თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გირჩი - მეტი თავისუფლების წევრის გელა ხასიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა კვლავ ძალაში დატოვა.
პატიმრობა შეეფარდა ხასაიასთან ერთად დაკავებულ ვასილ ქერდიყოშვილსაც. საქმე სასამართლოს არსებაითად განსახილველად გადაეცა. მომდევნო სხდომა 3 დეკემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გელა ხასაიას და მასთან ერთად დაკავებული პირის წინასასამართლო სხდომა გაიმართა, ხასაიასთან ერთად დაკავებულმა ვასილ ქერდიყოშვილმა ბრალი აღიარა, ხასია ბრალს არ აღიარებს.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ სასამართლოს რამდენიმე შუამდგომლობით მიმართა, ადვოკატი ხასაიას გამოკითხვის და დაკავების ოქმების დაუშვებლად ცნობას ითხოვდა. მისი თქმით, დაკავებისას ხასაიას მიმართ განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა, მათ შორის, მუქარა. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
"თითქოს მე განყოფილებაში ჩემით გამოვცხადდი - ამის არანაირი მიზეზი არ მქონია, რადგან არც ვიცოდი, თუ ჩემ მიმართ რაიმე ბრალი იყო წაყენებული. არავის დაურეკავს, რომ მოწმის სახით მოდიო. იმ დღესაც აქციაზე ვიყავი. სანამ სახლთან მანქანაში არ ჩამტენეს, არც ვიცოდი, ვინ იყვნენ. მოგვიანებით მითხრეს, რომ პოლიციელები იყვნენ. გამომძიებელმა და პოლიციელმა მითხრეს, რომ მოწმე ვიყავი და თუ ხელს არ მოვაწერდი, დაუმორჩილებლობას დამაბრალებდნენ და ადმინისტრაციული წესით დამაკავებდნენ. მითხრეს, რომ სჯობდა, ხელი მომეწერა და გამიშვებდნენ. ეს იყო მიზეზი, რატომაც ხელი მოვაწერე [გამოკითხვის ოქმს]. მინდოდა, რომ ეს ყველაფერი მალე მორჩენილიყო. ბორკილები იქამდე დამადეს, სანამ მეტყოდნენ, რომ დამაკავეს. ვეკითხებოდი, თუ მოწმის სტატუსით ვიყავი, ბორკოლები რატომ დამადეს. ამის შემდეგ კიდევ მთხოვეს [დაკავების] ოქმზე ხელის მოწერა, უარი ვთქვი, რადგან შინაარსი არ ვიცოდი. მერე დაიწყო მუქარა, მაგრამ ხელი მაინც არ მომიწერია". - თქვა ხასიამ სასამართლო პროცესზე.
რაც შეეხება აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვის საკითხს, პროკურატურამ ბრალდებულების პატიმრობაში დატოვება მოითხოვა, მათი თქმით, არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე.
ხასაიას ადვოკატი ომარ ფურცელაძე მის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას შუამდგომლობდა, მისი თქმით, შესაძლებელია ხასაიას დაზარალებულთან მიახლოების აკრძალვა დაუწესდეს.
"როგორ შეიძლება მოწმეებზე ზეწოლის მოხდენა იმაზე მეტად შემეძლოს, ვიდრე მაგალითად ირაკლი ღარიბაშვილს" - მიმართა ხასაიამ მოსამართლეს.
"საქმეზე ისაუბრეთ, ღარიბაშვილს თავისი გასჭირვებია" - უპასუხა ნატო ხუჯაძემ ხასაიას.
ნატო ხუჯაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკამყოფილა.
"ყველაზე მეტად მაწუხებს, რომ პროტესტში რა რესურსის ჩადებაც შემიძლია, ამას ვერ ვაკეთებ. ეს ცოტა მთრგუნავს" - განაცხადა გელა ხასაიამ.
29 სექტემბრის გვიან საღამოს გირჩი მეტი თავისუფლების წევრი, გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს.





