პარტია ლელო-ძლიერი საქართველოს, ოპოზიციის ალიანსისა და პარტია გახარია საქართველოსთვის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტად მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, სონატა კოლტერს შეხვდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრაზე "საუბარი იყო ყველაფერზე". მათი თქმით, ამერიკული დელეგაცია კარგად იყო ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
მათივე განცხადებით, საუბარი ასევე შეეხო აშშ-საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის, ასევე, ქართული ოცნების მხრიდან მიმდინარე ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ კამპანიებს.
"ჩვენ ვისაუბრეთ იმ მნიშვნელობაზე, რომელიც აქვს აშშ-ს საქართველოსთვის, მისი უსაფრთხოებისთვის, მისი ეკონომიკური განვითარებისთვის, ამიტომ აშშ-ს ღრმა ჩართულობა რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ მცდელობებს, რომლებსაც ვხედავთ აშშ-ს მხრიდან, რომ იყოს უფრო მეტად ჩართული, მათ შორის, უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ პროექტებში, რომლებიც რეგიონში მიმდინარეობს. ჩვენ ამას სრულად ვუჭერთ მხარს, იმიტომ რომ აშშ-ს ჩართულობა საქართველოში უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მათ შორის, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის მიმართულებით, არის ასევე საქართველოს უსაფრთხოების თემა" - განაცხადა ლელოს ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.
"საუბარი იყო ყველაფერზე, ცხადია, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა სიტუაციაა ქვეყანაში, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. როგორც წესი, როდესაც ასეთ შეხვედრებზე მოდიან ადამიანები, ისინი მომზადებულები არიან და რომ გითხრათ, რომ რამე განსაკუთრებული სიახლე ვუთხარით, რომელიც გაგონილი არ ჰქონდათ - არა, ცხადია, მომზადებულები იყვნენ. [...] საუბარი იყო მათ შორის იმაზე, რომ რა დაპირებებსაც არ უნდა იძლეოდეს ქართული ოცნება, დღესაც იძლევიან და გუშინაც იძლეოდნენ დაპირებებს, რომ ახლა ამ ვიზიტზე არა და ორ კვირაში კიდევ რაღაც ახალი ვიზიტი იქნება და მერე დავლაგდებით - ეს ყველაფერი არის ტყუილი, სისულელე და ამის პარალელურად მიმდინარეობს ანტიდასავლური და ანტიამერიკული პროპაგანდა, რომელიც მოდის კონკრეტულად ქართული ოცნებისგან. იყო საუბარი იმაზეც, რომ ნამდვილი, ჭეშმარიტი, კარგი, გულწრფელი და მეგობრული ურთიერთობები აშშ-საქართველოს შორის იქნება მხოლოდ მაშინ, როცა ეს რეჟმი შეიცვლება" - განაცხადა გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ.
"ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს იდეალურად ესმით, რომ ქვეყანაში სტაბილურობისთვის აუცილებელია ორი რამ: 1. ის, რომ ნებისმიერი ხელისუფალის ქცევა უნდა გამომდინარეობდეს და შეესაბამებოდეს ხალხის მისწრაფებებს. 2. კანონის უზენაესობა, რომლის გარეშეც, არცერთ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, საქართველოშიც შეუძლებელია ვისაუბროთ სტაბილურობაზე" - განაცხადა გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა.
სონატა კოლტერი დელეგაციასთან ერთად საქართველოში 7 მაისს ჩამოვიდა.





