დიუშენით დაავადებული ბავშვები

AI ტროლები დიუშენის მედიკამენტების წინააღმდეგ კამპანიაში არიან ჩართულნი – მითების დეტექტორი

მითების დეტექტორი

მითების დეტექტორის ცნობით, სოციალურ ქსელში გამოიკვეთა დიუშენის სინდრომის სამკურნალო პრეპარატების წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელშიც, სახელისუფლებო მედიების გარდა, ყალბი ანგარიშებიც არიან ჩართულნი.

დეტექტორის ინფორმაციით, სოციალურ ქსელში საეჭვო, კოორდინირებული აქტივობა უკავშირდება რუსთავი 2-ის მიერ 2026 წლის 20 და 23 აპრილს გამოქვეყნებულ პოსტებს დიუშენის სინდრომის თემაზე. აღნიშნული პოსტები მოიცავს როგორც სამეცნიერო კვლევის აღწერას (ვირთაგვაზე შექმნილი მოდელი და ექსპერიმენტული მედიკამენტის ტესტირება), ისე ივანიშვილის მერის, კახა კალაძის განცხადებას, სადაც ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კონკრეტული პრეპარატის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას.

"ამ პოსტების  ანალიზი მიუთითებს, რომ არაავთენტური ანგარიშები კონკრეტული სახელისუფლებო გზავნილების მიმართ მხარდაჭერის გაზრდას პოსტის მოწონებების (ლაიქების) და კოორდინირებული არაავთენტური ქმედების (CIB) გზით ცდილობენ.

კვლევის ფარგლებში, გამოვლინდა 75 ყალბი ანგარიში, რომლებიც მათი ქცევის მიხედვით, 2 კატეგორიად შეგვიძლია დავაჯგუფოთ: 

  1. არაავთენტური ანგარიშები, რომლებიც ფეისბუკ-გვერდებთან "აი პოლიტიკა" და "არ აგარევინებთ" არიან დაკავშირებული და მეტწილად პოსტებზე რეაქციების გამოხატვით შემოიფარგლებიან. აღნიშნული გვერდები, თავის მხრივ, ხელისუფლების მხარდამჭერ, "ნეიტრალური საქართველოს" ლიდერს ვატო შაქარაშვილს და გია გაჩეჩილაძის მოძრაობას "არ აგარევინებთ" უკავშირდება. ეს ანგარიშები წარსულში ასევე გამოიყენებოდა საქართველოს ხელისუფლების მიმართ BBC-ის კრიტიკული გამოძიების წინააღმდეგ სამთავრობო მედიების (რუსთავი 2-ის და ტვ იმედის) ზოგიერთ პოსტზე მოწონებების გზით ჩართულობის გასაზრდელად.
     
  2. "მითების დეტექტორის" მიერ ადრე გამოვლენილი ანგარიშები, რომლებიც სხვადასხვა დროს ჩართული იყვნენ პროევროპული პროტესტის დისკრედიტაციის კამპანიებში". - წერს მითების დეტექტორი.

რამდენიმე თვეა, დიუშენით დაავადებულების მშობლები წამლის მოთხოვნით აქციებს მართავენ. ისინი ღამეებს მთავრობის კანცელარიასთან ათენებენ. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია არ აძლევს საშუალებას, ადმინისტრაციის წინ, სკვერში დადგან კარვები ან შეიტანონ პუფები, მათი თქმით, აპირებენ, რომ ყოველ ღამე ერთი მშობელი მაინც დარჩეს ღამის გასათევად.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფია (DMD) იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც კუნთების ატროფიით (განლევით) და სისუსტით გამოიხატება. ორგანიზაციის "ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას" ცნობით, საქართველოში საქართველოში დიუშენით დაავადებული 100-მდე ბავშვია რეგისტრირებული. სათანადო მედიკამენტების და მკურნალობის არარსებობის გამო საქართველოში ყოველწლიურად ამ დაავადებით 1, 2 ან 3 ბავშვი იღუპება. 

კომენტარები