ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, სონატა კოლტერს შეხვდა. კოლტერი დელეგაციასთან ერთად საქართველოში იმყოფება. შეხვედრას ასევე დაესწრო ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი.
"პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის, სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განახლებისთვის, რომელიც ხელშესახებ შედეგებზე იქნება ორიენტირებული.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დაკავშირებადობის მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე შუა დერეფანში". - ნათქვამია ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრესსამსახურის ცნობით, ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ მაისის ბოლოს აშშ-იდან იგეგმება კიდევ ერთი დელეგაციის ვიზიტი.
"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტი ემსახურება იმას, თუ როგორ უნდა განვავითაროთ საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობა. განვიხილეთ ის საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში. ვისაუბრეთ სამომავლო ნაბიჯებზე. თვის ბოლოს კიდევ ველოდებით დელეგაციას, რომლის ვიზიტის ფარგლებშიც უფრო დეტალურად იქნება განხილული ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები. ერთი რამ არის ნიშანდობლივი, რომ ორივე მხარე აცნობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პატივისცემაზე და პრაგმატულ თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობების გაგრძელება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სასიხარულოა, რომ აშშ-ის დელეგაციის მხრიდანაც იგივე გზავნილები ისმის, რაც გაჟღერდა ქართული მხარის მხრიდან" - განაცხადა ბოჭორიშვილმა პრესსამსახურის ცნობით.





