ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენის დროს, პარტია გახარია-საქართველოსთვის დეპუტატს, ვიკა ფილფანს უთხრა, რომ ის "ავადმყოფურ ტყუილებს ტირაჟირებს".
"უბრალოდ განცვიფრებული ვარ, როგორ შეგიძლიათ სრულიად უტიფრად, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის რაღაც საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე ამ თემის [დიუშენით დაავადებული ბავშვები] რაღაცნაირად მიწებება და ა.შ. - სრულიად არანორმალური და ავადმყოფური ტყუილები, ავადმყოფური გამონაგონები, რომელსაც თქვენ ტირაჟირებთ, მარტო იმიტომ, რომ ამ ტყუილითა და თითქოს ყალბი ეპატაჟურობით იქნებ სადმე პოპულარულობა მოიპოვოთ. ეს სწორი არაა და რჩევას მოგცემთ, ასეთი მეთოდებით ოპერირება დაივიწყეთ, ეს უსინდისობაა. ავადმყოფურია იმიტომ, რომ ეს ნორმალური არაა - ამ სიტყვის არასწორად ტირაჟირებას ნუ ცდილობთ. ავადმყოფური ნიშნავს იმას, რომ თქვენი ქცევა ნორმალური არ არის. დიახ, ასეთ შემთხვევაში, შეგვიძლია ასე მოვიხსენიოთ. შეურაცხყოფა არაა, რეალურად ეს კლინიკური მდგომარეობის ახსნაა. დიახ, ამას გეუბნებით". - უთხრა სარჯველაძემ ფილფანს.
ვიკა ფილფანმა მიხეილ სარჯველაძეს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის წამლის შემოტანასთან დაკავშირებით უთხრა: - "თქვენმა საპატიო თავმჯდომარემ ბიუჯეტში ნახევარი მილიარდი ლარი რომ არ გადაიხადა, ასეთი შეუვალი მაშინ რატომ არ იყავით?".
სარჯველაძის ნათქვამს ფილფანი სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა.
"ამ წუთას ჯანდაცვის მინისტრმა გასალანძღად გამოიყენა სიტყვა “ავადმყოფი”! ჯანდაცვის მინისტრმა! ამაზე მეტი რა უნდა დაემართოს ჯანდაცვის სისტემას". - დაწერა ფილფანმა facebook-ზე.
დღეს, 29 აპრილს, მიხეილ სარჯველაძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმინეს. ის დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისთვის წამლების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე გიორგი გახარიას პარტიამ დაიბარა.
რამდენიმე თვეა, დიუშენით დაავადებულების მშობლები წამლის მოთხოვნით აქციებს მართავენ. ისინი მე-8 დღეა, ივანიშვილის მთავრობის კანცელარიასთან ათენებენ. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია არ აძლევს საშუალებას, ადმინისტრაციის წინ, სკვერში დადგან კარვები ან შეიტანონ პუფები, მშობლები აპირებენ, რომ ყოველ ღამე ერთი მშობელი მაინც დარჩეს ღამის გასათევად.
- დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები 20 აპრილიდან კანცელარიასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
-
იოსელიანი დიუშენის აქციაზე: მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია (DMD) იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც კუნთების ატროფიით (განლევით) და სისუსტით გამოიხატება. ორგანიზაციის "ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას" ცნობით, საქართველოში საქართველოში დიუშენით დაავადებული 100-მდე ბავშვია რეგისტრირებული. სათანადო მედიკამენტების და მკურნალობის არარსებობის გამო საქართველოში ყოველწლიურად ამ დაავადებით 1, 2 ან 3 ბავშვი იღუპება.





