გელა ხასაიას საქმე

გელა ხასაია დაზარალებულის სტატუსის მქონე რამაზ ჩადუნელმა სხდომათა დარბაზში ვერ იცნო

გირჩი-მეტი თავისუფლების წევრის, გელა ხასაიას საქმეზე დაზარალებულის სტატუსის მქონე რამაზ ჩადუნელმა ხასაია სხდომათა დარბაზში ვერ იცნო. ინფორმაციას ონლაინმედია ნეტგაზეთი ავრცელებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გელა ხასაიას საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე, დაზარალებულის სტატუსის მქონე რამაზ ჩადუნელი დაიკითხა.

როგორც გამოცემა წერს, ჩადუნელმა განაცხადა, რომ 1 სექტემბერს, დეზერტირების ბაზრის სიახლოვეს მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც ხელი მოიტეხა. მიუხედავად ამისა, დაზარალებულმა პროცესზე გელა ხასაიაზე ვერ მიუთითა.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, ჩადუნელი აგრეთვე არ არის წინააღმდეგი თუ ბრალდებულები კანონით გათვალისწინებულ შეღავათებს მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ გელა ხასაია 2025 წლის 29 სექტემბრის გვიან საღამოს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს.

მასთან ერთად დაკავებული, ვასილ ქერდიყოშვილი კი წარდგენილ ბრალს აღიარებს და მოითხოვს საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. 

კომენტარები