სამართლის საქმეზე მოწმედ გამოკითხული იყო ადამიანი, ამავე ბრალდებულის ოჯახის წევრი. შესაბამისად, მოლოდინი იმისა, რომ ის ადამიანი რაიმე განსხვავებულ ჩვენებას მისცემდა და მისი ოჯახის წევრის ინტერესებს დააზიანებდა, არ არსებობდა.
არავის ეს საპროცესო შეთანხმება არც გელა ხასაიასთვის და არც ჩვენთვის არ უჩუქნია. თქვენ ყველამ მოისმინეთ წინა სასამართლო სხდომაზე გამოკითხული დაზარალებული, რომელიც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გავანადგურეთ სასამართლოს სხდომის დარბაზში, ისევე როგორც გავანადგურეთ მის მიერ მიცემული ჩვენება ყველა სიტყვით და ვამხილეთ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში მონაწილე პირები ამ სისხლის სამართლის საქმეში — ვგულისხმობ საგამოძიებო უწყების მხრიდან.
ეს იყო უკანდახევა პროკურატურის მხრიდან, ეს იყო შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ დაეფარათ სწორედ რომ გამოძიების ნაკლოვანებები და მათ შორის დაზარალებულის სისუსტე.
ამ საპროცესო შეთანხმებაზე დაუთანხმებლობა ნიშნავდა იმას, რომ მიუხედავად ჩვენი თანხმობა-არათანხმობისა, ვასილ ქერდიყოშვილი და მისი ოჯახის წევრი მისცემდნენ ჩვენებას გელა ხასაიას წინააღმდეგ, მოაწერდნენ ხელს საპროცესო შეთანხმებას და ამით გელას ელოდებოდა გარანტირებული 5 წელი ციხეში.
შესაბამისად, კიდევ ერთხელ და ხაზგასმით აღვნიშნავ და ვიმეორებ ამას, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი: გელა ხასაიას არჩევანი ჰქონდა არა თავისუფლებასა და ბრძოლასა და საპროცესო შეთანხმების გაფორმებას შორის, არამედ ციხეში 5 წლის გატარებასა და მეორეს მხრივ 4 თვის გატარებას შორის. აქ გადაწყვეტილება იქნა მიღებული არითმეტიკული სისწორის გათვალისწინებით" - წერს ფურცელაძე.
გირჩი მეტი თავისუფლების წევრს, გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ხასაია საპატიმროს სექტემბერში დატოვებს.
საპროცესო შეთანხმებით მას 1 წლით პატიმრობა და 3 წელი პირობითი მსჯავრი მიესაჯა. ხასაიამ ბრალდება აღიარა.
შეგახსენებთ, რომ გელა ხასაია 2025 წლის 29 სექტემბრის გვიან საღამოს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

![სუს-ის განცხადებით, ასაჯაროებენ უძილაურის საქმეში არსებული კადრების ნაწილს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/sdsdsdssds.png.jpg?itok=DF-HusRc)


